ბელადები

როგორ განახორციელა ბერიამ ოპერაცია „ტრესტი 2“

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.07

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია საბჭოთა სპეცსამსახურების „მამა“ იყო და მის მიერ „ჩეკაში“ დანერგილმა ინოვაციებმა ეს ორგანიზაცია მსოფლიოს ნომერ პირველ სპეცსამსახურად გადააქცია.

იაკობ კედმი: „მას მერე, რაც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას დიდი არაფერი აკლდა, ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებდა. „ჩეკაში“ შემუშავდა ანალიტიკური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა დამატებითი საფრთხეები ელოდა საბჭოთა ქვეყანას ომის დაწყების დროს. ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ აღიქმებოდა პარიზში არსებული რუსი შავრაზმელების ორგანიზაცია, რომელსაც ყოფილი თეთრი გენერალი ანტონ რომანოვი მეთაურობდა. მის გამგებლობაში 25 ათასი კვალიფიციური მებრძოლი იმყოფებოდა და თუკი ისინი შეიარაღდებოდნენ, საკმაოდ მძლავრი ძალა იქნებოდა ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის. „რომანოვის არწივები“ კი სასტიკი ანტიკომუნისტები იყვნენ. ჭირივით სძულდათ საბჭოთა ხელისუფლება და მზად იყვნენ, თავდაუზოგავად ებრძოლათ მათ წინააღმდეგ. ანტონ რომანოვს კი ისინი აღმერთებდნენ და მზად იყვნენ მისი ნებისმიერი ბრძანება შეესრულებინათ. ჰიტლერთან ომის შემთხვევაში, „რომანოვის არწივები“ ფიურერის მხარეს დადგებოდნენ. მათ ფაშისტები კბილებამდე შეაიარაღებდნენ და საბჭოეთის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. „ჩეკას“ ანალიტიკოსებს მკაფიო აქცენტები ჰქონდათ დასმული ყველა საფრთხეზე და ბერიას ამ სახით მიაწოდეს ეს დასკვნა. არჩევანი ბერიაზე იყო. მას უნდა განესაზღვრა მოქმედების შემდგომი გეგმა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას რომ ჩვენი ანალიტიკოსების დასკვნა მივუტანეთ მე და ფიტინმა, ის გულდასმით გაეცნო დოკუმენტს. ოთახში გაიარ-გამოიარა და პაუზის მერე გვკითხა:

– რას იტყვით, როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი მოქმედების გეგმა?

ფიტინმა ბერიას უთხრა:

– რთული საკითხია, ოპტიმალური ვარიანტია, ჩემი აზრით, რომანოვის განეიტრალება და მისი „არწივების“ უთავოდ დატოვება.

– დიახ, – დავამატე მე, – რომანოვი უნდა გავანეიტრალოთ.

– კონკრეტულად? – ჩამეკითხა ბერია.

– ლიკვიდაციას ვგულისხმობ, – განვუმარტე ბერიას.

- მე სხვანაირად წარმომიდგენია ეს ყველაფერი. რომანოვი უნდა შევიპყროთ, გავასამართლოთ და სიკვდილით დავსაჯოთ. მთელ მსოფლიოს უნდა ვუჩვენოთ სახელოვანი გენერლის მონანიება. ეს მის ხელქვეითებსა და მომხრეებს მორალურად დასცემს და მათ სწრაფვას შეანელებს ჩვენთან ბრძოლის საქმეში, – თქვა ბერიამ და დაამატა, – ოღონდ ისე არ გამოვიდეს, როგორც ეს გენერალ კუტეპოვის შემთხვევაში მოხდა. ოპერაცია გულდასმით შესამუშავებელი და შესასრულებელია.

გენერალი კუტეპოვი რომანოვის კოლეგა იყო და უფრო მძლავრ სამხედრო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. „ჩეკაში“ მისი მოტაცების ოპერაცია დაიგეგმა. ის მოსკოვში უნდა ჩაეყვანათ, გაესამართლებინათ და ჩამოეხრჩოთ. მოტაცება წარმატებით განხორციელდა, მაგრამ კუტეპოვი გზად შემოაკვდათ. უცნობ ადგილზე დამარხეს და მისი ჩამოყვანა და გასამართლება არ მოხერხდა. სწორედ ამას გულისხმობდა ბერია და მართლაც ახალი ოპერაციის დაგეგმვისას ძველი გამოცდილება გაითვალისწინა. როცა ოპერაცია „ტრესტი“ განხორციელდა, მოსკოვში სავინკოვი ჩამოიტყუეს და გაასამართლეს. ბერიას მითითებით, „ჩეკას“ აგენტებმა შექმნეს ორგანიზაცია „რუსეთი“. რომანოვს მისი წევრები დაუკავშირდნენ პარიზში. სისტემატურად აწვდიდნენ ცნობებს ამ ორგანიზაციის მუშაობის შესახებ. ექვსი თვის განმავლობაში, რომანოვი დაარწმუნეს „რუსეთის“ წევრთა სიმრავლესა და ძალაში. ბოლოს კი შესთავაზეს, რომ გენერალი ადგილზე ჩამოსულიყო და პირადად გასცნობოდა ყველაფერს. 1940 წლის სექტემბერში ანტონ რომანოვი თურქეთიდან შემოვიდა გემით საბჭოთა კავშირში. მას ორი ადიუტანტი ახლდა თან. სამივეს ყალბი პასპორტი ჰქონდა. როგორც კი ფეხი დაადგეს საბჭოთა მიწაზე და ბათუმის პორტში ჩამოვიდნენ, „ჩეკისტებმა“ დააპატიმრეს და მოსკოვში გაამგზავრეს. ოპერაცია „ტრესტი 2“ წარმატებით განხორციელდა და ბერიას ჩანაფიქრმა ასი პროცენტით გაამართლა.“

იაკობ კედმი: „ბერია გენიოსი იყო. მან შესანიშნავად იცოდა პროპაგანდის ძალა. სწორედ იმიტომ დაგეგმა და განახორციელა ასეთი რთული ოპერაცია. რომანოვის ლიკვიდაციას ბევრი არაფერი სჭირდებოდა და „ჩეკას“ აგენტები ამ საქმეს ძალიან ეფექტურად განახორციელებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში გენერალი წამებულად გამოცხადდებოდა და წმიდანის სტატუსს მიანიჭებდნენ. მისი ორგანიზაციის წევრებს კი ბრძოლის მოტივაცია გაუათმაგდებოდათ, ხოლო, როდესაც მთელ მსოფლიოს უჩვენა საბჭოთა მთავრობამ კინოფირზე გადაღებული კადრები, თუ როგორ ინანიებდა ვაჟკაცი რუსი გენერალი ცოდვებს და თავის ჯარისკაცებს ბოლშევიკების აღიარებისკენ მოუწოდებდა, ეს იყო ნამდვილი შოკი და მორალური დარტყმა „არწივებისთვის“. რომანოვი არ ჩამოახრჩეს და ეს მისთვის უფრო მეტი წამება იყო. თუმცა, მან თავადვე გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს და ლაფორტოვის ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.“

ფაქტობრივად, განმეორდა სავინკოვის ისტორია და „ტრესტი 2-მა“ თავისი შედეგი გამოიღო. რომანოვის არმიისგან უმნიშვნელო ნაწილი დარჩა. მათი 80 პროცენტი ორგანიზაციას ჩამოშორდა. ხოლო ვინც იქ დარჩა, არანაირ ძალას აღარ წარმოადგენდა და საფრთხეც განეიტრალდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული