ბელადები

როგორ გადაიბირა დაკავებულმა ბერიამ პოლიციის მაღალჩინოსანი

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.01

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას საქმემ არაერთი საბჭოთა პარტიული, სამხედრო და უშიშროების მაღალჩინოსანი შეიწირა. ერთ-ერთი მათგანი იყო აზერბაიჯანის ცეკას პირველი მდივანი მირ-ჯაფარ ბაგიროვი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მირ-ჯაფარ ბაგიროვი ლავრენტი ბერიას პირადი მეგობარი იყო. ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ნორჩმა ბერიამ ბაგიროვი მაშინ გაიცნო, როდესაც ბაქოს ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მოღვაწეობდა. იმ პერიოდში ბაგიროვი აზერბაიჯანის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, ერთხანს კი ბაქოს მთავარი პოლიცმაისტერის მოვალეობის დროებით შემსრულებელიც კი. როგორც გასაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ბოლშევიკური აქციის დროს, როდესაც ბერიას აჯანყების მოსაწყობად ბაქოში იარაღი არალეგალურად შეჰქონდა, ის დააკავეს და დაკითხვაზე სწორედ ბაგიროვთან აღმოჩნდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ბერია გაათავისუფლეს. იარაღმა კი დანიშნულების ადგილს მიაღწია.

მოგვიანებით, უკვე აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სადაც ბერია „ჩეკას“ ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მისმა კოლეგამ, კომისარმა მამედ მამედოვმა ბერიას პროვოკატორობაში დასდო ბრალი და საბუთად მოიყვანა ერთ-ერთი ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინმე ოსმან აზიმ-ზადე. ეს ადამიანი იმ პერიოდში ბაქოს ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც ახალმა ხელისუფლებამ გაამწარა და ადრე კი ის პოლიცმაისტერ ბაგიროვის ერთ-ერთი მოადგილე იყო. სხვათა შორის, იმ პერიოდში, იგივე ბრალდებით იჯდა ციხეში თავად ბაგიროვიც. ოსმან აზიმ-ზადე აცხადებდა, რომ ბაგიროვმა დაკავებული ბერია გადაიბირა და ამიტომაც გაათავისუფლა. შემდგომ კი მას პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებდაო. სამსახურებრივმა შემოწმებამ არ დაადასტურა ეს ფაქტი და ბერია გამართლდა. კომისარი მამედოვი კი ერთი თვის შემდეგ კასპიის ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს. სულ მალე ბერია საქართველოში გადაიყვანეს სამუშაოდ და „ჩეკამ“ ერთ-ერთი განყოფილება ჩააბარეს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „როგორც შემდგომ გაირკვა, ბაგიროვის კაბინეტში მართლაც მოხდა გადაბირება, თუმცა არა ისე, როგორც ამას მამედოვი ამტკიცებდა, არამედ პირიქით დაკავებულმა ბერიამ დაარწმუნა ჩინოსანი პოლიციელი ბაგიროვი, რომ სულ მალე აზერბაიჯანი გასაბჭოვდებოდა და თანამშრომლობა შესთავაზა. პრაგმატულმა ბაგიროვმა შეთავაზება მიიღო და ფაქტობრივად, ბერიას აგენტი გახდა. ამ შემთხვევამ ბერიას საშუალება მისცა, რომ ბაგიროვი ჯერ ციხიდან გამოეყვანა, შემდეგ კი პარტიის წევრად გამოეცხადებინა. ბერიამ მას თავბრუდამხვევი კარიერაც გააკეთებინა და სტალინს აზერბაიჯანის მმართველად დაანიშნინა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ბაგიროვი საკმაოდ ჭკვიანი, ძალაუფლებიანი ადამიანი იყო და არც ნიჭი აკლდა. მან ბერიას ერთგულებისა და პატივისც:ემის ნიშნად მეგრული ენაც კი კარგად შეისწავლა და ხშირად ბერია და ბაგიროვი ერთმანეთს სწორედ ამ ენაზე ელაპარაკებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მირ-ჯაფარ ბაგიროვი 9 ლენინის ორდენით იყო დაჯილდოვებული და ეს აბსოლუტური რეკორდია.“

ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ ბაგიროვმა გაშიფრა ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე მჯომი ბერიას ორეული. ერთ-ერთ სხდომაზე ბაგიროვი პატიმარი მოწმის სახით მიიყვანეს იქ და წინასწარ შეასწავლეს ტექსტი, რომელიც ბერიას წინააღმდეგ უნდა წარმოეთქვა. ბაგიროვი ამ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა, როდესაც სასამართლოზე ბერიასთან დასაპირისპირებლად მიიყვანეს, საზრიანმა ბაგიროვმა ორეულს მეგრულად გაუბა საუბარი. მან კი ეს ენა არ იცოდა, დაიბნა. და პირი დააღო. მაშინ ბაგიროვს სარკასტულად წამოუძახია: ბერია მოკლულია, ის თქვენ მოკალით. ეს ადამიანი კი მისი ორეულიაო. ეს მხილება მირ-ჯაფარ ბაგიროვს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მას ბრალდებები დაუმძიმეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. შემდგომ კი დახვრიტეს. ასე გაუსწორდა ხრუშჩოვი და კამპანია ბერიასა და მის გუნდს, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მირ-ჯაფარ ბაგიროვი იყო.

ბერიას წყალობით, საბჭოთა უშიშროებაში განსაკუთრებულად ძლიერი „ვერბოვშჩიკები“ (გადამბირებლები) ჰყავდათ. ამისთვის ბერიამ სპეციალური სკოლა ჩამოაყალიბა. ამ სკოლაში გამორჩეული ფსიქოლოგები, მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ. ამ საქმიანობაში ბერიამ ექსტრასენსებიც ჩართო და პირველი მერცხალი ვოლფგანგ მესინგი იყო, რომელიც „ჩეკისტებს“ თავის გამოცდილებას უზიარებდა. ბერიამ იცოდა, რომ ინფორმაციის მოპოვების ხელოვნება უშიშროების მოღვაწეობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო და ეს მიმართულება ამიტომაც გააძლიერეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული