როგორ გამოიყენა სტალინმა უინსტონ ჩერჩილის დაუდევრობა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.11, 2022 წელი

იოსებ სტალინი შორსმხედველი, ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ის შესანიშნავად ერკვეოდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ ინტრიგებში. საბჭოთა ბელადი თავისი უცხოელი კოლეგების მცირედ დაუდევრობასაც კი ოსტატურად იყენებდა და ერთი შეხედვით, უიმედო საქმეს სათავისოდ, ანუ საბჭოთა კავშირის ინტერესებისთვის, შემოატრიალებდა ხოლმე.
ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინს რუზველტმა თავის დღიურებში „დიდებული გროსმაისტერი“ უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერდა: „სტალინს დიდებული მოჭადრაკე გროსმაისტერივით ძალუძს, ერთი შეხედვით, წაგებული თამაშის სათავისოდ შემოტრიალება. „ის განსაცვიფრებელი კომბინაციური უნარითაა დაჯილდოებული და შეიძლება, პოზიცია დათმოს, მაგრამ თამაშს მოიგებს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ისევე, როგორც პრემიერ ჩერჩილს“. რუზველტი, დიდი ალბათობით, ერთი ისტორიიდან გამომდინარე წერდა ამას. ყირიმის კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ჩერჩილმა სტალინს უდეპეშა, ხომ არ ჯობს, წინასწარ შევხვდეთ და შესათანხმებელი საკითხები განვიხილოთო. ყირიმში განსახილველი საკითხები წინასწარ იყო დადგენილი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. ღიად მხოლოდ პოლონეთის საკითხი იყო დარჩენილი. ჩერჩილი არ თმობდა, რა თქმა უნდა, არც სტალინი. რუზველტი, მართალია, ნეიტრალურად იყო განწყობილი, მაგრამ ყირიმში, სავარაუდოდ, ჩერჩილს დაუჭერდა მხარს. შეერთებულ შტატებს კი იტალია-საფრანგეთის გავლენაზე ჰქონდა პრეტენზია. ჩერჩილი იტალიას თმობდა, საფრანგეთს – არა. სტალინი კი ამ საკითხში ნეიტრალური იყო. ჩერჩილის დეპეშას რომ გაეცნო, სტალინმა მორიგი პოლიტიკური კომბინაცია ჩაიფიქრა. დამიძახა, დეპეშა წამაკითხა და თქვა:
– ყირიმის კონფერენცია ჩვენი იქნება და ყველაფერს მივიღებთ, რაც გვსურს.
– პოლონეთს გულისხმობ, ხომ? – ვკითხე მე.
– ძირითადად, პოლონეთს... და უფრო მეტსაც, – თქვა სტალინმა.
და ასეც მოხდა.
სანამ სტალინი ჩარჩილს უპასუხებდა, მან რუზველტს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც ეწერა: ბატონო პრეზიდენტო, პრემიერი ჩერჩილი წინასწარ შეხვედრას გვთავაზობს და როდის გეცლებათ ამისთვისო. რა თქმა უნდა, რუზველტი მიხვდა, რომ ჩერჩილი მის ზურგს უკან მოქმედებდა და მას საყვედურებით სავსე დეპეშა გაუგზავნა. როგორც მოგვიანებით ჩერჩილი თავის მემუარებში აღიარებდა, „ბრიტანელი ლომი“ გაცოფდა და სტალინს უდეპეშა: ჩვენი შეხვედრის შესახებ რატომ აცნობეთ რუზველტსო. სტალინს კი პასუხი გამზადებული ჰქონდა: ბატონო პრემიერო, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ბატონ პრეზიდენტთან ეს საკითხი შეთანხმებული არ გქონდათ. ისე კი, ჩვენ დიდი სამეული ვართ და არა ორეული და ჩვენი დიდი პარტნიორი მეგობრის ზურგს უკან ვერ და არ უნდა ვიმოქმედოთო. ჩერჩილს არაფერი მოუწერია. ყირიმში კი ასე დალაგდა „კარტები“: პოლონეთზე გავლენა ჩვენ მოვიპოვეთ, ამ საკითხში კი მნიშვნელოვანი იყო რუზველტის მხარდაჭერა. იტალიაზე გავლენა ცალსახად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო. ხოლო ჩერჩილის სასტიკი წინააღმდეგობის გამო საფრანგეთის საკითხი ისევ ღიად რჩებოდა. მოგვიანებით საფრანგეთზე გავლენა არც დიდ ბრიტანეთს დარჩა და არც შეერთებულ შტატებს. ამით მხოლოდ ჩვენ ვიხეირეთ და დასავლურ სამყაროს მნიშვნელოვანი ძალა გამოვაცალეთ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას ამ „ნამცხვრიდან“ არაფერი შეხვდა და ჩერჩილი გააფთრებულ ლომს ჰგავდა. მემუარებში სწორედ ასე აღწერდა ჩერჩილი თავის მაშინდელ მდგომარეობას. თან დასძენდა: სტალინმა მეც და რუზველტიც გაგვაცურაო. ამას თავის დღიურებში რუზველტიც აღიარებდა“.
სტალინი რომ „მსოფლიო საჭადრაკო დაფის“ (ზბიგნევ ბზეჟინსკის ტერმინი) უზადო, უპირველესი მოთამაშე იყო, ამას მისი სასტიკი მოწინააღმდეგეებიც (პირველ რიგში, უინსტონ ჩერჩილი) აღიარებდნენ. სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მერე გლობალური პოლიტიკური ინტერესები იმდენად სათავისოდ (ქვეყნის ინტერესებისამებრ) გადაანაწილა, რომ საბჭოეთს უსაფრთხოების მტკიცე ბუფერული ზონა შეექმნა, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდებოდა. სხვათა შორის, ასე რომ არ მომხდარიყო, შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მანამდე გამოიყენებდა ატომურ იარაღს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, სანამ მას სტალინი დაეუფლებოდა. ბუფერულმა ზონამ კი იმაში უშველა სტალინს, რომ ამ ქვეყნებში (სოციალისტური ბლოკი), დასავლური ბლოკის ცხვირწინ, საბჭოთა კავშირს 2 მილიონი კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი ჰყავდა განთავსებული და საკმარისი იყო, ერთი ბომბი ჩამოვარდნილიყო საბჭოთა ტერიტორიაზე, რომ მთელ დასავლური სამყაროს (მათ შორის ბრიტანეთსაც) „წითელი არმია“ ააოხრებდა. სტალინმა კარგად უწყოდა, რომ დასავლეთთან მეგობრობა დიდხანს არ გასტანდა, წინასწარ მოემზადა ამისთვის და გაიმარჯვა კიდეც.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან