ბელადები

როგორ განახორციელა ლავრენტი ბერიამ საბჭოური სარაკეტო პროექტები

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 29.08, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას გამჭრიახობასა და ორგანიზატორულ ნიჭზე არავინ დაობს. ისიც საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სწორედ, მას მიუძღვის ლომის წილი ყველა იმ გრანდიოზული პროექტის შესრულებაში, რომლებიც მეოცე საუკუნის 30-50-იან წლებში განხორციელდა. ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი ვილენ პოპოვიჩი წერს: „ბერიას მიერ დაგეგმილ და ბრწყინვალედ დაგვირგვინებულ ატომურ პროექტზე იმდენი რამაა დაწერილი და ნათქვამი, რომ მასზე, მკითხველს, უბრალოდ, არ მოვაცდენ. მე მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეგრეთ წოდებულ, „სარაკეტო პროექტზე“, რომელიც აგრეთვე, ლავრენტი ბერიას პირმშო იყო და გრანდიოზული მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) მოგვითხრობს: „ატომური ბომბის შექმნასთან ერთად გრანდიოზული მნიშვნელობა ენიჭებოდა სარაკეტო პროექტს და ის ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ერთ-ერთში მეც ვმონაწილეობდი. პირველი ნაწილი იყო ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1949 წელს საბჭოთა კავშირში უკვე იყო ატომური ბომბი. მამამ წამოაყენა იდეა, რომ ატომური ბომბები რაკეტებზე დაემონტაჟებინათ და ეს იდეა კონსტრუქტორებმა აიტაცეს. რაკეტებს, ძირითადად, სერგეი კოროლიოვი აგებდა, მაგრამ მამამ აღმოაჩინა ახალგაზრდა ქართველი კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე, რომელმაც თანამედროვე ტიპის ატომურქობინიანი, „სს-ის“ ტიპის რაკეტა შექმნა (ისინი დღემდეა რუსეთის არმიის შეიარაღებაში) და მათ დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე შეეძლოთ მიღწევა სტრატეგიული, ზესაიდუმლო კოსმოდრომიდან. ეს ზესაიდუმლო კოსმოდრომი, სახელწოდებით „პლესეცკი“, ციმბირის ტაიგის შუაგულში რეკორდულად მოკლე დროში აიგო და სწორედ; იქ იყო თავმოყრილი საბჭოთა თერმობირთვულქობინიანი რაკეტების 60 პროცენტი. სხვათა შორის, ეს სტრატეგიული კოსმოდრომი მანამდე იყო საიდუმლო, სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა და „პლესეცკი“ გორბაჩოვმა გაშიფრა. მეორე სტრატეგიული სარაკეტო ღონისძიება იყო „კოსმოსური პროექტი“, მისი მწვერვალი კი – გაგარინის გაფრენა და მართალია, ის ხრუშჩოვმა მიიწერა, მაგრამ მამაჩემის დამსახურება იყო.“

სხვათა შორის, კოსმოსური პროექტის განხორციელება ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობდა. ეს იმიტომ, რომ „პლესეცკის“ მშენებლობასთან შედარებით მრავალსაფეხურიანი იყო და საიდუმლოების დაცვა – ათმაგად რთული. უნდა აშენებულიყო კოსმონავტთა ქალაქი „ზვიოზდნი“. რა თქმა უნდა, აწყობილიყო კოსმოსური ხომალდები და რაც ყველაზე რთული იყო, საიდუმლოების დაცვის კუთხით – აგებულიყო „პლესეცკზე“ თითქმის ათჯერ დიდი კოსმოდრომი „ბაიკონური“, თანაც, არა დაბურულ ტაიგაში, არამედ გაშლილ, უკიდეგანო ყაზახურ სტეპებში. მსგავს ადგილებში კი ასეთი გრანდიოზული მშენებლობა ყოველთვის იპყრობს უცხოური სპეცსამსახურების ყურადღებას და ეს ყოვლად დაუშვებელი იყო. მაგრამ ამ სიტუაციაში ლავრენტი ბერიამ გენიალური გამოსავალი იპოვა, რომელმაც ქვეყანას გაუთვალისწინებლად კარგი, თანაც ორმაგი ეფექტი მოუტანა. მარშალი გელოვანი იხსენებდა: „როგორც „პლესეცკის“, ასევე „ბაიკონურის“ მშენებლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები მაქვს ჩატარებული და ეს, პირველ რიგში, ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ქართველები დაესაქმებინა და მეც, გალაქტიონ ალფაიძე და ალექსანდრე ნადირაძეც, სწორედ, ასე მოვხვდით სარაკეტო პროექტებში. ახლა კი, რაც შეეხება სარაკეტო, ანუ „კოსმოსურ პროექტს“ და კონკრეტულად, „ბაიკონურის“ მშენებლობას. გეოფიზიკოსებმა გამოთვალეს და კოსმოსური რაკეტების საუკეთესო გასაშვებ ადგილად ყაზახეთის სტეპები მიიჩნიეს. კოსმოდრომიც იქ უნდა აშენებულიყო, მაგრამ საიდუმლოების დაცვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და დახურულ საიდუმლო თათბირზე ბერიამ გვთხოვა: მეგობრებო, ყაზახეთის სტეპებში ყამირი უნდა გავტეხოთ და ხორბალი უნდა დავთესოთ, მაგრამ სინამდვილეში კოსმოდრომი ავაშენოთო. აი, ასე დაიწყო ყამირის გატეხა, რაც უცხოური სამსახურებისთვის მხოლოდ სატყუარა იყო. სინამდვილეში კი გრანდიოზული კოსმოდრომი შენდებოდა და აი, ამას კი ვერცერთმა უცხოურმა დაზვერვამ ვერ აუღო ალღო. რაშიც ძალიან გაგვიმართლა, ხორბლის სუპერრეკორდული მოსავალი მივიღეთ და ყველა დარწმუნდა, რომ ყაზახეთის სტეპებში მხოლოდ და მხოლოდ პურის მარცვალი მოგვყავდა.“ მართალია, „ბაიკონური“ უკვე ბერიას მკვლელობის შემდეგ აშენდა და გაგარინიც შემდეგ გაფრინდა კოსმოსში, მაგრამ ეს იყო ბერიას დამსახურება და არა მის შემდგომ მოსული ხელმძღვანელებისა. ყოველივე ეს პოსტბერიულ პერიოდში საიდუმლოს წარმოადგენდა და ამას არც „პერესტროიკის“ დროს ახდია ფარდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბერიას სახელი, მისი ნამდვილი საქმეები დღესაც კი ტაბუირებულია და შავი პიარი დღემდე მოქმედებს. მარშალი ახრომეევი მის იდუმალ სიკვდილამდე (თვითმკვლელობამდე თუ მკვლელობამდე) ცოტა ხნით ადრე ამბობდა: „ლავრენტი ბერიას დიდი დამსახურებაა ის, რომ ჰიტლერის დამარცხების შემდეგ, უკვე „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობა ჯერ შეერთებულ შტატებს გაუტოლდა, შემდგომ კი აჯობა და სწორედ, ამან მოგვაღწევინა აქამდე. ახლა კი ამერიკელების აგენტი გორბაჩოვი ყველაფერს მიწასთან ასწორებსო.“ არსებობს გონიერი ეჭვი და ეს, ალბათ, ოდესმე დადასტურდება, რომ ახრომეევი თავიდან მოიშორეს, ისევე, როგორც ბერია. აი, ასე ემადლიერებიან და უხდიან სამაგიეროს ჭეშმარიტად გამოჩენილ, ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომ ადამიანებს საბჭოთა რუსულ სინამდვილეში და არც ბერია იყო გამონაკლისი.“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი