ბელადები

როგორ იხსნა სტალინის დიპლომატიამ მოსკოვი დაცემისგან

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 21:30 18.12, 2020 წელი

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე მსოფლიოში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს - ზოგი მას პირსისხლიან დიქტატორს უწოდებს, ზოგსაც კი ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სამართლიან მმართველად მიაჩნია. თუმცა, ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ საბჭოთა ბელადი კოლეგებს შორის პირველი იყო და თავს არავის გააბითურებინებდა... 

პუბლიცისტი ანტონ კარპატოვი წერს: არსებობს ლათინური გამოთქმა – „პრიმუს ინტერ პარეს“ (პირველი თანაბართა შორის). იოსებ სტალინი თანაბართა შორის არც პირველი და არც უპირველესი იყო, არამედ ყველა თავის კოლეგაზე, როგორც მინიმუმ, ერთი თვით მაღლა იდგა...

ტროცკი წერდა: „სტალინი ისეთი ცბიერი, ეშმაკი ადამიანი იყო, რომ თავს არავის გააბითურებინებდა. თავად კი თვით ეშმაკსაც კი მოატყუებდა. ლენინი ძალიან აფასებდა „კობას“ ამ თვისებას და ისეთ მოლაპარაკებებზე, სადაც მოტყუებისა და გაცრუების დიდი შანსი იყო, ყოველთვის მას აგზავნიდა“. ტროცკი, სტალინის დაუძინებელი მტერი, ყველაზე დიდი ცილისმწამებელი, „ეშმაკი სტალინის“ სახის ჩვენებით ცდილობდა მის დისკრედიტაციას და ვერც კი ხვდებოდა, რა დიდი რეკლამა გაუკეთა მას. თუმცა სტალინს რეკლამა არ ესაჭიროებოდა...

იოსებ სტალინმა თავისი შესაშური პოლიტიკური გამჭრიახობა და დიპლომატიური უნარი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გამოაჩინა და ამაზე არ შევჩერდები. სტალინის პოლიტიკური გენია და უშრეტი დიპლომატიური ნიჭი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო იმის დროს და მის დამთავრების შემდეგ გამოვლინდა.

სტალინმა, სწორედ, თავისი საოცარი დიპლომატიური მანევრების ხელოვნებით მოახერხა და შეაჩერა მილიტარისტული იაპონიის აგრესიის დაწყება შორეულ აღმოსავლეთში. მაშინ, როდესაც ფაშისტური დივიზიები მოსკოვს მოადგნენ და ჰიტლერი აუღებელი მოსკოვის აღებას წინასწარ ზეიმობდა, ხოლო იაპონია კი შორეულ აღმოსავლეთში შესაჭრელად ემზადებოდა, საბჭოთა ბელადმა მოსკოვში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსუკე მაცუოკა მიიღო და ისეთი საუბარი გაუმართა, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა მინისტრმა პრემიერ ტოძიოს გადააფიქრებინა საბჭოეთში შეჭრის იდეა. ამის წყალობით კი, სტალინის მითითებით, სამხედრო ხელმძღვანელობამ შორეულ აღმოსავლეთში დისლოცირებული არმიები მოსკოვთან გადმოისროლა და დედაქალაქი დაცემისგან გადაარჩინა....

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მოსკოვში, კრემლში სტალინმა მაცუოკა ჩემი თანდასწრებით მიიღო, ხუთსაათიანი საუბარი გაუმართა და ჟარგონს ვიხმარ, ისე „დაკერა“ ჩემი იაპონელი კოლეგა, რომ მათ სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, ფაქტობრივად, ჰიტლერთან მიღწეული შეთანხმება დაარღვიეს და არ დაგვარტყეს. სტალინი მაცუოკას შორეული აღმოსავლეთის, პლუს კურილიის მთელი კუნძულების გადაცემას შეჰპირდა. აი, აქ შეცდა იაპონია და სწორედ, ამან გვიხსნა მოსკოვთან“.

სტალინის ეს დიპლომატიური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ტყუილზე იყო აგებული და ტროცკისთვის (იმ პერიოდში ტროცკი უკვე მკვდარი იყო) სტალინი, რასაკვირველია, პოლიტიკური მატყუარა გამოდიოდა. მაგრამ საბჭოთა ბელადი დაუნდობელ, ვერაგ მტერს ატყუებდა და არასოდეს იკადრებდა მოკავშირეების გაცურებას. თუმცა, არც მათ გააცურებინებდა თავს და მსოფლიო ისტორიაში ეს მომენტი ძალიან მკაფიოდაა ასახული.
ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ყირიმის კონფერენციაზე ომის შემდგომი მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა, უკვე გადანაწილებული იყო. 1945 წლის მარტის მიწურულისთვის უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ფაშისტური გერმანიის კრახი ძალიან მალე დადგებოდა. ამ დროს ანგლო-ამერიკელები სეპარატულ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ფაშისტებთან შვეიცარიაში, ისინი გერმანელებს სთავაზობდნენ, რომ პირველად ანგლო-ამერიკული არმიები შეეშვათ გერმანიაში და მათ შორის ბერლინში, რათა იქ „წითლები“ არ დამკვიდრებულიყვნენ. საბჭოთა დაზვერვამ შესანიშნავად იმუშავა, ამ პროცესის შესახებ სტალინს ფოტო და აუდიომასალები მიაწოდეს. იოსებ ბესარიონოვიჩმა კი თავის კოლეგებს – ჯერ კიდევ ცოცხალ რუზველტსა და ჩერჩილს, ამ ჩანაწერებისა და ფოტოების ასლები გაუგზავნა და მისწერა: „აბსოლუტურად უტოპიურია იმაზე ფიქრიც კი, რომ ბერლინს „წითლებზე“ ადრე ნებისმიერი სხვა ძალა აიღებს. ბატონო კოლეგებო, ვფიქრობ, რომ ეს სეპარატული მოლაპარაკებები თქვენს ზურგს უკან მიმდინარეობს და გაიგებთ რა მათ შესახებ, დარწმუნებული ვარ, დაუყოვნებლივ აღვკვეთთ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას. სტალინი“. ეს დეპეშა სტალინმა მე მიკარნახა. რომ დაასრულა, გაიცინა და მითხრა: „მომინდომეს ბერლინში შეჭრა და იქ მბრძანებლობა“. ამგვარად, სტალინმა სწრაფად მოახერხა ამ სეპარატული მოლაპარაკებების ჩაშლა, თანაც, თავის ანგლო-ამერიკელ კოლეგებს ძალიან დელიკატური დიპლომატიური სვლა გაუკეთა, რომლის საპირწონე პასუხი მათ ვერ გასცეს.“
ერთი სიტყვით, საბჭოთა ბელადი ყოველთვის ისე მოქმედებდა, როგორც ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა. სტალინი მტრებთან მიმართებაში ყველანაირ სვლას აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ ისინი მის წინააღმდეგ ბევრად უფრო ვერაგულად მოიქცეოდნენ, თუკი საამისოდ გონება, ეშმაკობა და ძალა ეყოფოდათ. თუმცა სტალინს მაინც ვერ აჯობებდნენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი