ბელადები

როგორ გაშიფრა და ჩამოიტანა ბერიამ ფაშისტების მიერ გადამალული საგანძური და საიდუმლო სამხედრო პროექტები

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.04, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას არა ერთი ისეთი სპეცოპერაცია აქვს განხორციელებული, რომელმაც უდიდესი მატერიალურ-ტექნიკური სარგებელი მოუტანა საბჭოთა კავშირს. ერთ-ერთი მათგანია ფაშისტების მიერ გადამალული სიმდიდრისა და მათი სამხედრო პროექტების დაუფლება და საბჭოთა კავშირში ფარულად ჩატანა.

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი): „ამ დიდ და საშინელ ომში გასამარჯვებლად თავს არ ვზოგავდით და გავიმარჯვეთ კიდეც. მაგრამ არც გამარჯვების მერე მოვდუნებულვართ. სხვა მიზნებთან ერთად დაგვისახეს, რომ მოგვეძიებინა და დაგვეპატიმრებინა (უკიდურეს შემთხვევაში გაგვენადგურებინა) სამხედრო დამნაშავეები, ფაშისტი მაღალჩინოსნები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბი საბუთებით იყვნენ გაფანტულები და იმალებოდნენ. ჩვენ არაერთი ასეთი ადამიანი აღმოვაჩინეთ და საკადრისი მივუზღეთ. ერთი სიტყვით, ჩვენი განტოტვილი აგენტურული ქსელი კიდევ უფრო გავაფართოეთ და საქმეს წარმატებით ვუძღვებოდით. 1947 წელს ჩვენ ხელში ჩაგვივარდა მუსოლინის გვარდიის ერთ-ერთი ძალიან ავტორიტეტული წევრი პაოლო ანასტაზი. ის მხოლოდ და მხოლოდ მაიორის წოდებას ატარებდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო. 40 წლის ანასტაზი, სახენაიარევი კაცის – ოტო სკორცენის (ჰიტლერის უსაყვარლესი დივერსანტი) მარჯვენა ხელი იყო იტალიაში და ძალიან ბევრი რამ იცოდა. ანასტაზი ჩვენმა უწყებამ ბულგარეთში აიყვანა ჩვენი აგენტი ქალის (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) წყალობით. როცა მისი პიროვნება დავადგინეთ და მოსკოვში ჩამოვიყვანეთ, ვუთხარით, რომ ვხვრეტდით. ანასტაზიმ კი ბერიასთან შეხვედრა გვთხოვა. შევახვედრეთ. ბერიას კი მან (ანასტაზიმ) უთხრა, რომ სიცოცხლის სანაცვლოდ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აუწყებდა. ბერია სიტყვის კაცი იყო და ეს ყველამ იცოდა (საუბარია საბჭოთა სპეცსამსახურებზე) და როდესაც ბერიამ ანასტაზის სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდა, იტალიელმა ბერიას, მართლაც რომ, უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები გაუზიარა. ანასტაზის ინფორმაციით, ომის ბოლო თვეებში, როდესაც გერმანელები მიხვდნენ, რომ წააგეს, მთელი თავიანთი ნაძარცვი ქონება და იმ სამხედრო პროექტების საბუთები, რომელთა განხორციელებაც ვერ მოასწრეს, ძირითადად, შვეიცარიის ალპებში ჰქონდათ გადამალული. ანასტაზის თქმით, ამ ქონების ადგილსამყოფელი კი ჰიტლერის საყვარელმა გენერალმა – ოტო სკორცენმა იცოდა. ბერიამ უთხრა, რომ სკორცენი ძებნაში გვყავდა და ვერ ვპოულობდით. მაშინ ანასტაზიმ ბერიას სკორცენის ზუსტი მისამართი დაუსახელა – მადრიდი, თავისუფალი ესპანეთის ქუჩა, სახლი ¹29. როდესაც ეს მონაცემები გადამოწმდა და დადასტურდა, რომ ანასტაზი სიმართლეს ამბობდა, იტალიელი მაიორი სამშობლოში გაუშვეს და ის ქალაქ ბოლონიაში 1971 წელს გარდაიცვალა.“

ლავრენტი ბერიას მითითებით, ოტო სკორცენის აღნიშნულ მისამართზე მიაკითხეს და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით, სახენაიარევი კაცი საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობასა და ფაშისტების მიერ გადამალული ქონებისა და სამხედრო პროექტების ადგილსამყოფლის დასახელებას დათანხმდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის საინტერესო ფაშისტების მიერ გადამალული სიმდიდრისა და სამხედრო პროექტების ადგილსამყოფელი ზუსტად ვიცოდით, მაშინვე მათი საბჭოეთში წამოღება შეუძლებელი იყო. ფაშისტების მიერ ნაძარცვი ქონება – ოქროს ზოდები, ძვირფასი ქვები შვეიცარიაში, ჟენევის ტბის მახლობლად მდებარე კლდეებში იყო გადამალული. ხოლო საიდუმლო-სამხედრო პროექტები, რომელთა განხორციელებაც ფაშისტებმა ვერ მოასწრეს, ტოპლიცზის ტბაში იყო ჩაძირული. ავსტრიიდან და შვეიცარიიდან მხოლოდ 1951 წელს, ბერიას მიერ განხორციელებული ბრძანებით, საბჭოთა კავშირში ყველა ზემოთაღნიშნული სიმდიდრე თუ სამხედრო პროექტი ჩამოიტანეს.“

ოქრომ და ძვირფასმა თვლებმა, რა თქმა უნდა, ადგილი სახელმწიფო ბანკის საცავებში დაიკავეს. ხოლო სამხედრო პროექტებმა კი საიდუმლო, დახურულ ლაბორატორიებში გადაინაცვლეს, სადაც მათი შესწავლა და პრაქტიკაში გამოსაყენებლად დამუშავება დაიწყეს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „საბჭოთა კავშირი არ აცხადებდა (ამას საბჭოთა ცენზურა კრძალავდა), რომ ფაშისტების ნაძარცვი ქონებიდან 25 მილიარდი დოლარის (1952 წლის მონაცემებით) ქონებას დაეპატრონენ. უფრო მნიშვნელოვანი კი ფაშისტების სამხედრო პროექტები იყო. 1. ღრმაწყლოვანი სკაფანდრები. 2. ღრმაწყლოვანი რეაქტიულძრავიანი წყალქვეშა ნავები. 3. ბალისტიკური რაკეტების მოდელები. 4. ზებგერითი თვითმფრინავების ელექტრონიკა... საერთო ჯამში, სამხედრო პროექტები ორჯერ უფრო მეტი ღირდა, ვიდრე ოქრო და ძვირფასეულობა და საბჭოეთმა 1952 წლისთვის ბერიას წყალობით 75-80 მილიარდის ღირებულების მონაპოვარი შეიძინა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი