ბელადები

როგორ იხსნა სტალინმა საბჭოეთი ატომური კატასტროფისგან

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.09, 2022 წელი

საბჭოთა ბელადი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უბადლო პოლიტიკოსი იყო და მის მრავალწახნაგოვან თვისებებში გარდასახვის ხელოვნება შედიოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ჩერჩილმა სტალინს გენიალური შემსრულებელი უწოდა. ამ სიტყვებში „ბრიტანელი ლომი“ სტალინის აქტიორულ ხელოვნებას გულისხმობდა. ეს კი არც თუ ისე შორს იყო სიმართლისგან. როგორც ყველა გენიალურ შემსრულებელს, მათ შორის, სტალინსაც საუცხოოდ შეეძლო, საჭირო მომენტში ისეთი პოზის მიღება, რაც უპირატესობას მიანიჭებდა როგორც მას, ასევე იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებოდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ როდესაც პოსკრებიშევმა სტალინს იაკობის დაღუპვის ამბავი შეატყობინა (ამ დროს სტალინი სამხედრო სარდლების მოხსენებას ისმენდა კრემლში) სტალინმა შეძლო თავისი ემოციების მოთოკვა და მცირე პაუზის შემდეგ სხდომა გააგრძელა. არა და იმ წუთას მის სულსა და გულში ჯოჯოხეთი ტრიალებდა“.

სტალინის ამ თვისებას ხაზს უსვამდა ტროცკიც. ის წერდა: „სტალინი არასოდეს ეგებოდა ოპონენტის ტყუილზე. თავს ისე მოაჩვენებდა მას, თითქოს მოტყუვდა. ამით კი მას ყურადღებას მოუდუნებდა. შემდგომ კი ყველაფერს ისე წაიყვანდა, როგორც თავად სჭირდებოდა და მოტყუებულს სწორედ ოპონენტს ტოვებდა.“

თუ შეიძლება, ასე ითქვას – ერთ-ერთი დიდი სპექტაკლი სტალინმა დასავლეთსა და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუდგა. 1949 წელს, ივნისის თვის მიწურულს საბჭოთა დაზვერვამ ზესაიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა: ერთი თვის ვადაში ამერიკის შეერთებული შტატები „დრობშოთს“ აამოქმედებდა. ეს იყო გეგმა 9 საბჭოთა ქალაქის ბომბარდირების შესახებ, სხვათა შორის, ატომური ბომბი თბილისშიც უნდა ჩამოეგდოთ.

იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში უკვე სრულდებოდა ატომურ ბომბზე მუშაობა. თუმცა ის ჯერ მზად არ იყო და შეერთებული შტატები მიწასთან გაასწორებდა ქვეყანას. ეს ინფორმაცია 5 დამოუკიდებელი წყაროსგან მიიღეს და ყველა სრულიად სანდო იყო. ამ საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ არ მოგვარდებოდა და კატასტროფა გარდაუვალი იყო. სტალინი ძალიან დაიძაბა და საბოლოო გამოსავალიც სწორედ მან მოძებნა.

თავის ბოლო ინტერვიუში ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მდგომარეობა ზეკრიტიკული იყო. იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე ჰიტლერის შემოჭრის პირველ თვეებში.

30 ივნისს სტალინმა მე და ბერია კაბინეტში დაგვიბარა და ბერიას უთხრა:

– მაქსიმუმ, როდის გვექნება ბომბი?

– 30 სექტემბერს არ გადასცდება, – უპასუხა ბერიამ.

– ესე იგი, დრო უნდა მოვიგოთ: უნდა გავავრცელოთ ხმები ჩემი ქმედითუუნარობის შესახებ. ვითომ მძიმედ ვარ ავად და დიდხანს ვერ გავძლებ. აი, ეს შეაჩერებს ამ კატასტროფას. ამერიკელები ჩემს მემკვიდრეს დაელოდებიან. ამასობაში ბომბსაც შევქმნით და საფრთხე განეიტრალდება, – სტალინმა ბერიას მიაპყრო მზერა და უთხრა:

– შენ ახლა ორი რამ გევალება და ორივეს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. დროზე დაამზადებინო ბომბი და მსოფლიო დაარწმუნო, რომ მე მძიმე სენი მჭირს და მაქსიმუმ, ორი თვე დამრჩა. შეძლებ ამას?

– შევძლებ, – მტკიცედ თქვა ბერიამ.

სტალინი მე მომიბრუნდა:

– შენ რას იტყვი?

– მეტი დამაჯერებლობისთვის, ზეგ რომ კონფერენცია გაიმართება, ცუდად უნდა გამოიყურებოდე და შეხვედრა დროზე ბევრად ადრე უნდა დაასრულო. შეძლებ ამას? – ვუთხარი მე.

სტალინს გაეცინა, თავი დამიკრა და დაამატა:

– კი. უსათუოდ შევძლებ.

და, მართლაც, 3 საათით განსაზღვრული პრესკონფერენცია მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა. აქოშინებული სტალინი მძიმედ, პაუზებით პასუხობდა კითხვებს. ბოლოს პოსკრებიშევი შემოვიდა და სტალინს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. სტალინმა ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა, მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდაო. შეჰპირდა, რომ მათ სამი დღის მერე შეხვდებოდა. ადგა და წავიდა. პრესკონფერენცია არც სამი დღის მერე განახლებულა და არც სამი კვირის შემდეგ. მსოფლიო პრესა კი წერდა: სტალინს ინსულტი დაემართა და მალე მოკვდებაო. ზოგიერთი გამოცემა კი მას უკვე მიცვალებულად აცხადებდა. ამერიკის მაშინდელი ელჩი ალან კირკი, რომელსაც დაავალეს სტალინს პირისპირ შეხვედროდა და მისი ჯანმრთელობა შეეფასებინა, დაჟინებით მთხოვდა, შემახვედრეო. მე კი ორჭოფულად ვპასუხობდი, ძალიან დაკავებულია-მეთქი, რაც მეტ ეჭვებს აჩენდა. სტალინის ტაქტიკამ გაამართლა. ამერიკელებმა თავდასხმა შეაჩერეს. ხოლო, როცა 29 აგვისტოს ჩვენი ბომბი გამოიცადა, ისინი ყველაფერს მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო და მეორე დღეს სტალინიც გამოჩნდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი