ბელადები

როგორ გახდა სტალინი მსოფლიოს ანტიკოლონიური მოძრაობის ფლაგმანი

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.02

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი იმ ყაიდის პოლიტიკოსი იყო, ვინც იმ ცნობილ პრინციპს იზიარებდა, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მოკავშირეები არ არსებობენო.

იაკობ კედმი: „სტალინისთვის მუდმივი მტრები და მოკავშირეები არ არსებობდნენ. იმპერატორ ალექსანდრე მესამის ცნობილ ფრაზას – რუსეთის ერთადერთი მუდმივი მოკავშირეები არმია და საზღვაო ფლოტიაო, ასეთი პერიფრაზირებით წარმოთქვამდა – საბჭოთა კავშირის მუდმივი მოკავშირეები და მყარი ფუნდამენტი გმირი საბჭოთა ხალხი და წითელი არმიააო. საბჭოთა ბელადი ყველგან და ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ საბჭოეთის ინტერესებისამებრ მოქმედებდა. როდესაც ეს საჭირო გახდა, სტალინმა თვით ჰიტლერთანაც კი გამონახა საერთო ენა, ხოლო, როდესაც ფაშისტი ურდოები საბჭოთა მიწა-წყალზე შემოიჭრნენ, უკვე ანგლოამერიკელები გახდნენ სტალინის მოკავშირეები. შემდგომ ეს კავშირიც დაირღვა. და როდესაც დასავლეთმა მოინდომა, საბჭოთა კავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკურ მარწუხებში მოექცია, სტალინმა მოკავშირეების ვექტორი რადიკალურად შეცვალა და მკვეთრად გააფართოვა. საბჭოთა ბელადი თავისი პოლიტიკით უკვე ოკეანის გაღმა, შავ კონტინენტსა და მცხუნვარე უდაბნოში გამოჩნდა (ეს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია). ოკეანის გაღმა, შავი კონტინენტი და მცხუნვარე უდაბნო შესაბამისად ლათინური ამერიკა, აფრიკა და აზიაა. ანუ, საბჭოთა კავშირზე ანგლოამერიკული პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლა რომ შეესუსტებინა, სტალინმა ზემოჩამოთვლილ ქვეყნებსა და კონტინენტებზე ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობებს დიდი ბიძგი მისცა. იმ არეალებში ყოველთვის არსებობდა ანტიამერიკული და ანტიკოლონიური მოძრაობები. თუმცა, საბჭოთა ბელადმა მათ (ამ მოძრაობებს) ახალი სული შთაბერა.“

სტალინი, როგორც შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ნებისმიერ პოლიტიკურ კომბინაციას დიდოსტატურად ათამაშებდა. მისი გათვლა მარტივი და გენიალური იყო. ამ, ეგრეთ წოდებულ, მესამე ქვეყნებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი ძალების ამოქმედებით, კოლონიზატორი ქვეყნების (ძირითადად, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი) ყურადღება და სამხედრო-ეკონომიკური რესურსი მათკენ მიმართა და ამით საგრძნობლად შეასუსტა საბჭოეთზე ზეწოლა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინის ეს პოლიტიკური სვლა უინსტონ ჩერჩილმა ძალიან ზუსტი ფრაზით განსაზღვრა. ბრიტანელმა ლომმა თქვა: სტალინმა ბოთლიდან საშინელი ჯინი ამოუშვა და ამ ბოთლის სახურავი გააქრო. ამ ჯინს ჩვენ ვერასდროს ჩავსვამთ უკან და ვერც საცობს ვიპოვითო. სტალინის ეს ქმედებაც, ისევე, როგორც ამ ადამიანის სხვა სვლები, საბჭოეთის ინტერესებიდან გამომდინარეობდა და გაამართლა კიდეც. სტალინმა, ასეთი ნაბიჯებით, ყოველგვარი სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე, მოკავშირეებად გაიხადა ნახევარი მსოფლიო. თანაც მართვის სადავეები მხოლოდ მას ეპყრა ხელთ და ისე წარმართავდა, როგორც ამას საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესები მოითხოვდა. დასავლეთ გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი ამბობდა: ჩვენ (გულისხმობდა დასავლურ სამყაროს) გვეშინოდა, რომ ჰიტლერის დამარცხებით სტალინი ევროპის მეოთხედს გააწითლებდა და ამის აღსაკვეთად გაუწონასწორებელი ნაბიჯები გადავდგით. სტალინმა კი ევროპის სამი მეოთხედი გააწითლა და როდესაც ამას ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტად გაუწონასწორებელი და პოლიტიკურად გაუაზრებელი ქმედებები დაემატა, საბჭოთა ბელადმა ნახევარი მსოფლიო გააწითლაო. აბსოლუტურად ზუსტი განსაზღვრებაა და ამას ყველაზე მწვავედ განწყობილი დასავლელი ანტისტალინისტი მკვლევარ-ისტორიკოსებიც კი ეთანხმებიან...“

მთელი რიგი დასავლელი ექსპერტ-მკვლევრები წერენ, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების აღორძინება იმ ქვეყნებსა და კონტინენტებზე გარდაუვალი იყო და სტალინის დამსახურება ამ საქმეში არც ისე დიდიაო. ამით ამ მოსაზრების ავტორებს სტალინის როლის დაკნინება სურთ. თუმცა, არ გამოსდით და ამის დასტურია ვიაჩესლავ მოლოტოვის სიტყვები, რომელიც ამბობდა: „ეგრეთ წოდებული, „ცივი ომი“ ძალებს იკრებდა. დასავლეთი გვაწვებოდა და ცდილობდა, ძალიან მჭიდრო მარწუხებში მოვექციეთ, საიდანაც ვეღარასოდეს გავთავისუფლდებოდით. ამ სიტუაციაში სტალინმა ძალიან სწორი პოლიტიკური სვლა მოძებნა და მან მითხრა: რადგან ანგლოსაქსები ჩვენს, სლავების მოგუდვასა და განადგურებას ლამობენ, მათ ჩვენ ლათინოსებს, აზიელებსა და შავკანიანებს მივუსევთო. შემდგომ რამდენიმე ფრაზით განმიმარტა ამ კომბინაციის სქემა და ბოლოს თქვა: ამ არეალებში ადრე თუ გვიან მაინც გაჩნდება ანტიდასავლური წინააღმდეგობების კერები. და სანამ ანგლოსაქსები მათ ლოკალიზებას შეეცდებიან, ჩვენ უნდა დავასწროთ და გავაფართოოთ. და მართლაც, ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ მთელი მსოფლიო მოიცვა და ამის ფლაგმანი სტალინი იყო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული