როგორ გამოცხადდა სტალინი თავისი ვაჟის გამო სკოლის დირექტორთან
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.03

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, ხატოვნად რომ ვთქვათ, ნახევარ მსოფლიოზე ბატონობდა და უზარმაზარი ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იყო ძალიან უბრალო ადამიანი და ჭეშმარიტი პიროვნული სიდიადის მიუხედავად, ძალიან თავშეკავებული და სამართლიანი.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „იოსებ სტალინი უმკაცრესი მმართველი იყო და ამას წყალი არ გაუვა. შეიძლება, მას დიქტატორიც ვუწოდოთ, რადგან უზარმაზარ ქვეყანას ერთპიროვნულად აკონტროლებდა, თუმცა, სტალინი არასოდეს ყოფილა კლასიკური დიქტატორი. ეს ცნება (კლასიკური დიქტატორი) თავის თავშივე მოიცავს უსამართლობას, ამპარტავნობასა და ქედმაღლობას. ყველა კლასიკური დიქტატორი, პირველ რიგში, თავისი ქვემდებარე ქვეყნის მძარცველი და საკუთარი კლანის, რომელიც ყოველთვის უახლოესი ნათესავებისგან შედგება, შემქმნელ-აღმზევებელი იყო. სტალინის შემთხვევაში კი ეს ფორმულა არ მოქმედებს. სტალინს არც ქვეყანა გაუძარცვავს და არც საკუთარი სანათესაო-სამეგობრო კლანი ჰყოლია. ქვეყნის ძარცვის მაგივრად სტალინი თავის ქვეყანას აშენებდა და ყოველმხრივ ამდიდრებდა. 1940 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის ოქროს მარაგი შეერთებული შტატების ოქროს მარაგს გაუტოლდა და რომ არა ომი, მალევე ბევრად გაასწრებდა მას. სტალინური კლანის შესახებ ლაპარაკი კი სასაცილოა და მსგავსი რამ ფანტაზიებშიც კი არავის მოსვლია. სტალინის დროს სახელმწიფოს ჰყავდა მთავრობა, რომელიც საბჭოთა ბელადმა შვეიცარიული საათივით ააწყო. ამ მთავრობის პირველი პირები, ძირითადად, დაბალი სოციალური ფენებიდან იყვნენ და სტალინის მითითებით, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასიკეთოდ იღვწოდნენ. საკმარისი იყო, ნებისმიერ მათგანს მცირეოდენი გადახვევა გაებედა მიღებული კანონებიდან, რომ თანამდებობას დატოვებდა. საკმაოდ დიდი შანსი იყო, რომ ციხეში მოხვედრილიყო. ხოლო თუკი დიდი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სიკვდილით დასჯიდნენ. თუმცა ასეთი შემთხვევა უმაღლეს თანამდებობის პირთა შორის, ფაქტობრივად, არ არსებობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობაში შედარებით დაბალ თანამდებობებზე სტალინის ცოლის ნათესავებიც იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მათგანმა, სტალინის მფარველობის იმედით, გადაცდომები და დანაშაულიც კი ჩაიდინეს. თუმცა, მათ არანაირი შეღავათი არ ჰქონიათ, პირველ რიგში, ყველამ თანამდებობა დატოვა და ციხეში გამწესდნენ. მათი ნაწილი კი სიკვდილითაც დაისაჯა. ასე რომ, საუბარი სტალინური კლანის არსებობის შესახებ გამორიცხულია.
საგულისხმოა ერთი ისტორია, რაც სტალინის პატიოსნებასა და უბრალოებაზე მეტყველებს. სტალინს ჰყავდა შვილობილი არტიომ სერგეევი და ეს ისტორია მან მომიყვა. ამიტომ პირველ პირში მოგითხრობთ. არტიომ სერგეევი: მამაჩემი და სტალინი უახლოესი მეგობრები იყვნენ. მამა რევოლუციას შეეწირა. მე და დედა მარტონი დავრჩით. თუმცა, სტალინმა არ მიგვატოვა. მე, ფაქტობრივად, ჩვილი ვიყავი. სტალინმა მიშვილა და მის ოჯახში გავიზარდე. ნიშანდობლივია, რომ ჩემი შვილობილად აყვანის ფაქტი სტალინმა პოლიტბიუროს განკარგულებით გააფორმა და ამას ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. სტალინს, რა თქმა უნდა, შეეძლო, ამის გარეშეც ვეშვილე, თუმცა, მან ამ ფაქტს ოფიციალური სახე მისცა და რომ იტყვიან, ეს საკითხი ფუნდამენტურად განახორციელა. მე და ვასია (ვასილი სტალინი) ტოლები ვიყავით. ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ძმებივით ვიზრდებოდით. ვასია ძალიან ნიჭიერი, კეთილშობილი და ყველას ქომაგი ბავშვი იყო, მაგრამ იმპულსური, ჰქონდა მომენტები, როდესაც მისი საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. მე და ვასია ერთ კლასში ვსწავლობდით. უბრალო, რიგით სკოლაში. გაკვეთილებზე დასასწრებად კი ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე, ფეხით დავდიოდით. ჩვენს სკოლაში სხვა მაღალჩინოსთნთა შვილებიც სწავლობდნენ. თუმცა სკოლის მოსწავლეთა 95 პროცენტი უბრალო, რიგითი მოქალაქეების შვილები იყვნენ. ჩვენ კრემლში ვცხოვრობდით და სკოლის მხრივ, ერთადერთი ჩვენი პრივილეგია ის იყო, რომ სკოლა კრემლთან ახლოს, სულ რაღაც, ორ კილომეტრში მდებარეობდა. ვასია სპორტით იყო გატაცებული და განსაკუთრებით ფეხბურთი უყვარდა. ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილზე ფეხბურთი ვითამაშეთ. ვასიას გუნდმა წააგო და ის უკიდურესად გაღიზიანდა. მას ხელში ეჭირა ბურთი, ნერვიულად ათამაშებდა და სკოლის შენობაშიც არ დამცხრალა. მოკლედ, შემდეგ გაკვეთილზე უნდა შევსულიყავით. კიბეებზე რომ ავდიოდით, წაგებით გაღიზიანებულმა ვასიამ ფეხბურთის ბურთს ძლიერად დაარტყა, შემთხვევით კედელზე მიმაგრებულ მამამისის უზარმაზარ პორტრეტს მოარტყა და ჩამოამსხვრია. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ სურათიც ჩამოვარდა და კიბეები შუშის უზარმაზარი ნამსხვრევებით მოიფინა. ეს მოხდა 1937 წელს. ამ მომენტს სკოლის დირექტორი შეესწრო და გაფითრდა, თან აკანკალდა. ნიშანდობლივია ის, რომ არავინ იცოდა, ვისი შვილები ვიყავით. სტალინს ამის შესახებ უმკაცრესად ვყავდით გაფრთხილებული და ეს არავინ იცოდა. სკოლის დირექტორმა რომ ძალები მოიკრიბა, ვასიას მშობელი დაიბარა. მან იცოდა, რომ მამის რისხვას ვერ გადაურჩებოდა, ამიტომ სტალინის დაცვის უფროსს, ნიკოლაი ვლასიკს სთხოვა, სკოლაში წაჰყოლოდა. ძია კოლიამ (ასე ვეძახდით ვლასიკს) ყველაფერი სტალინს მოახსენა, რადგან თავად სტალინისგან ჰქონდა ნაბრძანები, რომ მისთვის არაფერი დაემალა. ვლასიკი ვაჟკაცი, კარგი კაცი იყო და წინასწარ უთხრა ვასიას, რომ ამ ამბავს სტალინს არ დაუმალავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო (ახლა მეცინება ამ ისტორიაზე, მაშინ კი ნამდვილად არ მქონდა სასაცილოდ საქმე), სტალინი მეორე დღესვე გამოცხადდა დირექტორთან. ბოდიში მოუხადა მას ვასიას საქციელის გამო. შემდეგ კი დირექტორს თავისი სურათი აჩუქა, ავტოგრაფით. ხოლო რამდენიმე თვეში კი განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნა, როგორც პროფესიონალი და წესიერი კაცი.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან