ბელადები

როგორ განახორციელა ბერიამ კოსმოდრომ „ბაიკონურის“ მშენებლობა

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.04

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას თავისი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებსაც უდიდესი სახელმწიფო მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, არსებობს კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლებსაც საფუძველი ბერიამ ჩაუყარა, მაგრამ მათ განხორციელებას ვერ მოესწრო და ისინი სხვებმა მიითვისეს...

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბედის ირონიაა, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოვნათლოთ ის, რომ არაერთი სტრატეგიული პროექტი ბერიას მკვლელობის მერე განხორციელდა, თუმცა, სული მათ ბერიამ ჩაუდგა. ისინი კი ისეთმა ადამიანებმა მიითვისეს, ვისაც ამ პროექტების არაფერი გაეგებოდათ და მათზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ასეთ პროექტთა რიგს მიეკუთვნება კოსმოდრომ „ბაიკონურის“ მშენებლობა ყაზახეთის სტეპებში...“

მას მერე, რაც ბერიას წყალობით, საბჭოთა კავშირი ატომური სახელმწიფო გახდა და სამხედრო ტექნოლოგიები კოსმოსური სისწრაფით ვითარდებოდა, ბერიას რჩევით, შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის მიზანთან მიტანა ყველაზე სწრაფად რაკეტების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამისთვის კი შესაბამისი რაკეტების შექმნა და გამოცდა იყო საჭირო. ამიტომ გადაწყდა, რომ აეშენებინათ, ეგრეთ წოდებული, რაკეტოდრომი. სულ მალე კი მას, ბერიას მითითებით, კოსმოდრომი შეარქვეს.

სერგეი კოროლიოვი იხსენებდა: „1949 წლის მიწურულს ჩემს საკონსტრუქტორო ბიუროში ლავრენტი ბერია მოვიდა. ეს ვიზიტი იყო ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, არავის ყურადღება რომ არ მიექცია. ბერიას მხოლოდ მძღოლი ახლდა და ერთი მცველი, რომლებიც მას ავტომობილში უცდიდნენ. ბერიას ვიზიტმა ძალიან გამაკვირვა, თან, შემაშფოთა კიდეც, რადგან კოსმოსურ პროექტზე ვმუშაობდით და ვიფიქრე, რაიმე „ჩეპე“ ხომ არ მოხდა-მეთქი. ბერიამ შეამჩნია ჩემი შეშფოთება და მეგობრულად მითხრა:

– ყველაფერი რიგზეა, სერგეი პავლოვიჩ. თქვენთან კონფიდენციალური სალაპარაკო მაქვს. ამიტომ გესტუმრეთ მოულოდნელად და თითქმის ინკოგნიტოდ. შეგიძლიათ, დამითმოთ ორიოდე საათი?

მე და ბერია ჩემს კაბინეტში განვმარტოვდით და ხუთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. ბერიამ მითხრა, რომ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების პირობებში, ალბათ, საუკეთესო საშუალება იქნებოდა, რომ ატომურქობინიანი რაკეტები დაგვემზადებინა, რომლებიც დედამიწის ნებისმიერ წერტილში ძალიან სწრაფად მიიტანდა ატომურ ბომბს. მე მას დავეთანხმე და ვუთხარი:

– ლავრენტი პავლოვიჩ, ამისთვის სარაკეტო პოლიგონი გვჭირდება. თანაც, თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი.

– რა თქმა უნდა. ამიტომ დაასახელეთ ადგილი, სადაც ის უნდა აიგოს, – მიპასუხა ბერიამ.

მე წინასწარ მქონდა ეს იდეა მოფიქრებული და თავად ვაპირებდი ბერიასთვის თქმას. აქ კი ბერია თავად მოვიდა ამ იდეით და ისიც კი გავიფიქრე, ჩემს აზრებს ხომ არ კითხულობს-მეთქი. ერთი სიტყვით, ბერიას ყაზახეთის სტეპები დავუსახელე. მან კი მითხრა, რომ წინასწარი პროექტი შემემუშავებინა თავისი ხარჯთაღრიცხვით.

– რამდენ ხანში გექნებათ მზად? – მკითხა ბერიამ..

– ერთ თვეში, – ვუპასუხე მე.

– მაშინ, ერთ თვეში გესტუმრებით და ჩვენი ეს საიდუმლო საუბარი გავაგრძელოთ, – მითხრა ბერიამ, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი არავის არ უნდა გაეგო...“.

„ბაიკონურის“ მშენებლობის პროექტი 600 მილიონი მანეთით შეფასდა. თუმცა, ეს თანხა მოგვიანებით გაორმაგდა და ერთი ამდენი ფული იმისთვის გახდა საჭირო, რომ ეს პროექტი შეენიღბათ და საიდუმლო კოსმოდრომის მშენებლობის შესახებ არავის შეეტყო. შენიღბვის პროექტი კი ყაზახეთის სტეპებში ყამირი მიწების ათვისება იყო. მოგვიანებით შენიღბვის პროექტი ძალიან რენტაბელური და შემოსავლიანი გახდა.

პავლე სუდოპლატოვი: „ბაიკონურის“ მშენებლობის პროექტი (რა თქმა უნდა, შენიღბვიანად) 1950 წლის მარტში დამტკიცდა და მაშინვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ყაზახეთის სტეპებისკენ ასეულ ათასობით ენთუზიასტი დაიძრა. ამოძრავდა ათასობით მანქანა და სხვადასხვა ტექნიკა. შენდებოდა დროებითი დასახლებები, რომლებიც შემდგომ დიდ ქალაქებად ჩამოყალიბდა და თუკი მილიონობით ჰექტარი დასვენებული მიწა იხვნებოდა, პარალელურად, საფუძველი ეყრებოდა „ბაიკონურის“ მშენებლობას. თუმცა, თითქმის ექვსთვიანი მუშაობის მერე, 1950 წლის მიწურულს, სამუშაოები მოულოდნელად შეჩერდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს მოხდა სტალინის განკარგულებით. სტალინი კი შეცდომაში შეიყვანა ეკონომისტთა ჯგუფმა, ვოზნესენსკის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამ პროექტს მავნეს უწოდებდნენ. მოგვიანებით, სტალინმა ისინი დახვრიტა. შემდგომ თავადაც გარდაიცვალა და ბერიაც მოკლეს. თუმცა, ეს პროექტები 1954 წელს განახლდა და მოგვიანებით, მაგრამ მაინც წარმატებით განხორციელდა...“

საგულისხმო ფაქტია, რომ „ბაიკონურის“ მშენებლობასთან ერთად ყამირი მიწების ათვისებამ ძალიან დიდი ეფექტი გამოიღო და ყაზახეთის სტეპებში მოყვანილი ხორბლით ნახევარი მსოფლიო იკვებებოდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...