ბელადები

როგორ განახორციელა სტალინმა გრანდიოზული სოციალური პროექტი

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.10

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის მმართველი იყო, ვინც მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური პროექტი განახორციელა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენიდან ერთი საუკუნეა გასული, მის მასშტაბებს ვერავინ მიუახლოვდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „მეოცე საუკუნის ოციან წლებში საბჭოთა კავშირში, ეგრეთ წოდებული, „პეზპრიზორნიკების“ პროექტი განხორციელდა, რომლის სულის ჩამდგმელი იოსებ სტალინი იყო. ის თავად გეგმავდა, ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა ამ პროექტის შესრულების თითოეულ ეტაპს. პროექტის მიხედვით, 6 მილიონი უსახლკარო და უდედმამოდ დარჩენილი ბავშვი მოაწესრიგეს, ჩააცვეს დაახურეს, გამოკვებეს, ასწავლეს და ადამიანური ცხოვრების გზაზე დააყენეს. საბჭოთა ბელადი ძალიან შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო და ამ ქმედების ნაყოფი მან და სახელმწიფომ 30-იან წლებში და შემდგომ პერიოდში მოიმკეს.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, ლენინი – ცოცხალი და ჩვენი ქვეყანა კი – თითქმის ყოველმხრივ მიწასთან გასწორებული. სტალინს უკვე მინიჭებული ჰქონდა გენერალური მდივნის პოსტი და ის მისთვის ჩვეული გულმოდგინებითა და ენერგიით აკეთებდა მრავალ საქმეს. არადა, ყველა საქმე, ყველაფერი იმ პერიოდში პრობლემური იყო. ერთ-ერთი ასეთი დიდი პრობლემა „ბესპრიზორნიკობა“ იყო. ძირითადად, სამოქალაქო ომისგან გაუბედურებული, საცხოვრებლისა და მშობლების გარეშე დარჩენილი 6 მილიონი ბავშვი (მათი 80 პროცენტი 8-12 წლის ასაკის იყვნენ) მოდებული იყვნენ ქვეყანას. ძირითადად, ისინი დიდ ქალაქებსა და შავიზღვისპირეთში იყვნენ თავშეყრილი. მათი ძირითადი საქმიანობა ქურდობა და მათხოვრობა იყო. ღამეს კი ისინი სველ, მიტოვებულ, ვირთხებით სავსე სარდაფებში ათენებდნენ. ერთი სიტყვით, ეს საცოდავი მასა გასაწყვეტად იყო განწირული და სტალინმა მათი მოწესრიგება-მოწყობის საკითხი პოლიტბიუროს სხდომაზე დააყენა. სხდომას ლენინიც ესწრებოდა. სტალინმა საკმაოდ ფართოდ, ფაქტებით გააშუქა ეს პრობლემა და საბჭოთა მთავრობის წინაშე დასვა საკითხი ამ ბავშვებისთვის ნორმალური პირობების შექმნის შესახებ. ტროცკი, რომელიც იმ პერიოდში წითელ არმიას მეთაურობდა, ამ პროექტის წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ეს პრობლემა დიდ თანხებს მოითხოვდა და მისი განხორციელება შეუძლებელი იყო. საიდან უნდა მოეტანათ ფული? სტალინმა ტროცკის უთხრა, რომ ყველა უწყებას უნდა ჩამოჭროდა გარკვეული საბიუჯეტო თანხები, მათ შორის, სამხედრო უწყებასაც. ამ სიტყვებმა ტროცკი გააცოფა და კატეგორიული უარი განაცხადა ბიუჯეტური თანხიდან ერთი კაპიკის დათმობაზეც კი... შეიქმნა დაძაბული სიტუაცია. ლენინი, როგორც ყოველთვის, ყურადღებით აკვირდებოდა ძალთა თანაფარდობას. აღმოჩნდა, რომ ძალები თანაბარი იყო და ბიუჯეტის საკითხი ლენინის ხმას უნდა გადაეწყვიტა. ბელადი (ლენინი) არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას და შესვენება გამოაცხადა. თუმცა, აშკარა იყო, რომ ლენინი სტალინის გეგმის წინააღმდეგ წავიდოდა, რადგან შესვენების მთელი დრო ტროცკიმ ლენინის კაბინეტში გაატარა. ილიჩს, სავარაუდოდ, სამხედრო კუთხით „მიაწვა“ და ლენინმა სტალინის გეგმის წინააღმდეგ მისცა ხმა. ანუ, პირველ ეტაპზე „ბესპრიზორნიკებისთვის“ ბიუჯეტი არ გამოყო. თუმცა, სტალინის დავალებით, მე მეორე დღესვე გაზეთ „პრავდაში“ ორგვერდიანი სტატია დავწერე. მასში ტროცკი მიწასთან მყავდა გასწროებული და ხალხს გავაგებინე, რომ სამხედრო საკითხთა სახალხო კომისარს სრულიად არ აღელვებდა 6 მილიონი უპატრონო, უსახლკარო საბჭოთა ბავშვის ბედი, რომლებიც მოსახლეობის ხარჯზე ინარჩუნებდა სიცოცხლეს და წლების შემდეგ არც ისე უსაფრთხო იქნებოდა მათთვის.. „პრავდა“ ორმილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა და მთელს ქვეყანაში ვრცელდებოდა. ხალხში ამ პუბლიკაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ტროცკის ნამდვილი სახე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ჩემი სტატია ლენინმაც წაიკითხა. საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ პუბლიკაციაში სიმართლეა მოთხრობილი, თუმცა მმართებდა თავის შეკავება ამ ფაქტების გამომზეურების გამო. დამირეკა ტროცკიმაც და უხეშად მელაპარაკა. თუმცა, არც მე დამიკლია და ამის შემდეგ მას გამარჯობასაც კი არ ვეუბნებოდი. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ლენინმა ახალი სხდომა მოიწვია სპეციალურად ამ საკითხის განსახილველად და სტალინის გეგმა თითქმის ერთსულოვნად დამტკიცდა. წინააღმდეგი მხოლოდ ტროცკი იყო, რომელიც კენჭისყრის შემდეგ სხდომიდან გავიდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, 6 მილიონი ბავშვისთვის, ეგრეთ წოდებული, კომუნები შექმნეს, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, სკოლა-ინტერნატები და ბავშვებს იქ ყველანაირი პირობები ჰქონდათ ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ კომუნებიდან წამოვიდნენ 30-40-50-60-იან წლებში ცნობილი მუშა-მოსამსახურეები, ინჟინრები, პროფესორები, აკადემიკოსები, სამხედროები და ხელოვნების ყველა დარგის მუშაკები. სწორედ ამ ხალხის მხრებზე იდგა შემდგომ საბჭოთა კავშირი, რასაც ტროცკი ეწინააღმდეგებოდა, რადგან არ სურდა ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ის ამერიკელი იმპერიალისტების შეკვეთას ასრულებდა რუსეთის დასაშლელად. სტალინმა კი ეს არ დაუშვა“.

„ბესპრიზორნიკების“ გრანდიოზულ პროექტს ანალოგი არ ჰქონია და არც ახლა აქვს. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, რომ რომელიმე სახელმწიფოს ამდენი ბავშვი დაეყენებინა ფეხზე და მათთვის ის აუცილებელი მიეცა, რაც ნორმალურ ადამიანს სჭირდება ცხოვრებისთვის. ტროცკისგან განსხვავებით, რომელსაც სულაც არ ადარდებდა ბავშვები, სტალინს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი და როდესაც კარგად გაერკვა ვითარებაში, სულის სიღრმემდე გაიაზრა ყველაფერი და ამიტომაც მიიღო შესანიშნავი შედეგი.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა