ბელადები

როგორ იყენებდა ბერია უშიშროების შირმას სხვა საქმეებში

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 09.01, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას მოხერხებულობასა და ეშმაკობაზე დღემდე ლეგენდები დადის. მართალია, მათი გარკვეული ნაწილი გადაჭარბებულია, მაგრამ უმეტესი სიმართლეს წარმოადგენს, რისი წყალობითაც მან არაერთი სიკეთე მოუტანა თავის სამშობლოს

სერგო ბერია: „ისე არ მინდა, გამომივიდეს, რომ თითქოს მამაჩემს გადაჭარბებულად ვაქებ. უბრალოდ, სიმართლეს ვლაპარაკობ და ფაქტების კონსტატაციას ვახდენ. 1929 წელს თბილისში სულ რამდენიმე ტელეფონი ფუნქციონირებდა და ისინი პარტიულ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ, რა თქმა უნდა, სამსახურებრივი საჭიროებისთვის, ძირითადად კი, მოსკოვთან დასაკავშირებლად. ერთი სიტყვით, არ არსებობდა ავტონომიური სატელეფონო ქსელი („ატეესს“ რომ ვუწოდებთ). მართალია, იმ წელს მამა ჯერ კიდევ არ იყო რესპუბლიკის მმართველი და მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი ეკავა, მაგრამ უკვე ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული თავისი სამშობლოსთვის და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას აპირებდა (მომავალში გააკეთა კიდეც). მამაჩემი, ახლა რომ იტყვიან, პრაგმატული კაცი იყო. წინ იხედებოდა და ქვეყნის განვითარების (ამ შემთხვევაში საქართველოს ვგულისხმობ) ნათელი გეგმა ჰქონდა. ერთ-ერთი მიმართულება იყო კავშირგაბმულობა. კონკრეტულად კი სატელეფონო კავშირი და მიაღწია კიდეც ამას. 1929 წელს თბილისში უკვე მოსახლეობას უდგამდნენ ტელეფონებს. 1935 წელს კი ექსპლუატაციაში შევიდა 10 000-აბონენტიანი ავტომატური სატელეფონო სადგური. ეს მოსკოვისა და ლენინგრადის შემდეგ მესამე მაჩვენებელი იყო.“

თავის მონათხრობში სერგო ბერიას ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი აქვს გამოტოვებული, ის, თუ როგორ მოახერხა ბერიამ ამის მიღწევა. ბერია, როგორც საქართველოს „ოგეპეუს“ ხელმძღვანელი, მოსკოვში ჩავიდა და თავის უშუალო უფროსს, საკავშირო „ოგეპეუს“ ხელმძღვანელს, ვიაჩესლავ მენჟინსკის შეხვდა. ბერიამ მას უთხრა, რომ ბობოქარ კავკასიაში, რომლის ცენტრად ყოველთვის თბილისი მოიაზრებოდა, იმ პერიოდში უფრო მკაცრი კონტროლის აუცილებლობა იდგა. საამისოდ კი საჭირო იყო მოსმენები და ამის განსახორციელებლად კი – სატელეფონო ქსელის შექმნა. ერთი სიტყვით, ყოვლისშემძლე „ოგეპეუმ“ („ჩეკა“) თბილისში მძლავრი სატელეფონო ქსელი შექმნა და 1935 წელს უკვე 10 000 რიგით თბილისელს (ხაზგასმულია რიგითი თბილისელი) ჰქონდა სატელეფონო კავშირი, პერსონალური ტელეფონი და ეს ცივილიზაციის კიდევ ერთი ატრიბუტი იყო. შედარებისთვის: 1960 წელს თბილისში სულ რაღაც 30 ათასი აბონენტი იყო და 1935 წლის მესამე მაჩვენებლიდან საქართველოს დედაქალაქი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბოლო ადგილზე გადავიდა. ასეთი სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ქართველების ხრუშჩოვისეული დისკრიმინაციული პოლიტიკის ნაწილი იყო და ეს ყველაფერზე ნათლად შეიგრძნობოდა. 1978 წელს დიდ ბრიტანეთში გაქცეული საბჭოთა მზვერავი ვიქტორ სუვოროვი წერს: „ლავრენტი ბერია უნიკალური შესაძლებლობების ადამიანი იყო. მას შეეძლო, ისე ემოქმედა, რომ რამდენიმე კურდღელი ერთდროულად დაეჭირა და საქმე არ დაეზარალებინა და პირიქით. ლავრენტი პავლოვიჩი ყველაფერს, ძირითადად, უშიშროების ეგიდით ახორციელებდა. ამ ორგანოს კი საბჭოთა კავშირში ვერავინ უდგებოდა წინ და რომ იტყვიან, ყველგან გზა ხსნილი ჰქონდა. უშიშროების ეგიდით აშენებდა ბერია შესანიშნავ საცხოვრებელ სახლებს და მათში ფეხბურთელებს, არტისტებს, მეცნიერებსა და რიგით ადამიანებს ასახლებდა, რა თქმა უნდა, უშიშროების თანამშრომლებთან ერთად. ამ ეშმაკობით, ბერია ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. ასე აშენდა თბილისის ულამაზესი „დინამოს“ სტადიონი, მშვენიერი საცხოვრებელი სახლები, კულტურის სასახლეები. გარდა ამისა, ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა ბავშვებსა და სხვადასხვა დარგის მშრომელებს გადაეცათ. მარტო ის რად ღირს, რომ მეფისნაცვლის ისტორიული შენობა ბავშვებს პიონერთა სასახლისთვის გამოეყოთ, რომლის კედლებშიც უამრავი ცნობილი და სასახელო ადამიანი აღიზარდა. რომ იტყოდნენ, ესა თუ ის (ნებისმიერი რამ) უშიშროების კურატორობის ქვეშააო, იმას ხელს ვერავინ ახლებდა, რადგან ბერიას წყალობით, საბჭოეთში უშიშროების კულტი იყო და მას ვერავინ შეეხებოდა“.

დემოკრატიულ ქვეყნებში უშიშროებისა თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების ასეთი აშკარა კერპად ქცევა, მით უმეტეს, სხვადასხვა საქმეების კეთება (თუნდაც კეთილი საქმეების) ყოვლად წარმოუდგენელია. მაგრამ საბჭოეთში სწორედ ასე იყო. ხშირად (იგულისხმება მხოლოდ ბერიას მიერ გაკეთებული საქმეები) სიკეთის კეთებას ყოვლისშემძლე სტრუქტურის შრომა სჭირდებოდა. ყოვლისშემძლე კი უშიშროება ბერიამ გახადა და უკვე ბერიას მკვლელობის მერე ათმაგად გამონსტრებული „კაგებეს“ მიერ ჩადენილი ბინძური საქმეებიც ბერიას დააბრალეს, რაც, რბილად რომ ითქვას, კომიკურია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი