როგორ გადაიბირა სტალინმა ამიერკავკასიის ჟანდარმერიის მაღალჩინოსანი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინი ის ადამიანია, ვის შესახებაც, ერთი შეხედვით, აბსოლუტურად ყველაფერია ცნობილი. რადგან მასზე მართლაც ბევრია დაწერილი და გადაღებული, რომლებშიც თითქმის, მისი ცხოვრების ყოველი წუთია აღწერილი. თუმცა ეს ასე არაა და არსებობს საბჭოთა ბელადის ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფიული მომენტები, რომელთა შესახებაც მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში გახდა ცნობილი და ეს პერიოდი მისი რევოლუციურ-იატაკქვეშა მოღვაწეობაა მეოცე საუკუნის პირველ დეკადაში.
იაკობ კედმი: „1907 წლის თბილისის, ეგრეთ წოდებული, ექსპროპრიაცია მაშინდელ ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი მსხვილი აქცია იყო. მაშინ კობას (იმ პერიოდში სტალინის პარტიული ფსევდონიმი) და კამოს (სიმონ ტერ-პეტროსიანი) მონაწილეობით გაიძარცვა სახელმწიფო ხაზინის ეტლი. გაიტაცეს 350 ათასი მანეთი ოქროთი და მსხვილი კუპიურებით. ჟანდარმერიამ მალევე დაადგინა მთავარი ორგანიზატორებისა და შემსრულებლების (შესაბამისად, კობა და კამო) ვინაობები თავიანთი „შპიკების“ (აგენტების) მეშვეობით. სტალინსა და კამოზე კი საიმპერატორო ძებნა გამოცხადდა. იატაკქვეშელ ბოლშევიკებს ეძებდნენ არა მხოლოდ მთელი რუსეთის იმპერიაში, არამედ მთელ ევროპაშიც. ამ დროს კი სტალინი თბილისში იმალებოდა. დროგამოშვებით ბაქოსა და სანკტ-პეტერბურგშიც გადაადგილდებოდა. კამო კი ემზადებოდა ამ თანხის შვეიცარიაში ჩასატანად, რათა ლენინისთვის გადაეცა. თბილისში ექსპროპრიატორების მთავარი მძებნელი პოლკოვნიკი ვსევოლოდ ოსტროვსკი იყო. მას, ამიერკავკასიის სამძებროს უფროის მოადგილის პოსტი ეკავა. ის იყო 42 წლის პროფესიონალი ჟანდარმი. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. ჰქონდა უბადლო რეპუტაცია, არაერთი საიმპერიო ჯილდო და მას პეტერბურგში დაწინაურებას უპირებდნენ, თუმცა, ოსტროვსკის ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა. 42 წლის პოლკოვნიკი ჰომოსექსუალი იყო... მას ჰყავდა 23 წლის საყვარელი, ასევე, ჟანდარმერიის თანამშრომელი, გვარად ჯანბეკოვი, რომელიც ოსტროვსკის ადიუტანტი იყო და პოლკოვნიკს ყველგან თან ახლდა. ჯანბეკოვი ლამაზი, ტანადი ახალგაზრდა იყო, მაგრამ გონებით მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა და უკუღმართულ მიდრეკილებებთან ერთად, სუსტი ნებისყოფაც ჰქონდა – უყვარდა ალკოჰოლი და ოსტროვსკისგან თავისუფალ დროს შეფისა და საყვარლისგან – ოსტროვსკისგან – მიღებული ფულით თბილისის ელიტურ ბორდელში ატარებდა დროს, რომლის მფლობელი მადამ ფიფი იყო, კორდებალეტის ყოფილი მოცეკვავე ოდესიდან. ფიფი ბოლშევიკ-იატაკქვეშელებისგან იღებდა ყოველკვირეულ ხელფასს, სამაგიეროდ კი, მას იატაკქვეშელებისთვის ინფორმაციები უნდა მიეწოდებინა იმ ჩინოვნიკებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე, ვინც მისი ბორდელის მომსახურებით სარგებლოდა. ეს კობას (სტალინის) მოფიქრებული და აწყობილი იყო. სწორედ ფიფიმ აუწყა სტალინს ჯანბეკოვისა და ოსტროვსკის ამბავი. ჯანბეკოვი ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბორდელში დათვრა და მეძავს გამოუტყდა, რომ ოსტროვსკის საყვარელი იყო. ხოლო როდესაც ეს ინფორმაცია კობამდე მივიდა, ჯერ ჯანბეკოვს ესაუბრა და გამჟღავნების მუქარით გადაიბირა. შემდგომ კი ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში, სადაც პოლკოვნიკი და მისი საყვარელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ფარული ფოტოები გადაუღეს და კობას უკვე ისეთი კოზირი ეჭირა ხელში, რომელიც მას ოსტროვსკის გადაბირების საშუალებას მისცემდა.
1907 წელს კაზაკ პატრულებად შენიღბული კობა და კამო ოსტროვსკის სოლოლაკში, მისსავე ფეშენებელური სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ. კობა მისსავე მძებნელს თხუთმეტიოდე წუთი ესაუბრა და თანამშრომლობაზე დაითანხმა. იმ დღიდან მოყოლებული, პოლკოვნიკი კობას რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციებს ბოლშევიკებთან შეგზავნილ თუ გადაბირებული პროვოკატორების შესახებ. აქედან გამომდინარე, კობა და მისი ხელქვეითები კიდევ უფრო მოუხელთებელნი გახდნენ, ბოლშევიკების არაერთი პროვოკაცია აიცილეს თავიდან და სრულად გაწმინდეს თავიანთი რიგები პროვოკატორებისა და მოღალატეებისგან. ეს თანამშრომლობა 1908 წლის მაისამდე გრძელდებოდა, მაგრამ 1908 წლის მაისში, ერთ-ერთი ფარული პაემნის დროს, არყით გალეშილმა ჯანბეკოვმა ოსტროვსკის ყელი გამოჭრა. ამის გამო პოლკოვნიკის ადიუტანტი გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს.
მართალია, კობას მიერ გადაბირებულმა პოლკოვნიკმა მცირე ხნით ითანამშრომლა სტალინთან, მაგრამ მან იმდენი ინფორმაცია მოიპოვა, რომ ამიერკავკასიის ჟანდარმერიის მუშაობის მნიშვნელოვანი პარალიზება შეძლო.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




