ბელადები

როგორ იხსნა ბერიამ მოსკოვი დაცემისგან

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.06

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო და სწორედ მან შეიტანა ლომის წილი ამ ქვეყნის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში. ბერიას უდიდესი დამსახურებაა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაც.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ომის პირველი თვეების კატასტროფის შესახებ ბევრი სხვადასხვა წყარო გადმოგვცემს, მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თავად მოსკოვში იმ დროს, როდესაც ფაშისტები მის კარიბჭეს მიადგნენ. 1941 წლის 14 ოქტომბერს კრემლში პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა. სტალინმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო ევაკუაცია და ხელქვეითებს მოუწოდა, მეორე დღეს კუიბიშევში გამგზავრებულიყვნენ, ბოლოს კი დაამატა, ყველანი რომ წახვალთ და დაბინავდებით, მეორე დღეს მეც ჩამოვალო. ბერიასა და სტალინის გარდა, მთელი მთავრობა კუიბიშევში გაიხიზნა. ყველაფერი მზად იყო ბელადის გასამგზავრებლად და ბერიამ ამის შესახებ მოახსენა კიდეც სტალინს. თუმცა, ბელადმა გადაიფიქრა და მოსკოვში დარჩა. დედაქალაქში იყო დარჩენილი „ენკავედეს“ მთელი აპარატიც. ხოლო 2 ათასი ოპერატიული თანამშრომელი არალეგალურ მდგომარეობაზე იყვნენ გადაყვანილი. მათი ამოცანა იყო, ფაშისტებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობა, თუკი ისინი საბჭოთა კავშირის დედაქალაქს აიღებდნენ.

ცნობამ იმის შესახებ, რომ საბჭოთა მთავრობა კუიბიშევში გაიქცა, უბრალო ადამიანებამდე მიაღწია და მოსკოვი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოსავლეთისკენ დაიძრა, ისინი ოჯახებით ტოვებდნენ საბჭოთა კავშირის დედაქალაქს. მეტიც, პარტიული თანამდებობის პირებიც „პაბეგში“ წავიდნენ. მათ თან მიჰქონდათ მთელი თავიანთი ქონება, ანტიკვარიატი, ძვირფასეულობა და ფული. რომ იტყვიან, ერთმანეთს გაქცევაში ასწრებდნენ. ამ საშინელებას, ისიც დაემატა, რომ ანტისაბჭოურად განწყობილი ადამიანები მოსკოვის ქუჩებში გამოვიდნენ. დაიწყო ფაშისტური აგიტაცია. მათ მარქსისტულ-კომუნისტური წიგნების აუტოდაფე მოაწყვეს, ისინი წვავდნენ მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის ნაშრომებს. მოსკოვის ქუჩებში უზარმაზარი კოცონები გიზგიზებდა. წვავდნენ, ასევე, კომუნისტური ბელადების პორტრეტებსაც. ყველაფერ ამასთან ერთად, მოქალაქეთა ჯგუფები ძარცვავდნენ სურსათის მაღაზიებს, საწყობებს, ბინებს და პროდუქტებს იტაცებდნენ. მილიცია უძლური იყო, ზოგიერთი მათგანი კი პირადადაც მონაწილეობდა ამ საქმეში. 1941 წლის 15-16-17 ოქტომბერი სამარცხვინო თარიღია საბჭოთა კავშირის ისტორიაში“.

იაკობ კედმი: „მოსკოვში დარჩენილი ბერია კარგად იყო ინფორმირებული ყოველივე ამის შესახებ და ჩქარობდა, სტალინისთვის მოეხსენებინა, თუნდაც, ის, რომ მოსკოვის ქუჩებში დანთებულ კოცონებზე მის პორტრეტებს წვავდნენ. ბერიამ სამხედრო დროისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და მისდამი დაქვემდებარებულ შეიარაღებულ ქვედანაყოფებს კატეგორიულად უბრძანა, ადგილზე დაეხვრიტათ ყველა მესაბოტაჟე, პანიკიორი და მოროდიორი. დათოვლილ, გაყინულ მოსკოვს ჯგუფურად მოედვნენ შეიარაღებული რაზმები და დაიწყო „ბრძანების ჩარჩოში“ მოხვედრილი ყველა ადამიანის ლიკვიდაცია. სამი დღის განმავლობაში, ბერიას ბრძანებით, მოსკოვში 55 ათასი ადამიანი დახვრიტეს. მოკლულების ცხედრები სატვირთო ავტომობილებით ქალაქგარეთ გაჰქონდათ და იქ უზარმაზარ ორმოში ყრიდნენ, რომელიც სამხედრო ინჟინრებმა აფეთქებით ამოთხარეს. ბერიას მიერ ჩატარებულმა ამ ღონისძიებამ მოსკოვში სიტუაცია დაასტაბილურა. ქალაქიც უცებ გაწმინდეს დამწვარი სურათებისა და წიგნების ნარჩენებისა და ნაცრისგან და იმავე ორმოში ჩაყარეს, სადაც ლიკვიდირებულები დამარხეს. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, ბერიასვე ბრძანებით, დაიწყო ტოტალური ნადირობა პარტიულ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც იმის მაგივრად, რომ თავიანთ სამუშაო კაბინეტებში ყოფილიყვნენ და მოვალეობა შეესრულებინათ მოსკოვიდან თავიანთი ქონებით გაიქცნენ. ასეთი 500-ზე მეტი აღმოჩნდა და ყველა დახვრიტეს, ისინიც – ბერიას ბრძანებით. რა თქმა უნდა, უმკაცრესი, უსასტიკესი ქმედება იყო, მაგრამ სამართლიანი. მით უმეტეს, საომარი მოქმედებების დროს და ბერიას გამტყუნება ამაში არასწორია. რომ არა ბერიას ასეთი პრინციპულობა და სისასტიკე, მოხდებოდა გამოუსწორებელი კატასტროფა და არა მარტო მოსკოვი დაეცემოდა, არამედ ომში საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „როდესაც მოსკოვში ასეთი საშინელი სიტუაცია შეიქმნა, მე და ჩემი ხელქვეითები უკვე არალეგალურ მდგომარეობაში გადაგვიყვანეს და საჭიროების შემთხვევაში მზად ვიყავით, ჯოჯოხეთი მოგვეწყო დედაქალაქში შემოსული მტრისთვის. საბედნიეროდ, ასეთი საჭიროება არ დამდგარა და ამაში ლომის წილი სწორედ ლავრენტი ბერიას მიუძღვის. სამართლიანი იქნება, ითქვას, რომ ოქტომბრის იმ კრიზისულ დღეებში ბერია იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვისზეც მაშინ მოსკოვისა და მთელი ომის ბედი იყო დამოკიდებული. ბერიამაც თავისი სიმტკიცისა და გონიერების წყალობით, წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას – იხსნა მოსკოვი და ამით ფუნდამენტი ჩაუყარა ჩვენს მომავალ გამარჯვებას“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა