როგორ იხსნა სტალინმა საქართველო დაღუპვისგან
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.06

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი პროფესიონალი რევოლუციონერი იყო და იატაკქვეშა მოღვაწეობაში მას ბადალი არ ჰყავდა. სტალინმა ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა და უდიდესი სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „სრულიად თამამად შეიძლება, ითქვას, რომ სტალინი მმართველად იყო დაბადებული. მას ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი და ალბათ, ამიტომაც კაცობრიობის ისტორიას არ ჰყოლია მასზე ძლევამოსილი მმართველი. პირველ რიგში, სტალინი იყო აღმშენებელი და მან მოახერხა რუსეთის მიწასთან გასწორებული იმპერიის ფერფლიდან აღდგენა. და არა მარტო აღდგენა, არამედ გაზრდა, გაძლიერება და მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოდ გადაქცევა. ამ ყველაფერს კი სტალინმა მიაღწია იმ უდიდესი გამოცდილების წყალობით, რომელიც მან მიიღო ადრეული ასაკიდან... სტალინი ჯერ კიდევ პატარა სოსელო იყო და სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, როდესაც არალეგალური ორგანიზაცია დააარსა სახელწოდებით „შავლეგო“. ქართულად ეს ასე იშიფრება – შავჩოხიანთა ლეგიონი. ეს იყო საბრძოლო ორგანიზაცია. მასში გაერთიანებული იყვნენ, ფაქტობრივად, პირტიტველა ჭაბუკები, რომლებსაც სოსო ჯუღაშვილი პირადად არჩევდა. თავდაპირველად „შავლეგოში“ ოცდახუთი ახალგაზრდა იყო გაერთიანებული. ისინი სხვადასხვა გზით შოულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და თბილისის შემოგარენში არსებულ ხშირ ტყეებში ვარჯიშობდნენ სროლაში. ასევე, ეუფლებოდნენ ცივი იარაღების ხმარებას. ყოველივე ამისთვის კი მათ დაქირავებული ჰყავდათ ძველი სამხედრო მეფის არმიის ინსტრუქტორი, რომელიც თანაუგრძნობდა ბოლშევიკებს. საგულისხმო ფაქტია, რომ ინსტრუქტორთან ერთად, მთელ საწვრთნელ პროგრამას სოსო ჯუღაშვილიც ადგენდა. ასევე, ის პირადადაც გადიოდა წვრთნას. ამან კი დიდი დახმარება გაუწია სტალინს უკვე შემდგომი მოღვაწეობის დროს. კერძოდ კი, იმ მრავალრიცხოვანი გადასახლებისა და კატორღების დაძლევასა და იქიდან გაქცევებში. „შავლეგოსთან“ დაკავშირებით ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ეს არალეგალური ორგანიზაცია თავდაპირველად ეროვნული ორიენტაციის იყო. სტალინის, უფრო სწორად კი, სოსო ჯუღაშვილის მიერ შედგენილ წესდებაში თეთრზე შავად ეწერა, რომ „შავლეგოს“ წევრები არიან საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მოსურნენი და მათი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობა და გათავისუფლება რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მაშინდელი სოსო ჯუღაშვილის იდეები და პროგრამა იდენტური იყო იმ იდეებისა და პროგრამისა, რასაც ახორციელებდნენ უკვე ქართველი დისიდენტები და არაფორმალები მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულსა და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. მართალია, მოგვიანებით სტალინმა უფრო ფართო ასპარეზი აირჩია – ეროვნული პლატფორმიდან ინტერნაციონალურ პლატფორმაზე გადავიდა და საქართველო საბჭოთა კავშირში გააერთიანა, მაგრამ, თავისი სამშობლო არასდროს დავიწყებია და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სხვადასხვა საშუალებით. აქედან გამომდინარე კი, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ სტალინს საქართველო არ უყვარდა. პირიქით, სტალინს არასდროს გაუწყვეტია კავშირი თავის სამშობლოსთან და მისი სიძლიერე ქართული ფესვებიდან იყო აღმოცენებული. რომ არაფერი ვთქვათ სტალინის მკვეთრად გამოხატულ ქართულ აქცენტზე, რუსულად მეტყველების დროს, სტალინის პირადი ცხოვრება, ჩვევები და გარემოცვა, მეტწილად ქართული იყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ სწორედ სტალინის წყალობით იყო ქართველი ლავრენტი ბერია სტალინის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ქვეყანაში და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ნიკიტა ხრუშჩოვს ბევრი სისულელე აქვს ჩადენილი და უფრო მეტი სისულელე – ნათქვამი. მაგრამ, არ შეიძლება, არ დაეთანხმო, მის გამონათქვამს: სტალინი რუსეთსა და რუს ხალხს საქართველოს გასაძლიერებლად და ასაღორძინებლად იყენებდაო. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა, ამ სიტყვებით ხრუშჩოვს სტალინის დადანაშაულება სურდა, მაგრამ პირიქით გამოუვიდა. რა იყო ამაში დასაძრახი, თუკი სტალინის წყალობით, საქართველოში წითელი არმია იდგა და იცავდა მას თურქეთისგან, რომელიც ოდითგანვე ილტვოდა ქართული მიწების დასაპყრობად? სტალინი ბრძენი იყო და შესანიშნავად უწყოდა, რომ მყარი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლოს მოუღებდნენ როგორც თურქები, ასევე ირანალები და გამოჩნდებოდნენ სხვებიც... ამიტომ სტალინმა აბსოლუტურად სწორი, საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თავისი სამშობლო საბჭოთა კავშირში გააწევრიანა. მართალია, სისხლი დაიღვარა, მაგრამ ეს ღირდა ამად და ასე რომ არ მომხდარიყო, დღეს საქართველო არც კი იარსებებდა და სწორედ სტალინმა იხსნა თავისი სამშობლო დაღუპვისგან...“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან