ბელადები

როგორ განახორციელა ლუბიანკის მიწისქვეშეთის მოდერნიზაცია ლავრენტი ბერიამ

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.11

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ინოვაციური ადამიანი იყო. მისი იდეები ყოველთვის სიახლით იყო გაჟღენთილი და საქმისთვის წარმატება მოჰქონდა. თუმცა, ზოგიერთი ინოვაცია ძველ, გამოცდილ და სასტიკ სქემებზე იყო დამყარებული და ესა თუ ის საქმე უდიდესი ძალისხმევითა და არაჰუმანური მსხვერპლის წყალობით ხორციელდებოდა.

ისტორიკოსი როი მედვედევი: „1944 წელს ბერიამ ლუბიანკის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია განიზრახა. ეს იყო პროექტი ლუბიანკის მიწისქვეშეთის შესახებ. ანუ საბჭოთა უშიშროების შტაბ-ბინის ქვეშ უნდა შექმნილიყო მინიქალაქი, რომელშიც უამრავი საიდუმლო ობიექტი განთავსდებოდა, რაც საბჭოთა საიდუმლო სამსახურის ფუნქციონირებისა და შესაბამისი განვითარებისთვის იყო საჭირო. პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა მინუს 4 სართულს მოიცავდა, იმ პერიოდისთვის ყველა მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით. პროექტი დამტკიცებისთანავე „გაუშვეს საქმეში“ და ეს გრანდიოზული საიდუმლო მშენებლობაც დაიწყო.“

უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ლუბიანკის ქვეშ განთავსებული იყო, ეგრეთ წოდებული, შინაგანი ციხე და საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ისეთი ექსპერიმენტები ხორციელდებოდა, რაც საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იყო და ყველა ამ კონვენციაზე საბჭოთა კავშირს ხელი ჰქონდა მოწერილი. ამ ექსპერიმენტებში კი ცოცხალი ადამიანები მონაწილეობდნენ და საექსპერიმენტო მასალით ამ ლაბორატორიებს „კაგებეს“ შინაგანი ციხე ამარაგებდა.

ბორის სოკოლოვი: „მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში საბჭოთა კავშირში მკვეთრად განვითარდა ბიოლოგია და მედიცინა. ამის მიზეზს კარგა ხნის განმავლობაში ვერავინ ხვდებოდა. თუმცა, 1957 წელს უცხოეთში გაიქცა ბიოლოგიის პროფესორი და სწორედ მან მოჰფინა ნათელი საბჭოთა ექიმებისა და ბიოლოგების ზღაპრულ წარმატებას. გაქცეულმა განაცხადა: ლუბიანკის მიწისქვეშა საიდუმლო ლაბორატორიებში ცოცხალ ადამიანებზე ატარებენ ექსპერიმენტებსო. იმ პერიოდშივე გაჩნდა ცნობები ლუბიანკის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის შესახებ და ისიც ცნობილი გახდა, რომ ამ მინიქალაქს ფაშისტი ტყვეები აშენებდნენ, რომელთა შორისაც ცოცხალი არავინ გადარჩენილა და მართლაც ლუბიანკის მიწისქვეშეთის მშენებლობას 30–40 ათასი გერმანელი ტყვე შეეწირა. ყველაფერი ეს კი ბერიას მითითებითა და ხელდასხმით ხორციელდებოდა და კიდევ ვინ იცის თუ რა საშინელებები ხდებოდა ბერიას უშუალო მითითებებითა და ბრძანებით.“

ბერიას მიერ მოდერნიზებული ლუბიანკის მიწისქვეშეთი და იქ მიმდინარე ამბები (დიდი ალბათობით იქ დღესაც იგივე ხდება), რა თქმა უნდა, საშინელებაა და მას გამართლება არ აქვს. ბერია იმ სისტემის ნაწილი იყო, რასაც საბჭოეთი ეწოდებოდა და ამ სისტემის აშენება-გამაგრებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ საშინელებას ბერია შემოქმედებითა და პრაგმატულობით უდგებოდა და მეოცე საუკუნის მონების (იგულისხმება ფაშისტი ტყვეები) მეშვეობით პრაქტიკულად მუქთად აკეთებდა ისეთ საქმეებს, რასაც ფულის გადახდის შემთხვევაში მილიარდები არ ეყოფოდა.

ბორის სოკოლოვი: „მე თუ მკითხავთ, ბერიას მიერ განხორციელებული ინოვაციები მუქთა მუშახელის შესახებ, დიდ სიახლეს არ წარმოადგენდა და ასე მუშაობდნენ თავად ფაშისტებიც, რომლებიც მუქთა მუშახელად საბჭოთა ტყვეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში შეკრებილ ებრაელებს იყენებდნენ. ფაქტობრივად, ეს იყო ორი პარალელური პროცესი და როგორც სტალინი და საბჭოეთი, ასევე ჰიტლერი და გერმანია ერთნაირი გზებით მიდიოდნენ წინ, სანამ ერთმანეთს არ შეეჯახნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, სადაც იმ ძალამ იმარჯვა, რომელსაც უფრო მეტად შემოქმედი, დაუნდობელი და სასტიკი მმართველობა ხელმძღვანელობდა.“

მცირედი უზუსტობა რომ არ მივიღოთ მხედველობაში, სოკოლოვი, პრინციპში, სიმართლეს ამბობს და სწორად სვამს აქცენტებს. მართალია, სისასტიკე და დაუნდობლობა არც ფაშისტებს აკლდათ და არც კომუნისტებს, მაგრამ მტერს სტალინის გარემოცვამ იმით აჯობა და თუ არ ჩავთვლით სტალინს, საბჭოთა მმართველობაში იყო ისეთი სასტიკი და შემოქმედი ადამიანი, რომელსაც ლავრენტი ბერია ერქვა და ამ ბრძოლაში დიდწილად სწორედ მისმა ტალანტმა გადაწონა და ფაშისტები დაამარცხა. არადა, ჰიტლერის გარემოცვაშიც ბერიაზე არანაკლები ტალანტები და შემოქმედნი იყვნენ. თუმცა, პენსნეიან ბოროტ გენიას ვერცერთი მათგანი ვერ გაუტოლდებოდა.

არსენ მარტიროსოვი: „ჩემი აზრით, ეპითეტი, „ბოროტი გენია“ ლავრენტი ბერიაზე ზედგამოჭრილია ეს ადამიანი ისეთ გარემოში მუშაობდა, სადაც ბოროტებისა და იმავდროულად, შემოქმედების გარეშე ფონს ვერ გახვიდოდი. ჩემი აზრით, სტალინის მთელი პოლიტბიურო, ხრუშჩოვიც კი, შემოქმედი ადამიანები იყვნენ. შემოქმედნი იმ ბოროტებისა, რაც იმ სისტემას სჭირდებოდა და ბერია ამ კუთხით, თავის კოლეგებზე ათი თავით მაღლა იდგა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი