როგორ გადაურჩა ხრუშჩოვი სტალინის რისხვას დაკარგული ოქროს გამო
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც უდიდესი დამსახურება აქვს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებასა და შემდგომ პერიოდში ქვეყნის აღდგენაში, რამაც საბჭოთა ქვეყანა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოდ გადააქცია.
პროფესორი დიმიტრი პოტაპოვი: „ბერიაზე შექმნილი „შავი მითები“ მის მანიაკობასა და სადიზმზე სხვა არაფერია, თუ არა ამ ადამიანის კომპრომიტირება. ასეთი ხერხი უცხო არ ყოფილა ხრუშჩოვის მმართველობის ათწლიან, ეგრეთ წოდებული, „დათბობის“ პერიოდში. ეს ხრუშჩოვისეული ანტიბერიული პროპაგანდა მიზნად ისახავდა ერთადერთ რამეს – ხრუშჩოვის უსაშინლესი დანაშაულებების დაფარვასა და ყველაფრის ბერიაზე გადაბრალებას. ხრუშჩოვი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო და უკრაინელ მმართველად მუშაობის პერიოდში სწორედ მისი ბრძანებით გაანადგურეს მილიონობით უკრაინელი. ბერია კი იმ პერიოდში ამიერკავკასიასა და საქართველოს ედგა სათავეში და ეს რეგიონი არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაში გადაიქცა ერთ-ერთ მოწინავედ. იმავდროულად, სწორედ ამ რეგიონში ფიქსირდებოდა რეპრესირებულთა ყველაზე დაბალი რაოდენობა მთელი ამ უზარმაზარი ქვეყნის მასშტაბით და ეს უცილობელი ფაქტია, ფაქტებს კი ვერსად გაექცევი. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ბერიას დამსახურებით გახდა შესაძლებელი საბჭოთა ინდუსტრიის უსწრაფესი გადატანა ფრონტის წინა ხაზიდან ციმბირში და სწორედ ამ მომენტმა ითამაშა ერთ-ერთი უმთავრესი როლი ომში დიად გამარჯვებაში. ხრუშჩოვმა კი იმ პერიოდში ისიც ვერ მოახერხა, რომ კიევიდან უსაფრთხო ადგილზე დროულად გადაეტანათ უკრაინის ცენტრალურ ბანკში შენახული ოქროს მარაგი, რაც 85 ტონა 999 სინჯის ბაჯაღლო ოქროს ზოდებად იყო ჩამოსხმული. კიევში შეჭრილმა ფაშისტებმა კი მთლიანი მარაგი იქიდან პირწმინდად გაზიდეს და შემდგომ სწორედ ბერიას მოუწია მის დაბრუნებაზე ზრუნვა. განსაჯაროებულ საიდუმლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ როდესაც ფაშისტებმა კიევიდან მთელი ოქროს მარაგი გაიტანეს, თავდაპირველად გერმანიაში უნდა ჩაეტანათ, მაგრამ მათ ამის გაკეთება გადაიფიქრეს. შეეშინდათ, რომ ან პარტიზანები გადაუღობავდნენ გზას ან ინტენსიური საჰაერო დაბომბვის ქვეშ მოხვდებოდნენ. ამიტომ მთელი ეს ნაძარცვი ოქრო გადამალეს. მაგრამ სად, უცნობი იყო. ერთადერთი ზუსტი ინფორმაცია ის იყო, რომ ამ ოპერაციას ზონდერჯგუფი, სახელად, S ახორციელებდა. ამ ზონდერჯგუფს კი ხელმძღვანელობდა გენერალი ზეპ-დიტრიხი. ის პირადად მონაწილეობდა ოქროს გამოტანა-გადამალვაში. სწორედ ის ზეპ-დიტრიხი იყო, ვინც ადოლფ ჰიტლერს „გრძელი დანების ღამე“ მოაწყობინა და ერნსტ რემი მოაშორებინა, რის შემდეგაც რაიხსკანცლერმა განუზომელი ძალაუფლება მიიღო. აქედან გამომდინარე, ზეპ-დიტრიხი ფიურერის დიდი ნდობით სარგებლობდა. მას ყველაზე საპასუხისმგებლო საიდუმლო დავალებებს აძლევდა. ზეპ-დიტრიხის კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული დაჯგუფება კი უმაღლეს დონეზე ასრულებდა ყველა დავალებას. ბერიამ ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა მაინც ჰქონდა იმედი, რომ კარგად დამუშავებული და შესრულებული სპეცოპერაციის მეშვეობით მოახერხებდა გატაცებული ოქროს აღმოჩენასა და უკან დაბრუნებას. ბერიამ ფაშისტების წინააღმდეგ მორიგი თამაში წამოიწყო. საბჭოთა საგარეო დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფაშისტები სტალინის ლიკვიდაციას აპირებდნენ და საამისოდ საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. „ენკავედემ“ 1944 წლის იანვარში ერთ-ერთი ასეთი შვიდკაციანი ჯგუფი აიყვანა. ისინი მოსკოვის მახლობლად გადმოსხეს. მათი ამოცანა იყო, ადგილობრივი მოსახლეობისგან დამხმარე ჯგუფის შექმნა, რომელიც მათ სტალინის ლიკვიდაციაში დაეხმარებოდა. გაიბა „რადიოთამაში“. ფაშისტები დარწმუნდნენ, რომ სტალინის მოსაკლავად ნიადაგი მზად იყო და მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციური ჯგუფის დახმარებას საჭიროებდნენ. ასეთი ჯგუფი კი ზეპ-დიტრიხის მებრძოლები იყვნენ. ანუ ბერია დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი სწორედ ამ ჯგუფს გაგზავნიდა სტალინის სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად და ძაღლის თავის სწორედ აქ იყო დამარხული. მთელი ეს ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ იმას ისახავდა მიზნად, რომ ზეპ-დიტრიხის ჯგუფი ჩამოეტყუებინათ. მათი ჩამოსვლა კი იმისთვის იყო საჭირო, რომ მათგან ინფორმაცია მიეღოთ კიევდიან გატანილი ოქროს ადგილსამყოფლის შესახებ. ამ ოპერაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მართალია, თავის მებრძოლებს თავად ზეპ-დიტრიხი არ ჩამოჰყოლია, მაგრამ ვინც სტალინის სალიკვიდაციოდ ჩამოსხეს, მათაც იცოდნენ გატაცებული ოქროს შესახებ. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და ლუბიანკაზე მათ ყველაფერი „დაფქვეს“. აღმოჩნდა, რომ 85 ტონა ოქრო კარპატების მთებში მოწყობილ სპეცსანახში იყო გადამალული. იმ პერიოდში კი კარპატები უკვე გაწმენდილი იყო ფაშისტებისგან და ოქროს უკან დაბრუნება უპრობლემოდ მოხერხდა. ამგვარად, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ხელიდან გაშვებული ოქრო ლავრენტი ბერიამ დააბრუნა უკან. ამ ისტორიაში კი საოცარი ის იყო, რომ ოქროს ხელიდან გაშვების გამო სტალინმა ხრუშჩოვი სიკვდილით არ დასაჯა, ამის გამო საყვედურიც კი არ უთხრა. ერთი სიტყვით, ხრუშჩოვი გადარჩა და ეს ისტორიული პარადოქსია. პარადოქსია ისიც, რომ სწორედ ხრუშჩოვის თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ბერიას განადგურება... და ზოგჯერ ისტორიაც უშვებს უხეშ შეცდომებს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან