ბელადები

როგორ გაზარდა სტალინმა ნავთობწარმოება ბაქოში

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.11

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მსოფლიო პიროვნებაა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ისტორიაში და მის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ არაერთი „ძლიერი ამა ქვეყნისანი“ მოდრიკა...

პროფესორი როი მედვედევი: „იოსებ სტალინის მეხოტბეობას ვერავინ დამაბრალებს და ორთოდოქსი სტალინისტებისგან იმით განვსხვავდები, რომ ამ ადამიანს, შეძლებისდაგვარად, ობიექტურად ვაფასებ. თუმცა სტალინისტებს იმაში ვეთანხმები, რომ მათი „კუმირი“ მტკიცე, შეურიგებელი იდეური ადამიანი იყო და ზოგიერთებივით ქედს არ იხრიდა „ოქროს კერპების“, „მეფეების“ წინაშე, ვისაც მავანნი მსოფლიო მმართველებად მოიხსენიებენ და გლობალური მთავრობის მესვეურებს უწოდებდნენ. ერთ-ერთი მათგანის აღიარებით, მხოლოდ სტალინმა შეძლო მათი გამოყენება და თანაც არაერთხელ...“

ისეთი ცნობილი ანტისტალინელი, დისიდენტი ისტორიკოსიც კი, როგორიც როი მედვედევია, ვერ ფარავს სტალინისადმი პატივისცემას. თუმცა ამას არ ამბობს, რომ „მსოფლიო მთავრობის“ ის წევრი, ვინც სტალინმა არ მოუხარა ქედი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად დევიდ როკფელერია...

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „დიდმა სამამულო ომმა“ „წითელი არმიის“ შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. გაათმაგდა სამხედრო მრეწველობა და რადგან ძალიან დიდი რაოდენობით ვაწარმოებდით სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანებს, საჭირო იყო მათი საწვავით მომარაგებაც. ნავთობწარმოება კი, ძირითადად, ბაქოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილში იყო განვითარებული. მართალია, ომის დაწყებასთან ერთად გაორმაგდა ნავთობწარმოებაც, მაგრამ ეს გაზრდილ სამხედრო მოთხოვნებს არ ჰყოფნიდა. ბაქოში საჭიროზე მეტი ნავთობპროდუქტი იყო მიწაში, თუმცა პრობლემა მათი ამოღება იყო, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებდით. არ გვყოფნიდა ტექნოლოგიური სიმძლავრეები. ახლის შესაქმნელად კი დრო არ გვქონდა. ამიტომ, სტალინი უპრეცედენტო ღონისძიებებზე წავიდა და გადაწყვიტა, ბაქოში კერძო ამერიკული კაპიტალი ჩამოეყვანა...“

სტალინის გადაწყვეტილებები მანამდე იყო უპრეცედენტო, სანამ თავად სტალინი არ შექმნიდა ხოლმე ამის პრეცედენტს... იოსებ სტალინს კი არაერთი პრეცედენტი შეუქმნია და კერძო ამერიკული კაპიტალის მოზიდვაც ამ რიგს მიეკუთვნებოდა. ამგვარად, 1941 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ფაშისტები მოსკოვის მისადგომებთან გააჩერეს, სტალინმა შეერთებულ შტატებში ანასტას მიქოიანი გაგზავნა. მას უმსხვილესი ნავთობკომპანია „სტანდარდ ოილის“ მეპატრონე, სულ რაღაც 26 წლის დევიდ როკფელერი უნდა დაეყაბულებინა, რომ კომპანიის ნავთობწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი ბაქოში გადმოეტანა, დაერწმუნებინა, რომ ეს მისთვის სარფიანი შეთავაზება იყო. ერთი მხრივ, ეს მართლაც ძალიან მიმზიდველი წინადადება იყო, მეორე მხრივ კი, უკიდურესად სარისკო. სარისკო იმიტომ, რომ ფაშისტები კავკასიას იყვნენ მომდგარნი. გებელსის პროპაგანდა ყოველწამიერად გაჰკიოდა – წუთიწუთზე კავკასიას ავიღებთო. ერთი სიტყვით, ბევრი ბიზნესმენი ამაზე არ წავიდოდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, როკფელერი ძალიან გამოცდილი და გონიერი ადამიანი იყო. თითოეულ ცენტს უფრთხილდებოდა და მიქოიანს უთხრა: ჩემს პასუხს პირადად სტალინს შევატყობინებ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას პირისპირ შევხვდებიო.

სერგო ბერია: „ეს ისტორია მამაჩემისგან ვიცი და მისი სახელით, პირველ პირში მოვყვები.

სტალინმა უთენია გამომიძახა და რომ მივედი, მითხრა:

– ლავრენტი, ამ საღამოს მიქოიანი ჩამოფრინდება შტატებიდან და როკფელერი ჩამოჰყავს. მას ჩემთან შეხვედრა უნდა და სასწრაფოდ მომიმზადე მასალები როკფელერების საქმიანობის შესახებ.

ერთ საათში მოგართმევთ-მეთქი და კრემლიდან პირდაპირ ლუბიანკაზე წამოვედი. ჩვენ უტყუარი მასალები გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ აფინანსებდნენ დევიდ როკფელერის მამა ჯონ როკფელერი და მისი პარტნიორები ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას, შემდგომ კი ყველა მის ყველა საომარ მოქმედებას. მთავარი მასალა კი ის იყო, რომ თავად დევიდ როკფელერი ფარულად თანამშრომლობდა ფაშისტებთან. მესამე პირების მეშვეობით, მათ ბენზინით ამარაგებდა და გასამრჯელოდ ოქროს იღებდა.

სტალინისა და როკფელერის შეხვედრა იმ საღამოსვე შედგა...“

როგორც მოსალოდნელი იყო, სტალინმა როკფელერი დაითანხმა ბაქოში ტექნოლოგიების გადატანაზე და უთხრა: რაც თქვენს წინაპრებს რევოლუციის მერე ჩამოვართვით, იმას თქვენ გადმოგცემთ 49 წლითო.

როკფელერის ბაქოში ჩასვლამ ნავთობწარმოება გააათმაგა და საბჭოთა არმიას საწვავი არ აკლდა. როკფელერმა შეწყვიტა ფაშისტების ფარული მომარაგება და თავის საქონელს სხვა ბაზრები მოუძებნა. მთავარი პერსპექტივა კი როკფელერისთვის ის იყო, რომ მას ომის დამთავრების შემდეგ ბაქოში წარმოებული პროდუქტის 75 პროცენტი უნდა აეღო და სრული მონოპოლია მოეპოვებინა. თუმცა, 1946 წელს როკფელერს ბაქოში წარმოების უფლება ჩამოერთვა და მას თავისი ტექნოლოგიური დანადგარების მხოლოდ ნახევარი გაატანეს, დანარჩენი კი ბაქოში დარჩა.

მოგვიანებით, როკფელერი თავის მემუარებში წერდა: ცხოვრებაში არავის მოვუტყუებივარ, სტალინმა კი იმდენი მოახერხა, რომ ორჯერ გამაცურაო. ასე იყო თუ ისე, სტალინმა თავისი მიზანი შეასრულა – „წითელ არმიას“ საწვავი მისცა, რამაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...