ბელადები

როგორ გახდა მელიტონ ქანთარია, ბერიას წყალობით, მთავარი საბჭოთა მედროშე

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.09

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ბერია ძალიან ეშმაკი და მოხერხებულ ადამიანი იყო, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ამასთან, ის ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ. სტალინის დროს ეს მეტად საშიში იყო, თუმცა ლავრენტი ოსტატურად იცილებდა თავიდან მის საყვედურს თავნებობისთვის. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ასეთი საყვედური მაინც ატყდებოდა თავს, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც უვნებელი რჩებოდა.

იაკობ კედმი: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა მაღალჩინოსანი ფუნქციონერი იყო, პირველ რიგში, ის თავისი ერის, ქართველი ხალხის პირმშოდ მიიჩნევდა თავს და მის ინტერესებს ემსახურებოდა. ფალსიფიცირებულ სასამართლოზე სწორედ ამიტომაც დასდეს ბრალი ნაციონალიზმში. ეს კი იმ პერიოდში სასიკვდილო ცოდვად მიიჩნეოდა. თუმცა, ჩემი აზრით, ნაციონალიზმი, თუკი ამას ექსტრემიზმი არ ახლავს თან, ნორმალური ეროვნული გამოვლინებაა. ბერიას კი ასეთი გამოვლინებები ნამდვილად არ აკლდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო დაცემულ ბერლინში რაიხსტაგის სახურავზე წითელი დროშის აღმართვა. როგორც ცნობილია, დროშა რაიხსტაგზე ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აიტანა. მეავტომატე კი რუსი ეგოროვი იყო. როგორც ამ ამბების მონაწილეების მონათხრობებიდანაა ცნობილი, ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ბერიას მითითებით განხორციელდა.

ბერიას დაცვის უფროსი რაფაელ სარქისოვი იხსენებდა: „ლავრენტი პავლოვიჩმა სერგო გოგლიძეს უთხრა: ბერლინი დღე დღეზე დაეცემა და დრო არ ითმენს. რაიხსტაგზე წითელი დროშა უნდა აფრიალდეს. ეს კი ეროვნებით ქართველმა უნდა გააკეთოს. მისი თანმხლები პირი კი ეროვნებით რუსიო. ასე გახდა სოფელ რუხის მკვიდრი მელიტონ ქანთარია მთავარი საბჭოთა მედროშე სამამულო ომში და მისი თანმხლები კი მეავტომატე რუსი ეგოროვი.“

რაიხსტაგზე დროშის აღმართვის ისტორიული კინოკადრები და ფოტოები საყოველთაოდაა ცნობილი. თუმცა, იქ იყო კიდევ ერთი მომენტიც. როდესაც რაიხსტაგზე წითელი დროშა აღიმართა, მის ფასადზე სტალინის უზარმაზარი პორტრეტი ჩამოჰკიდეს. ქვეშ კი ქართულ ენაზე ეწერა შოთა რუსთაველის აფორიზმი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ცნობილი მწერალი კონსტანტინე სიმონოვი იხსენებდა: „რაიხსტაგზე დროშის აღმართვა და სტალინის პორტრეტის გადმოკიდება ქართული წარწერით რომმა ყველა რაკურსით გადაიღო კინოფირზე და ჩვენი გაზეთის, „პრავდის“ ფოტოგრაფმა. მე მაშინ მივლინებით ბერლინში ვიმყოფებოდი, რომ ამ მოვლენის შესახებ რეპორტაჟი მომემზადებინა „პრავდისთვის“ და რომთან ერთად მოსკოვში დავბრუნდი. კინო და ფოტოფირები მალევე გამჟღავნდა. ფოტოები ამოიბეჭდა. ფირიც მზად იყო და კრემლში გავქანდით, რომ ეს მასალა სტალინისთვის გვეჩვენებინა. ბელადმა ჯერ ფოტოები დაათვალიერა და დროშის აღმართვის კადრებიდან რამდენიმე პირადად აარჩია, რათა „პრავდის“ სპეციალურ ნომერში დაგვებეჭდა. ხოლო, ქართულწარწერიანი ფოტოების დაბეჭდვა აგვიკრძალა და ფოტოები თვითონ დაიტოვა. ბელადმა იგივე მითითება მისცა რომს და თავისი ქართულწარწერიანი ფოტო ფილმიდან ამოაღებინა. აგრეთვე, ჟუკოვს დაურეკა ბერლინში და უბრძანა, რომ რაიხსტაგის ფასადიდან ქართულწარწერიანი პორტრეტი ჩამოეხსნათ.“

სტალინს, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, ვინ იდგა ყოველივე ამის უკან. როგორც სტალინის მდივანი პოსკრებიშევი ყვებოდა, სტალინს ბერია კაბინეტში დაუბარებია და უთქვამს: რაიხსტაგზე რომ წითელი დროშა ქართველს აღამართვინე, ეს კიდევ არაფერია, თუმცა ჩემთან არ შეგითანხმებია, მაგრამ ჩემს პორტრეტზე ქართულენოვანი წარწერა უკვე მეტისმეტიაო. სტალინის საყვედური, თანაც ურჩობისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი საფრთხის შემცველი იყო. თუმცა, ბერიამ შესანიშნავად იცოდა, თუ როგორ უნდა აეცილებინა თავიდან ეს რისხვა, თანაც თავისი ხაზიც გაეტარებინა და ეს მას იმ შემთხვევაშიც შესანიშნავად გამოუვიდა. როდესაც კრემლში ქანთარია და ეგოროვი ორდენების გადასაცემად მიიწვიეს, ამ პროცესს ბერიაც ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც მელიტონ ქანთარიას საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი დაჰკიდეს, ბერია მას გადაეხვია და გულმხურვალედ მიულოცა ეს ჯილდო. ამ მომენტს კონსტანტინე სიმონოვი ძალიან ემოციურად აღწერს. ის წერეს: „ბერია ქანთარიას გადაეხვია, ზურგზე ხელები დაუტყაპუნა და ცრემლებმომდგარმა რაღაც ფრაზა უთხრა მეგრულ ენაზე. ქანთარიამ მეგრულადვე უპასუხა ბერიას და თვალები თავადაც აუცრემლდა“. რაიხსტაგზე დროშის აღმართვით ბერიამ ქართველი მეომარი გამარჯვების სიმბოლოდ აქცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა