ბელადები

როგორ გახდა სტალინი მსოფლიო პოლიტიკის რეჟისორი

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.01

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი ის ადამიანია, ის პოლიტიკოსი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბოლშევიკურ მოძრაობაში და სწორედ სტალინის დამსახურებაა, რომ ამ მოძრაობამ შეძლო ძალაუფლების ხელში აღება რუსეთის იმპერიაში და მის ნაცვლად, ახალი, მანამდე არნახული იმპერიის ჩამოყალიბება.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „მავანთა მტკიცების მიუხედავად, რომ თითქოს სტალინს სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ძალაუფლება, ეს მტკნარი სიცრუე და პიროვნების დისკრედიტაციისა და დამცირებისთვის გამოგონილი ფანტაზიის ნაყოფია. ასეთი გლობალური მასშტაბის მოვლენებში შემთხვევით არასდროს არაფერი ხდება. ჯერ ერთი, რომ სტალინმა სავსებით დაიმსახურა ის თანამდებობა, რაც მან შემდგომში დაიკავა და ამას წყალი არ გაუვა. და, მეორეც – სტალინმა ამ მწვერვალს თავისი შრომითა და რევოლუციური თავგანწირვით მიაღწია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოლშევიკური მოძრაობის ელიტაში სტალინი იყო უპირველესი პირველთა შორის. რომ არა „კობა“ (სტალინის იმჟამინდელი პარტიული ფსევდონიმი), ბოლშევიკური მოძრაობა ჯერ კიდევ 1906 წელს დალევდა სულს და ვეღარასოდეს დადგებოდა ფეხზე. საქმე ის იყო, რომ 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკური მოძრაობის ბირთვის 80 პროცენტი, ანუ ოთხი მეხუთედი რუსეთის იმპერიის საპყრობილეებში იყვნენ გაფანტულები. „ოხრანკა“ (სეფის რუსეთის საიდუმლო პოლიცია) იმ პერიოდში ძალიან ძლიერი იყო. მან („ოხრანკამ“) მოახერხა მათი დაქსაქსვა და ფაქტობრივად, ჩაკლა ბოლშევიკური მოძრაობა. ამასთანავე, ლენინი და მთელი რიგი გამოჩენილი იატაკქვეშა ბოლშევიკები ემიგრაციაში იმყოფებოდნენ. მათაც კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ თავიანთ კოლეგებთან და ფაქტობრივად, არანაირი კოორდინაცია არ ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული აქციები, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი თავად „ოხრანკის“ მიერ იყო პროვოცირებული. ყოველივე ამას პროვოკატორები ახორციელებდნენ და იყენებდნენ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ბოლშევიკების დასაპატიმრებლად და ბოლშევიკური მოძრაობის საბოლოოდ მოსასპობად. იმ პერიოდში სტალინიც დაპატიმრებული და ციმბირში გადასახლებული იყო. „ოხრანკა“ ზეიმობდა გამარჯვებას. თუმცა, მათ სიხარულს მალევე მოეღო ბოლო. სტალინმა მორიგი რისკიანი, თავხედური და დროული გაქცევა განახორციელა, პეტერბურგის გავლით თბილისში დაბრუნდა და დარწმუნდა, რომ ბოლშევიკური მოძრაობა, სადაცაა, სულს დალევდა. ამიტომ სასწრაფოდ შეკრიბა მკაცრი კონსპირაციის პირობებში თავისუფლებაზე მყოფი კავკასიელი კოლეგები და მათთან ერთად დასახა ბოლშევიკური მოძრაობის აღორძინების დეტალური გეგმა. გაქცევა მოუწყო ციმბირში მყოფ ფელიქს ძერჟინსკის, რომელიც სტალინს საიმედო ძალად მიაჩნდა და ფილიპე მახარაძეს. ამ აქციების შემდეგ კი კავშირი აღადგინა ემიგრაციაში მყოფ ლენინთან. ფილიპე მახარაძის ხელით თავისი გეგმა გაუგზავნა მას, რომელიც ლენინმა მოიწონა და ფაქტობრივად, ჩამკვდარი ბოლშევიკური მოძრაობა ახალი ძალითა და ენერგიით აღავსო...“

დიდი ალბათობით, უკვე 1906 წლის მოვლენების შემდეგ ლენინმა სტალინში თავისი შემცვლელი დაინახა და ფაქტობრივად, მას, 27 წლის ახალგაზრდას, ჩააბარა რუსეთის მთელი ბოლშევიკური მოძრაობის არალეგალური ქსელი. ისტორიული ფაქტია, რომ 1906 წლიდან მოყოლებული ლენინი ყოველმხრივ უწყობდა ხელს სტალინს და მათ შორის აბსოლუტური თანხმობა სუფევდა. ეს ტანდემი (ლენინ-სტალინი)1917 წელს ისე მივიდა ოქტომბრის რევოლუციამდე, რომ მათ შორის უთანხმოება არ ყოფილა.

იაკობ კედმი: „ეს კიდევ საკითხავია – ლენინი უწყობდა ხელს სტალინს წინსვლაში, თუ სტალინის მოღვაწეობამ შეუნარჩუნა ლენინს თავისი სტატუსი. ჩემი აზრით, მეორე მოსაზრებაა სწორი და ერთადერთი. სტალინს რომ არ ემოქმედა, ლენინი სამუდამო ემიგრაციაში დარჩებოდა. ბოლშევიკური ლიდერები კი – ციხეებში. მოძრაობა კი საბოლოოდ ჩაკვდებოდა. შეიძლება, რევოლუცია მაინც მომხდარიყო, მაგრამ ბოლშევიკები თამაშგარე აღმოჩნდებოდნენ. ეს იყო ისტორიული გარდამტეხი მომენტი და ამის უარყოფა უარმყოფლის არაობიექტურობასა და სისულელეზე მიუთითებს. სტალინმა მსგავსი ქარტეხილები შემდგომშიც არაერთხელ გადაიტანა და კაცობრიობის ისტორიაში სწორედ ამიტომაც დამკვიდრდა ცენტრალურ პოლიტიკურ ფიგურად.“

მართალია, დასავლეთში ყველანაირად აკნინებდნენ იოსებ სტალინის ღვაწლს საყოველდაო მშვიდობის დამყარებასა და ბოროტების დამარცხებაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ფაქტებს ვერსად გავექცევით.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „სტალინი მრავალმხრივ გამოჩენილი ფიგურა იყო და მისი გამორჩეულობა მხოლოდ პოლიტიკაში არ გამოვლინებულა. სტალინი პოლიტიკას მხოლოდ ინსტრუმენტად იყენებდა სხვადასხვა სფეროების ასაღორძინებლად, უფრო სწორად, ყველა სფეროს ასაღორძინებლად. სტალინს, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის რუსული და საბჭოთა კულტურის წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩემი ღრმა რწმენით, სტალინი რომ რევოლუციონერი არ ყოფილიყო და მხოლოდ კულტურულ სფეროში ემოღვაწა, მისგან უდიდესი რეჟისორი დადგებოდა. სტალინი იყო კიდეც რეჟისორი, მაგრამ არა ვიწრო სფეროში, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში და თანაც, უდიდესი რეჟისორი.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული