როგორ იყენებდა სტალინი საბჭოთა მწერლებს თავისი მიზნებისთვის
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.12, 2023 წელი

იოსებ სტალინი გენიალური კომბინატორი იყო, ამ ცნების მრავალმხრივი გაგებით და თავისი პოლიტიკური მიზნების კომუფლირება მასზე უკეთესად არავის შეეძლო.
არსენ მარტიროსიანი: „სტალინმა მშვენივრად იცოდა, რომ მომავალში საბჭოთა კავშირის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ამერიკის შეერთებული შტატები იქნებოდა. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ შეუსწავლელი ქვეყანა იყო, არადა, სტალინს სხვებზე უკეთ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ აუცილებელი იყო ამ სახელმწიფოს არა მარტო შესწავლა, არამედ იქ ფართო და მრავალმხრივი ქსელის გაბმა. „ჩეკა“ თავისი კუთხით ახორციელებდა ასეთ საქმიანობას, მაგრამ ეს არ კმაროდა. ამიტომ, სტალინმა მახვილგონივრული გადაწყვეტილება მიიღო და შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული, საზოგადოებრივ-კულტურული მისიით გაგზავნა ცნობილი და საქვეყნოდ აღიარებული რომანების, „თორმეტი სკამისა“ და „ოქროს კერპის“, ავტორები – ილია ილფი და ევგენი პეტროვი. ამერიკაში მათ მრავალთვიანი ვოიაჟი განახორციელეს. ყველა შტატი მოიარეს და სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაწერეს წიგნი, სახელწოდებით – „ერთსართულიანი ამერიკა“. ამ მოგზაურობის ოფიციალური მიზანი იყო საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საზოგადოებრივ-კულტურული ურთიერთობების დამყარება, რაც ამ ადამიანებმა შესანიშნავად შეასრულეს. მთავარი, დაფარული მიზანი კი სადაზვერვო საქმიანობა იყო, რასაც ცნობილმა მწერლებმა კიდევ უფრო მეტი წარმატებით გაართვეს თავი.“.
სტალინის უშუალო ძალისხმევით, ილფსა და პეტროვს ლიტერატურული მოღვაწეობისთვის სტალინური პრემია გადაეცათ. რა თქმა უნდა, ამ ორ გენიოსს ლიტერატურული პრემია ეკუთვნოდათ და დამსახურებულადაც მიიღეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მწერლებმა სტალინს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატის სამხედრო-სტრუქტურული აღწერილობა ჩამოუტანეს. ასევე, დეტალურად აღწერეს თითოეული შტატის მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა. და, რაც მთავარი იყო, ახლო ურთიერთობები დაამყარეს ავტორიტეტულ, გავლენიან პიროვნებებთან და რამდენიმე მათგანი გადაიბირეს კიდეც. აქედან გამომდინარე, საბჭოთა ბელადი უაღრესად კმაყოფილი დარჩა და მწერლების მიერ შესრულებული სამუშაო შემდგომში დიდი წარმატებით გამოიყენა საბჭოთა დაზვერვამ.
იაკობ კედმი: „შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სტალინი ამ სფეროში ნოვატორი იყო. მომავალში უკვე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც ფართოდ იყენებდნენ ამ ხერხს სადაზვერვო საქმიანობაში, ზოგჯერ დივერსიასაც ახორციელებდნენ და დღემდე ასეა. ილფისა და პეტროვის გარდა, საბჭოთა ბელადი ფართოდ იყენებდა ისეთი კორიფეების მომსახურებას, როგორებიც იყვნენ – გორკი, მაიაკოვსკი, ტოლსტოი, შოლოხოვი და სხვები. ტყუილად როდი თქვა ხრუშჩოვმა მეოცე ყრილობაზე: სტალინმა ჩვენი სახელოვანი მწერლები „ჩეკისტებად“ გადააქციაო. ერთი შეხედვით, მწერლობისა და „ჩეკისტობის“ ასეთი შეთავსება, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც ეთიკური არაა. მაგრამ სტალინის ასეთი საქციელი იმით იყო გამოწვეული, რომ ახლად შექმნილ საბჭოთა სახელმწიფოს ირგვლივ მტრები ეხვია და სტალინი ყველანაირად ცდილობდა თავის დაცვასა და ქვეყნის აღორძინებას, რაც საბჭოთა ბელადს შესანიშნავად გამოუვიდა. სხვათა შორის, დიდი მაქსიმ გორკის სიტყვებია: ჩვენ, ყველანი, „ჩეკისტები“ ვართ და ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართო. ეს ფრაზა გორკიმ ლენინთან საუბარში თქვა და შემდგომ ეს ციტატა მემატიანემ ლენინს მიაწერა. სტალინმა კი მას ხორცი შეასხა და პრაქტიკულად განახორციელა.“
სტალინს ციტატებისა და ბრძნული გამონათქვამების გაცოცხლების უნიკალური უნარი ჰქონდა. ბელადის ამ თვისებას ჩერჩილმაც გაუსვა ხაზი თავის მემუარებში, სადაც ვკითხულობთ: „სტალინმა, თავისსავე ფრაზებს – ყველაფერს კადრები წყვეტენო, უდიდესი სასიცოცხლო ძალა მისცა და ისეთი ინერციით გაიჭრა წინ, რომ დაქცეული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა, ააშენა, მოიგო საშინელი ომი და გადაუჭრელი ამოცანები გადაჭრა, რაც მხოლოდ მას შეეძლო.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან