ბელადები

როგორ გამოიყენა სტალინმა პროპაგანდისტული მიზნებისთვის ფაშისტური გერმანიის გამოცდილება

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.01, 2022 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ბევრად უფრო სიღრმისეული ხედვა ჰქონდა და ამით აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან. მისი ერთ-ერთი თვისება იყო, ასევე, ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენის ბევრად უფრო ნათლად განჭვრეტა, ვიდრე ეს სხვებს შეეძლოთ. ცნობილი კინოდოკუმენტალისტი, რეჟისორი მიხეილ რომი თავის დღიურებში წერდა: „1936 წლამდე სტალინს პირადად არ ვიცნობდი. მეტიც, ის პირველად „ცოცხლად“ 1934 წელს კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე ვიხილე. იქ ბელადი სიტყვით გამოვიდა და დარბაზი 20 წუთის განმავლობაში ფეხზე დამდგარი არ წყვეტდა ოვაციებს, მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ მოგვმართა, დასხედითო... იოსებ სტალინთან პირველი შეხვედრა 1936 წლის მარტში მოხდა. მე სახლში დამირეკეს დილის 8 საათზე და რომ ვუპასუხე, ბელადის პირადმა მდივანმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე პოსკრებიშევმა მითხრა:

– მიხეილ ილიას ძევ, დილა მშვიდობისა! პოსკრებიშევი გაწუხებთ. ბოდიში, რომ ასე ადრე გირეკავთ. ამხანაგ სტალინს უნდა თქვენთან შეხვედრა და 2 საათში კრემლში გელოდებით. აბა, შეხვედრამდე.

მე იმის თქმა მოვასწარი – შეხვედრამდე-მეთქი და სტალინის მდივანმა ყურმილი დადო. იქვე სკამზე ჩამოვჯექი. თავი ხელებში ჩავრგე და ვცდილობდი, გამომეცნო, რატომ მიბარებდა სტალინი. თითქმის ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს დაბარება ჩემს პროფესიასთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა, კონკრეტულად რის გამო, წარმოდგენაც არ მქონდა. ხოლო ის, რაც სტალინმა მითხრა შეხვედრისას, გონებაშიც კი არ გამივლია მასთან შეხვედრამდე მარჩიელობისას. სტალინი გულთბილად შემეგება. პატარა მაგიდასთან მიმიწვია და სავარძლებში ჩავსხედით. მაგიდაზე ორი ფუჟერი და ჩემი საყვარელი კონიაკის, „არარატის ველის“ ბოთლი იდგა. ალბათ, შემთხვევითობაა-მეთქი, – გავიფიქრე. სტალინმა კი ფუჟერები შეავსო და მითხრა:

– ამხანაგო რომ, თქვენი საყვარელი კონიაკით თქვენ და თქვენს შემოქმედებას გაუმარჯოს! – თქვა მან და დალია.

– თქვენ გაგიმარჯოთ, ამხანაგო სტალინს! – მივაგებე მას და კონიაკი დავლიე.

სტალინს გაეცინა ჩემს საქციელზე. ულვაშებზე საჩვენებელი თითი გადაისვა და მკითხა:

– ამხანაგო რომ, თქვენს გერმანელ კოლეგაზე, ლენი რიფენშტალზე თუ გსმენიათ რამე?

შიშმა გონება დამიბინდა და გავიფიქრე, ახლა ეჟოვი შემოვა და „ლუბიანკაზე“ წამიყვანს-მეთქი. თუმცა, მაშინვე გავიფიქრე, – ასე რომ იყოს, ეგრევე წამიყვანდნენ და სტალინთან არ მიმიწვევდნენ და აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს-მეთქი. საქმე კი ის იყო, რომ იმ პერიოდში ფაშისტურ გერმანიასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. სტალინთან შეხვედრამდე სამი დღით ადრე კი ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ რიფენშტალის ფილმის „ნების ტრიუმფის“ 20-წუთიანი ნაწყვეტი გვიჩვენა „მოსფილმში“, საკმაოდ დახურულ ვითარებაში. მე გავიფიქრე: სტალინს ამის შესახებ მოახსენეს და ალბათ, სასჯელი არ ამცდება-მეთქი. სტალინმა ჩემი შიშები შენიშნა. გაეღიმა და იქვე დააყოლა:

– ამხანაგო რომ, მე თქვენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს და აქ ამიტომ მოგიწვიეთ. ამ ფილმის, „ნების ტრიუმფის“, ასლი მომიტანეს და უკვე ხუთჯერ ვუყურე, თქვენც განახვებთ და კომპეტენტური შეფასება მინდა.

მივხვდი, რომ „ლუბიანკა“ ამცდა. ამიტომ ამოვისუნთქე და სტალინს ვუპასუხე:

– ამხანაგო სტალინ, ამ სამი დღის წინ ამ ფილმის 20-წუთიანი მონაკვეთი ვნახე და თუკი მთლიან ფილმს მაჩვენებთ, უფრო დაწვრილებით გეტყვით ჩემს აზრს. ისე კი ამ ფილმმა (უფრო სწორად, ნაწყვეტმა) ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გერმანელი ქალბატონი კოლეგა ჩვენი მოწინააღმდეგის ბანაკშია, ვერ უარვყოფ, რომ ძალიან ნიჭიერი, მაღალი კლასის პროფესიონალია.

– ძალიან კარგი. მოდი, ახლა კინოდარბაზში გადავინაცვლოთ. ფილმი ვნახოთ და ბოლოს თქვენს აზრს მოვისმენ, – მითხრა სტალინმა და ათიოდე წუთის მერე უკვე ფილმს ვუყურებდით.

სეანსის დამთავრების შემდეგ სტალინს ვუთხარი, რომ რიფენშტალი გენიალური კინოდოკუმენტალისტი და პროპაგანდისტია-მეთქი. სტალინმა თავი დამიკრა და მითხრა:

– გეთანხმებით. აქ კი იმიტომ მოგიწვიეთ, რომ გითხრათ: გერმანიაში უნდა გაემგზავროთ და ამ ქალბატონის გამოცდილება გაიზიაროთ. იმედი მაქვს, რომ თქვენ მასზე ბევრად უფრო ძლიერ, შთამბეჭდავ პროპაგანდისტულ სურათებს გადაიღებთ.

ერთი კვირის შემდეგ უკვე გერმანიაში ვიმყოფებოდი და რიფენშტალის გამოცდილებას ვიზიარებდი...“

მოგვიანებით რომმა სტალინური პრემია ხუთჯერ მიიღო და იოსებ სტალინს საყვარელი კინოდოკუმენტალისტი გახდა. 1939 წელს კი თავად რიფენშტალმა წამოჭრა იდეა, რომ მას და რომს ჰიტლერსა და სტალინზე ერთობლივი ფილმი გადაეღოთ. სახელწოდებაც შერჩეული იყო და ორსაათიან ფილმს „სოციალისტური იმპერიები“ უნდა რქმეოდა. თუმცა ამას ომმა შეუშალა ხელი. 1946 წელს რიფენშტალი საბჭოთა კონტრდაზვერვამ მოსკოვში ჩამოიყვანა და მას და რომს სტალინზე უნდა გადაეღოთ ფილმი. გადაღებებიც დაიწყო, მაგრამ შემდგომ სტალინმა ეს მიზანშეუწონლად ცნო. რიფენშტალი გერმანიაში დააბრუნეს. გადაღებული მასალა კი არქივებში შეინახეს. ერთი სიტყვით, სტალინმა რომს რიფენშტალისგან ასწავლა სუპერპროპაგანდისტული ფილმების გადაღება და შემდგომ რომმა მართლაც რომ გადააჭარბა თავის მასწავლებელს. რომმა ისეთი მძლავრი პროპაგანდისტული ფილმები შექმნა, რომ სტალინმა ის ხუთჯერ დააჯილდოვა თავისი სახელობის პრემიით.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი