ბელადები

როგორ გაემგზავრა საბჭოთა სპორტული ნაკრები ბერიას წყალობით პირველ ოლიმპიადაზე

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 12.11

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ფართო დიაპაზონის ადამიანი იყო, მრავალი მისწრაფება ჰქონდა და მათ შორის ერთ-ერთი სპორტი იყო.

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „მამაჩემი რომ სპორტის დიდი მოამაგე და გულშემატკივარი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. სპორტული საზოგადოება „დინამო“, ფაქტობრივად, მამაჩემის შექმნილია. მამამ დაამკვიდრა ჯანსაღი ცხოვრების წესი როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში, რომლის ეგიდითაც ეს საზოგადოება ფუნქციონირებდა, ასევე საზოგადოდ. სხვათა შორის, 1952 წელს რომ საბჭოთა კავშირმა პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, ჰელსიკიში, თავიდან ბოლომდე მამაჩემის დამსახურებაა. სწორედ მამამ დაარწმუნა სტალინი, რომ ოლდიმპიადაზე გაეშვა საბჭოთა ნაკრები.

სტალინი ნებისმიერ სფეროში ჩატარებულ დიდ ღონისძიებებს პოლიტიკური კუთხით უყურებდა და ნებისმიერი მარცხი პოლიტიკურ მარცხად, ქვეყნის მარცხად და მისი პრესტიჟის შელახვად მიაჩნდა. აი, ამიტომ არ უნდოდა სტალინს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, რადგან პირველ რიგში, სპორტისთვის მაინცდამაინც არ ეცალა და არ იცოდა ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო არენაზე. მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირს არასდროს მიუღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში. მამა კი კარგად იცნობდა ამ ყველაფერს და სტალინს დაჟინებით სთხოვდა ნებართვას. მამაჩემის სიტყვებს ზუსტად გავიმეორებ. სტალინს მამასთვის უთქვამს:

– ლავრენტი, რა გარანტია გაქვს, რომ ოლიმპიადაზე არ შევრცხვებით და წარმატებას მივაღწევთ?

– ამხანაგო სტალინ, ამის გარანტიაა ის შედეგები, რასაც ჩვენი სპორტსმენები შეჯიბრებებზე აჩვენებენ. ამ შედეგების შედარება საუკეთესო საზღვარგარეთელი სპორტსმენების შედეგებთან მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენები მრავალ სახეობაში ჯობნიან თავიანთ უცხოელ მეტოქეებს.

– მაინც რა შედეგებს ელოდები ამ ოლიმპიადიდან?

– პირველ სამეულს, ამხანაგო სტალინ. სამეულში აუცილებლად მოვხვდებით. შესაძლოა, მხოლოდ ამერიკას დავუთმოთ პირველობა, მაგრამ ეს სულაც არაა სასირცხვილო. ამერიკელებს ასეთ ფორუმებში მონაწილეობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, თანაც მათი სპორტი აბსოლუტურად პროფესიონალურია. ანუ სპორტსმენობა მათი პროფესიაა და ამაში მათ დიდ ფულს უხდიან. ჩვენები კი მოყვარულები არიან. მათი უმრავლესობა ფრონტზე იბრძოდა და დაჭრილებიც იყვნენ.

სტალინმა ყურადღებით მოუსმინა მამას და ბოლოს უთხრა:

– კარგი, ლავრენტი, იყოს შენებურად. წავიდნენ ოლიმპიადაზე, მაგრამ თუკი ჩვენი გუნდი სამეულს მიღმა აღმოჩნდება, შენც სამეულს მიღმა შეიძლება, აღმოჩნდეო.

სამეულში სტალინი, სავარაუდოდ, ქვეყნის მმართველთა სამეულს გულისხმობდა, სადაც მამა მეორე ადგილს იკავებდა.

ოლიმპიადის შედეგებით, როგორც მამა ვარაუდობდა, საბჭოთა ახალბედა ნაკრებმა მეორე გუნდური ადგილი დაიკავა და მხოლოდ ამერიკელებს ჩამორჩა. თანაც, ძალიან მცირედით. სტალინი გახარებული იყო და მამა ძალიან შეაქო. მამაჩემი კი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. განსაკუთრებით კი საქართველოს წარგზავნილთა შედეგები ახარებდა. 14 ქართველს შორის 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო განაწილდა. ეს კი პატარა საქართველოს დიდი წვლილი იყო საერთო წარმატებაში. ასეთი შედეგები ოლიმპიადაზე ბევრ ეროვნულ ნაკრებს არ მოუპოვებია და მამამ ყველა ქართველი ოლიმპიელი დააჯილდოვა. მედალოსნები კი, რომ იტვიან, მეფურად დაასაჩუქრა.“

ლავრენტი ბერიამ სპორტისა და ფიზკულტურის განვითარება ჯერ კიდევ საქართველოს ცეკას პირველი მდივნობისას დაიწყო და რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ფეხბურთი იყო და სხვადასხვა კანონიერი საშუალებების გამოყენებით, „დინამოს“ ფეხბურთელებს დიდ ხელფასებს უხდიდა. თუმცა, ბერია არც სხვა სახეობებს ივიწყებდა. ფეხბურთთან ერთად ავითარებდა ტრადიციულ დისციპლინებს – ჭიდაობას, ტანვარჯიშს, კალათბურთსა და ცხენოსნობას. ბერიას ძალისხმევით აშენდა თბილისის იპოდრომი, ტანვარჯიშისა და ჭიდაობის სასახლეები და რა თქმა უნდა, ულამაზესი სტადიონი – „დინამო“.

სერგო ბერია: „მამას ძალიან უყვარდა ცხენები და ცხენოსნობა. ამ სახეობის განვითარებისთვისაც საკმაო სახსრები მოიზიდა. ჩამოიყვანა საუკეთესო ჯიშის ცხენები და შესანიშნავი ინფრასტრუქტურა შექმნა. ერთი ისტორია მახსენდება, რომლის მხილველიც თავად ვარ. 1949 წელი იყო. მოსკოვის იპოდრომზე ტრადიციული მარულა იმართებოდა. ამ შეჯიბრებას თითქმის მთელი საბჭოთა მთავრობა ესწრებოდა. ჩვეულებისამებრ ამ მარულაში მარშალი სემიონ ბუდიონის მხედრები იმარჯვებდნენ. ისინი, მართლაც რომ, რჩეულები იყვნენ. ბუდიონი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ესწრებოდა ხოლმე ამ შეჯიბრებას და თავის ფავორიტებსაც თავად აჯილდოებდა. ერთი სიტყვით, მთავარი მარულა ყველაზე ბოლოს იმართებოდა და მასში გამარჯვება ყველაზე პრესტიჟული იყო. ფავორიტად ორლოვური ჯიშის ცხენი, სახელად „ფავორიტი“ მიიჩნეოდა. მას კი კაპიტანი ვოლკოვი მართავდა, რომელიც მარულების ცხრაგზის გამარჯვებული იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ფავორიტსა“ და ვოლკოვს მთელს მარულაში ცხენმა „ენგურმა“ აჯობა, რომელსაც მხედარი კორძაია მართავდა. მამა გახარებული იყო. ბუდიონი კი ისე გამწარდა, რომ თავლაში შევარდა, შაშკა იძრო და ვოლკოვზე გაიწია. რომ არა მამაჩემი, ვოლკოვს მარშალი შუაში გაჩეხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი