როგორ გაშიფრა ბერიამ თურქული დაზვერვის ემისარი ბაქოში
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 11.01
ლავრენტი ბერია განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი იყო. ამ კაცს შეეძლო, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება და ის ასეთ უნარებს საკმაოდ ადრეული ასაკიდან იჩენდა.
პროფესორი ანდრეი პლოსკინი (ისტორიკოსი): „ჯერ კიდევ ბაქოს იატაკქვეშეთში მუშაობისას ლავრენტი ბერია საოცარ მოხერხებულობასა და გამომგონებლობას იჩენდა. როდესაც ბაქოში მომავალი აჯანყებისთვის იარაღი შეიტანეს, ბერიამ იარაღით სავსე 26 ურემი შეშით შენიღბა, გამყოლებად კი შეიარაღებული კაზაკები დაიქირავა. მიზეზი კი უბრალო იყო: ურმებს ღატაკ უბანში უნდა გაევლოთ და ღარიბ მოსახლეობას შეშა რომ არ „დაეტაცა“, შეიარაღებულ კაზაკებს უხმეს. ტვირთმა მშვიდობიანად ჩააღწია საჭირო ადგილამდე. კაზაკებმა 30 პოსტი ისე გაიარეს, რომ ურმები არავის შეუმოწმებია. აბა, ვინ გაბედავდა შეიარაღებული, ფორმიანი კაზაკების გაჩერებას და გაჩხრეკას?! მოგვიანებით კი ჯერ აზერბაიჯანის, შემდგომ კი საქართველოს „ჩეკაში“ მუშაობისას, ბერიამ სახელი გაითქვა, როგორც მახეების დაგების უბადლო სპეციალისტმა. ახალგაზრდა „ჩეკისტმა“ ბერიამ დიდი ოსტატობით ამხილა ბაქოში თურქეთის საჯაშუშო ქსელი და მათი რეზიდენტი ძალიან მახვილგონივრულად გაშიფრა. ეს ოპერაცია ამგვარად ჩატარდა: აზერბაიჯანელმა „ჩეკისტებმა“ იცოდნენ, რომ თურქეთიდან გამოგზავნილ ემისარს ადგილობრივ, კარგად კონსპირირებულ რეზიდენტთან ცენტრიდან დაშიფრული მითითებები ჩამოჰქონდა. ეს მითითებები სქელკედლებიან, ხის ინკრუსტრირებულ ყუთში იყო მოთავსებული, სრულიად ლეგალური წიგნების სახით. ემისარი დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდა და მას მხოლოდ უთვალთვალებდნენ. თუმცა ის დანაშაულს არ სჩადიოდა, რომ დაეპატიმრებინათ. ეს კაცი – ვინმე ასლან ბეი – ამ ყუთით ქალაქში გამოვიდოდა, რუსთამოვის ჩაიხანაში შეჩერდებოდა, დალევდა, შეჭამდა და გზას განაგრძობდა. შემდეგ რომელიმე საზოგადოებრივ დაწესებულებაში შეივლიდა და ცოტა ხანში კვლავ ყუთით გამოვიდოდა, მაგრამ უკვე შეცვლილი, თუმცა გარეგნულად ზუსტად ანალოგიური ყუთით. ასლან ბეის ყუთი კი დანიშნულების ადგილზე, უკვე რეზიდენტთან სხვა ემისარს მიჰქონდა. მართალია, ბერიას ხალხი გულდასმით უთვალთვალებდა ასლან ბეის, მაგრამ თურქი ემისარი მაინც ახერხებდა ყუთის შეცვლას და უკან დაბრუნებას. ბერიამ კი ასეთი რამ მოიფიქრა, როდესაც ემისარი ასლან ბეი რუსთამოვის ჩაიხანაში შევიდა, იქ „ჩეკისტებმა“ წინასწარ დაგეგმილი ჩხუბი ატეხეს და ამ არეულობის დროს ასლან ბეის ყუთში ასანთის კოლოფისხელა მოწყობილობა ოსტატურად ჩადეს. როდესაც ასლან ბეიმ მორიგი მანიპულაცია განახორციელა და უკან დაბრუნდა, ბერიას „ჩეკისტები“ მას კი აღარ დაედევნენ, არამედ მთელი ოპერატიული ჯგუფი მოლოდინის რეჟიმში გაირინდა. ერთი საათის შემდეგ კი ბაქოს ერთ მშვიდ უბანში სირენა ჩაირთო, რომლის ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. სირენა არ ჩერდებოდა. წინასწარ მომზადებული „ჩეკისტების“ ჯგუფი უმალვე იმ სახლში გაჩნდა, საიდანაც ხმა მოდიოდა და ხელში შერჩათ თურქული დაზვერვის რეზიდენტი, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი კომბინატის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა. სწორედ ბერიას მოფიქრებული იყო მექანიკური სირენის ყუთში განთავსების იდეა, რომელიც ერთ საათში უნდა ამოქმედებულიყო და ტრიუკმაც გაჭრა. ცნობილი სიტყვებია – ყველაფერი გენიალური მარტივიაო და ბერია ხშირად მისდევდა ამ პრინციპს. ლავრენტი პავლეს ძეს, თუკი ამას საქმე არ მოითხოვდა, არ უყვარდა ჩახლართული ოპერაციებისა და სქემების მოფიქრება. თუმცა ესეც შესანიშნავად შეეძლო.
საქართველოს „ჩეკაში“ გადმოყვანისა და საგანგებო-ოპერატიული განყოფილების უფროსად დანიშვნის შემდეგ ბერიას ტალანტმა ფრთები გაშალა და თანამდებობისთვის სრულიად ნორჩმა (ბერია 23 წლის იყო) ბერიამ სპეცსამსახურის სისტემაში მანამდე არნახული ინოვაციები დაამკვიდრა. ბერიას პირმშოა აგენტი-არალეგალების სკოლის გახსნა საქართველოში, რომელიც კოჯრის ტყეში ფუნქციონირებდა და უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტებს უშვებდა. ძირითადად, აგენტი-არალეგალები ქვეყნის გარეთ სამუშაოებისთვის მზადდება და მათ უცხო ქვეყნის სტრუქტურებში ნერგავენ. ბერიამ კი ეს პრინციპი ქვეყნის შიგნით გამოიყენა და ძალიან დიდი წარმატებით. საქმე ის იყო, რომ იმ პერიოდის (20-30-იან წლები) ამიერკავკასიაში არაერთი კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფი დათარეშობდა, რომლებიც მოსახლეობას ატერორებდნენ. მათი უმრავლესობა სუფთა კრიმინალური ბანდა იყო, რამდენიმეს კი ანტისაბჭოთა პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა. ბერიამ აგენტი არალეგალები ამ ბანდებში წარმატებით ჩანერგა და 37 ბანდიდან 29 სრულად აიყვანეს, გაასამართლეს და საპყრობილეებში გაამწესეს. 4 ბანდა განადგურდა და 4 კი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს... ამგვარად, 1932 წლისთვის საქართველოში ორგანიზებული დანაშაული სრულად აღიკვეთა და ეს ცალსახად ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო. შემდგომში, გახდა რა „ენკავედეს“ მინისტრი (სახალხო კომისარი), ბერიამ ეს მეთოდები მთელ საბჭოეთში გაავრცელა, რადგან ამ სტრუქტურას ევალებოდა კრიმინალთან ბრძოლაც და ბერიამ ასეთ ფართო ასპარეზზეც დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ პრობლემას. ერთი სიტყვით, სტალინს რა უბანზეც არ უნდა გადაესროლა ბერია და რა ურთულესი დავალებაც არ უნდა მიეცა მისთვის, ლავრენტი პავლეს ძე უდიდესი წარმატებით ართმევდა თავს ყველაფერს და მის მიერ გაკეთებულ საქმეებს წუნი არ მოეძებნებოდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



