ბელადები

როგორ განვითარდა საბჭოთა მედიცინა ბერიას წყალობით

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 31.12, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია პრაგმატული ადამიანი იყო. ყველაფერს პრაქტიკული სარგებლის კუთხით საზღვრავდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. და ასეთ დროს ბერია მორალის ნორმებსაც კი უგულებელყოფდა ხოლმე.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ბერია ყოველთვის ცდილობდა მორალური ნორმების დაცვას. თუმცა, თუკი ამა თუ იმ საქმეში სხვანაირად არ გამოდიოდა, ის მზად იყო, დაერღვია კიდეც ეს ნორმები. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არაერთი ნაცისტი ბოროტმოქმედი ემალებოდა მართლმსაჯულებას. ზოგიერთ მათგანს შედარებით მსუბუქი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ზოგიერთს – მძიმე. არსებობდნენ ისეთებიც, ვინც სასტიკი, არაადამიანური, ყოვლად ამორალური დანაშაულისთვის იყო ძებნილი. მათ შორის იყო იოზეფ მენგელე. ექიმი, რომელიც ცოცხალ ადამიანებზე არაადამიანურ ექსპერიმენტებს ახორციელებდა. ამის წყალობით, მენგელემ გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია მედიცინაში და თავისი მიღწევები დეტალურად ჰქონდა დოკუმენტირებული თავის ჩანაწერებში. მენგელეს დანაშაულებანი თვალნათლივ გამოჩნდა ნიურნბერგის პროცესზე. მას ისედაც ეძებდნენ. ნიურნბერგის შემდეგ კი მენგელეს ძებნა გაასმაგდა ამ მონსტრით (მენგელეთი) ჩვენი უწყებაც იყო დაინტერესებული. ბერიამ პირადად მე დამავალა მენგელეს მოძებნა და მოსკოვში ჩამოყვანა. ბერიამ მითხრა: მენგელე ბოროტმოქმედია და ავაზაკი. ის, რა თქმა უნდა, სიკვდილს იმსახურებს. თუმცა, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვინც მათ ხელში ჩაიგდებს, ძალიან დიდი პროგრესი ექნება ჯანმრთელობის დაცვაში, მედიცინაში... ბერია დარწმუნებული იყო, რომ ვისაც არ უნდა მოეხელთებინა მენგელე, მას არავითარ შემთხვევაში არ დასჯიდნენ, არამედ საიდუმლო ლაბორატორიებში გააგრძელებინებდნენ მუშაობას. მის მიღწევებს კი გამოიყენებდნენ. საბედნიეროდ, ეს კაცი ჩვენ ჩავიგდეთ ხელში. ჩვენმა არგენტინელმა რეზიდენტმა გვაცნობა, რომ მენგელე არგენტინაში იმყოფებოდა, ამიტომ, იქ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები გავგზავნეთ. მათ დავალება შესანიშნავად შეასრულეს, მენგელე თავის ჩანაწერებიანად მოიტაცეს და მოსკოვში ჩამოიყვანეს. ამის შემდეგ კონკრეტულად რას საქმიანობდა, ზუსტად არ ვიცი.“

ცნობილია, რომ მენგელე 1954 წლამდე ლუბიანკის მიწისქვეშა ლაბორატორიაში მოღვაწეობდა. გამოიყენეს, რომ იტყვიან, ლუბიანკის ბუნკერიდან ცხვირს არ აყოფინებდნენ. აგრძელებდა თუ არა ის კვლავ ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტებს, ცნობილი არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ მენგელეს ჩანაწერების დაუფლებიდან ძალიან მოკლე ხანში საბჭოთა მედიცინა და ფარმაკოლოგია კოსმოსური სიჩქარით განვითარდა. ანუ, აშკარაა, რომ მენგელეს მიღწევები გამოიყენეს. ასეთი რამ, ანუ მენგელეს მფარველობა მორალური კუთხით დაუშვებელია და წესით, ეს ადამიანი მართლმსაჯულებისთვის უნდა გადაეცათ. ბერიამ კი ეს არ გააკეთა და ის ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენა. ხოლო ბერიას სიკვდილის შემდეგ, სეროვის „კაგებეს“ შეფობისას, მენგელეს რეჟიმი შეუმსუბუქეს და ბუნკერიდან ძალოვანთა მეთვალყურეობის ქვეშ ამოუშვეს. მაგრამ, იოზეფ მენგელე 1954 წელს გაიქცა და 1979 წელს ბრაზილიაში გარდაიცვალა.

არსენ მარტიროსიანი (სომეხი ისტორიკოსი): „მორალური თვალსაზრისით, ბერიას საქციელი გაუმართლებელია. თუმცა, როდესაც საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, მორალი მეორე პლანზე იწევს ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ბერია სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებით ხელმძღვანელობდა. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ანალოგიურად მოიქცეოდნენ ნებისმიერ ქვეყანაში. ასეთი მაგალითები უხვადაა. თუნდაც ამერიკამ რამდენი ნაცისტი მეცნიერი მიიღო? თუმცა, ამ ქვეყნის კანონით ეს აკრძალული იყო. მაგალითისთვის საკმარისია, გავიხსენოთ ვერნერ ფონ ბრაუნი. მან ხომ ამერიკელებს კოსმოსში გაფრენის საშუალება მისცა. ან თუნდაც ასეთი რამ: ყველა ქვეყნის სპეცსამსახური მიმართავს ფარულ ლიკვიდაციას, უბრალოდ რომ ვთქვათ, მკვლელობებს და ქვეყნის გარეთ გაქცეულ ადამიანებზე ნადირობა და ადამიანის მკვლელობა ამორალური საქციელი არაა? აქედან გამომდინარე, ბერიას ცალსახად გამტყუნება მიზანშეუწონლად მიმაჩნია და სანამ მსგავსი საერთაშორისო თამაშის წესები იარსებებს, მორალზე ლაპარაკი წმინდა წყლის დემაგოგიად მიმაჩნია.“

თუ მაინცდამაინც ბერიას მორალურობა-ამორალურობაზეა საუბარი, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ბერიას დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირში ქალების დახვრეტა გაუქმდა. ხოლო არასრულწლოვანი დამნაშავეების დასჯის ასაკი საგრძნობლად გაიზარდა. მეტიც, ბერიას ინიციატივით შედგა კანონპროექტი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ და პოლიტბიუროს ყველა წევრი თანახმა იყო ამაზე. თუმცა, სწორედ ამ ხალხმა გაანადგურა თავად ბერია.

ბორის სოკოლოვი: „ბერია მრავალ დარგში ერკვეოდა. მათ შორის იურისპრუდენციაში და ის ინტენსიურად მუშაობდა სისხლის სამართლის კოდექსის დახვეწისთვის. ბერიას გარშემო შემოკრებილი ჰყავდა კვალიფიციური იურისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მათთან ერთად დეტალურად განიხილავდა ახალი კოდექსების შემუშავება-მიღების საკითხებს და ცდილობდა, საბჭოეთი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული