როგორ იხსნა ლავრენტი ბერიამ ნიუ-იორკი დაბომბვისგან
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 27.07

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას ამერიკელები სტალინის შემდეგ თავიანთ ნომერ პირველ მტრად მიიჩნევდნენ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა დიდ უბედურებას გადაარჩინა საბჭოთა უშიშროების შეფმა მათი ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პავლე გილელსი წერს: „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ რაკეტის წინამორბედით, რომლითაც ამერიკელები მთვარეზე დასხდნენ, გერმანელები ნიუ-იორკის დაბომბვას აპირებდნენ, რასაც ლავრენტი ბერიამ შეუშალა ხელი...“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ პენემიუნდეზე გერმანელ ფაშისტებს ზესაიდუმლო სამხედრო ობიექტი ჰქონდათ, რომელსაც განსაკუთრებულად იცავდნენ. ეს იყო ღრმა მიწისქვეშეთში განლაგებული სარაკეტო ქარხანა, სადაც ბალისტიკურ რაკეტებს – „ფაუ 1-ს“ და „ფაუ 2-ს“ ამზადებდნენ. ამ პროცესს კი „ესესის“ გენერალი, ინჟინერი ვერნერ ფონ ბრაუნი ხელმძღვანელობდა. ომის შემდგომ ფონ ბრაუნი ამერიკელებმა შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს. მას მოქალაქეობა მისცეს, „ნასაში“ დააწყებინეს მუშაობა და ამერიკულ კოსმოსურ პროგრამას ჩაუყენეს სათავეში. შემდგომ ფონ ბრაუნი შეერთებული შტატების „კოსმოსის მამად“ შეირაცხა... 1945 წლის დასაწყისში, როდესაც უკვე აშკარა იყო, საბჭოთა ჯარები კუნძულს აიღებდნენ, პენემიუნდედან ფონ ბრაუნისა და მისი პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, რა თქმა უნდა, რაკეტებითურთ. მიწისქვეშა ქარხანაში მომუშავე 2 ათასი ტყვე კი უმოწყალოდ დახვრიტეს, რათა მათ ფაშისტების საიდუმლო არ გაემჟღავნებინათ, რასაც ჰიტლერი საგულდაგულოდ მალავდა...“
საქმე კი ის იყო, რომ ადოლფ ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას აპირებდა. ამას კი შეერთებული შტატების ომიდან გამოთიშვის გზით ცდილობდა. ჰიტლერის აზრით, თუკი შეერთებული შტატები ომიდან გავიდოდა, გერმანია საბჭოეთს დაამარცხებდა, რაც რა თქმა უნდა, აბსურდი იყო და ფიურერი ხავსს ეჭიდებოდა. შტატების ომიდან გამოთიშვას კი ჰიტლერი ნიუ-იორკის დაბომბვით აპირებდა. ფიურერი დარწმუნებული იყო, რომ ეს აქცია შოკში ჩააგდებდა ამერიკელებს და ისინი ომიდან გამოვიდოდნენ. ნიუ-იორკის დაბომბვას კი ჰიტლერი ვერნერ ფონ ბრაუნის „ფაუ 2-ით“ გეგმავდა, რომელსაც ოკეანეზე გადაფრენა და ნიუ-იორკამდე მიღწევა შეეძლო. ფაშისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი ვალტერ შელენბერგი თავის მემუარებში წერს: „ჰიტლერმა რომ შეიტყო, ფონ ბრაუნის რაკეტებს ჰიბრალტარის სრუტიდან ნიუ-იორკამდე შეეძლოთ მიღწევა, მაშინვე ბრძანა შესაბამისი ოპერაციის ჩატარება და შეერთებული შტატების ამ უდიდესი ქალაქის დაბომბვა. ფიურერმა რაიხსფიურერი ჰენრიხ ჰიმლერი და ვერნერ ფონ ბრაუნი თავის ბუნკერში დაიბარა და ნიუ-იორკის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტის სასწრაფოდ გაშვება დაავალა.
ფიურერმა იქვე დაავალა ჰიმლერს, ფონ ბრაუნს დახმარებოდა და ნიუ-იორკში რადიოსიგნალები დაგვეყენებინა, რომლებიც რაკეტებს მიმართულებას მისცემდნენ. ამგვარად, ჩემი მეთაურობით შემუშავდა ოპერაცია და ჩვენი ორი აგენტი ერთმანეთთან დამოუკიდებლად გავგზავნეთ ნიუ-იორკში, რათა მათ ამ ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაზე, 101-სართულიან „ემპაირ სტეიტ ბილდინგზე“ რადიოსასიგნალო მოწყობილობა დაეყენებინათ და ქალაქი დაბომბილიყო. თუმცა, ჩვენი ორივე აგენტი ჩავარდა და ჰიბრალტარის სრუტეში კი ჩვენი ორი რაკეტის განადგურება ძლივს მოვასწარით, რათა მათ მოწინააღმდეგე არ დაპატრონებოდა...“
ფაშისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფის მემუარები, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ მაშინ დაიბეჭდა, როდესაც ლავრენტი ბერია ცოცხალი იყო. ვალტერ შელენბერგი ყველაფერს სწორად ასახავს და არ ამხელს მხოლოდ იმას, რომ 1945 წლის დასაწყისისთვის ის ლავრენტი ბერიას აგენტი იყო და ნიუ-იორკის მომავალი დაბომბვის ამბავი ბერიას სწორედ მისი უწყებიდან აცნობეს. ბერიამ კი ეს სტალინს გაუზიარა და ბელადის თანხმობა მიიღო, რომ ამ აქციის შესახებ ამერიკელებისთვის ეცნობებინა, რითაც შტატები დიდი უბედურებისგან იხსნა. როგორც ჰიტლერი ვარაუდობდა, ნიუ-იორკის დაბომბვას 12-15 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირებოდა... გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ბერიას ბრძანებით, სასწრაფოდ შევკრიბეთ ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ჰიბრალტარის სრუტეში განახორციელებდა ფაშისტების მიერ დამონტაჟებული „ფაუს“ გასაშვები მოედნებისა და თვით რაკეტების ხელში ჩაგდებას. თუმცა, ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან ფაშისტებს თვითგანადგურების რეჟიმი ჰქონდათ დაყენებული. როდესაც ჩვენი ჯგუფი იქ შეიჭრა, გერმანელებმა მისი ჩართვა მოასწრეს და რაკეტები განადგურდა. ხოლო როდესაც „ეფბიაის“ ფაშისტი ჯაშუშების ვინაობა შევატყობინეთ, მათ, მართალია, ისინი დაიჭირეს, მაგრამ ჩვენდამი მადლიერება არ გამოუხატავთ და ისე მოგვაჩვენეს თავი, რომ თითქოს ყველაფერი თავად გააკეთეს. არადა, რომ არა ბერიას ბრძანება, ნიუ-იორკი დაიბომბებოდა და იქ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპებოდა...“
ალბათ, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ ბინ ლადენამდე 56 წლით ადრე იყო დაგეგმილი ნიუ-იორკზე სარაკეტო შეტევა და რომ არა ლავრენტი ბერიას სტრატეგიული დაზვერვა და საბჭოეთის უმაღლეს ხელისუფალთა კეთილი ნება, შეერთებულ შტატებში „11 სექტემბერი“ ბევრად უფრო ადრე და უფრო მტკივნეულად მოხდებოდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან