ბელადები

როგორ განადგურდა ფაშისტური ავიაცია მოსკოვთან ბერიას წყალობით

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.12

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო. მის სახელს უკავშირდება ის დიდი წარმატებები, რომელთა წყალობითაც ეს ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი სახელმწიფო გახდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, მზვერავი და კომუნიზმის მოძულე, „ცეერუს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წლების განმავლობაში ამ უწყების დირექტორი, ალენ დალესი ლავრენტი ბერიას „დაზვერვის გენიას“ უწოდებდა. უკვე ბერიას მუხანათური მკვლელობის შემდეგ ამერიკულმა დაზვერვამ კვლევა ჩაატარა და დადო დასკვნა, რომ საბჭოეთის სუპერმოდერნიზაციაში 50-პროცენტიანი წვლილი ბერიას მიუძღოდა და რომ ეს ყოველივე სპეცსამსახურების წარმატებულ მუშაობაზე იყო დამყარებული, სპეცსამსახურებს კი ბერია კურირებდა. შემდგომ სწორედ პირველად ამერიკელებმა გადაიღეს ეს სისტემა, რითაც მათი სამსახურების მუშაობა ბევრად უფრო ეფექტური გახდა. ერთი შეხედვით, პარადოქსულად ჩანს, რომ ქვეყანა, რომელიც ბერიას მისი მოღვაწეობის გამო მონსტრად რაცხავს, სწორედ რომ, ბერიას მეთოდებს იყენებს თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.“

ლავრენტი ბერია ჭკვიანი კაცი იყო და კარგად იცოდა, რომ ქვეყნის მართვა ერთი უწყვეტი, დიდი სპეცოპერაცია იყო და ამ სპეცოპერაციას ბერია დიდი წარმატებით ახორციელებდა.

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი): „გარდა იმისა, რომ ბერიას მილიონიანი მასების მობილიზება შეეძლო როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ფრონტებზე, მას ყოველთვის ჰქონდა მოქმედების მკაფიო გეგმა ნებისმიერ უბანზე. ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი ინფორმაციის მოპოვება და რეალიზაცია იყო. აი, სწორედ ამიტომაა საჭირო სპეცსამსახურების ძლიერი სტრუქტურა და მისი ეფექტურად ამუშავება. ამას კი ბერიამ იდეალურად მიაღწია და საქმე შვეიცარიული საათივით ააწყო.“

სპეცსამსახურების მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სწორი ინფორმაციის მოპოვებას, არამედ დეზინფორმაციის გავრცელებასა და მტრის დეზორიენტაციას.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „დეზინფორმაციის გავრცელება მტრისთვის ტვინის არევა და მისი დეზორგანიზება ჩვენს უწყებაში უმაღლეს დონეზე იყო დაყენებული. სადაც საჭირო იყო, ჩვენ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ყოველთვის მიზანში ხვდებოდა. ყოველივე ეს კი ძალიან რეალურად ჩანდა და მტერს ტვინს ურევდა. მაგალითად, 1942 წლის მარტში მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ლუფტვაფე (ჰიტლერული გერმანიის საჰაერო ძალები) მოსკოვზე მასობრივ თავდასხმას აპირებდა. დღე უცნობი იყო. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ ისინი მოწმენდილ ამინდს ელოდნენ. ეს ინფორმაცია რომ ბერიას მივუტანეთ, მან გვითხრა, რომ ფაშისტური თვითმფრინავები უნდა შემოგვეტყუებინა და გაგვენადგურებინა. თუმცა ვერ ვხვდებოდით, ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო. მექანიზმი თავად ბერიამ გვიკარნახა და განვახორციელეთ კიდეც. 4 მარტს ცნობილი საფეხბურთო კომენტატორი ვადიმ სინიავსკი რადიოკომიტეტის სტუდიაში დავსვით და მან დაიწყო არარსებული მატჩის კომენტატორობა მოსკოვის „სპარტაკსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის. ჩავრთეთ სტადიონის ხმაურის ხმები და ეთერში ფეხბურთის მატჩის იმიტაცია შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამ რეპორტაჟს ფაშისტური დაზვერვაც უსმენდა და ყველაფერი სწორედ ამისთვის იყო მოწყობილი. სინიავსკის ძირითადი ტექსტი პირადად ბერიამ დაწერა და ცნობილ კომენტატორს უთხრა, რომ აქცენტი ამაზე გაეკეთებინა და რამდენიმეჯერ გაემეორებინა. ეს ტექსტი ასე ჟღერდა – თბილისის „დინამოელებმა“ მოსკოვის მისადგომებთან ავტობუსით გამოიარეს ორკილომეტრიანი ნისლიანი მონაკვეთი, მაგრამ დედაქალაქში მოწმენდილი ცა დახვდათ, მზე ანათებს და ნამდვილი საფეხბურთო ამინდიაო... სინამდვილეში კი სქელი ნისლი იყო ჩამოწოლილი და მხედველობა უკიდურესად ჭირდა. იმ პერიოდში არ არსებობდა ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლებიც დიდი მანძილიდან დაადგენდნენ, როგორი ამინდი იყო მოსკოვში. ფაშისტებმა ეს დეზინფორმაცია „ჩაყლაპეს“ და 24 თვითმფრინავი დაიძრა მოსკოვის მიმართულებდით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ორკილომეტრიან ნისლიან ცას იოლად დასძლევდნენ და მზიან მოსკოვს „გადაუვლიდნენ“. თუმცა ქალაქს ნისლი ფარავდა. ქვევით კი საბჭოთა საქვემეხო სისტემა სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდა და როდესაც ფაშისტები 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ მოსკოვს, ოპერაციპაც დაიწყო. ჩამოაგდეს 19 თვითმფრინავი და მხოლოდ 5 დაბრუნდა ბაზაზე. ეს იყო ერთ-ერთი მარცხი ფაშისტების რიგებში და ამის მთავარი შემოქმედი ლარენტი ბერია იყო. ჰიტლერი გაცოფებული შეხვდა ამ ინფორმაციას და გერინგი სასიკად შეახურა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა