ბელადები

როგორ გადაარჩინა სტალინმა ბოლშევიკური მოძრაობა კრახისგან

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 20.02

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინის ბიოგრაფია სავსეა ხიფათითა და იმავდროულად, დიდი გამარჯვებებით. ამ ადამიანის ბობოქარ ცხოვრებაში არ ყოფილა წუთი, რომ მას, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე არ გაევლო. საბჭოთა ბელადი მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა როგორც „ოხრანკის“, ასევე საერთაშორისო პოლიციისა თუ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან და ყველა ასეთი დაპირისპირების შემდეგ ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სტალინი მრავალმხრივი ნიჭისა და ძალიან ფართო გაქანების ადამიანი იყო. იატაკქვეშა რევოლუციონრობის პერიოდში მან ისეთი პრაქტიკა გაიარა, რომ მმართველობის წლებში ძალიან გამოადგა. საბჭოთა ბელადს მრავალ ცოდნისა და უნარ-ჩვევებთან ერთად, იმპროვიზაციისა და არტისტიზმის უბადლო ნიჭი ჰქონდა. ამ თვისებას სტალინი არაერთხელ გადაურჩენია ურთულეს მომენტებში და მისი კოლეგები და თანამებრძოლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. 1908 წელს მიუნხენში ბოლშევიკ-რევოლუციონერთა დიდი შეკრება იმართებოდა, რომელიც ლენინმა დანიშნა. ამ შეკრებაზე იმ პერიოდის ყველა გამოჩენილი ბოლშევიკი იყო მიწვეული. ლენინის მითითებით, ოთხი დღით წინასწარ იყო დაჯავშნილი მიუნხენის ერთ-ერთი სასტუმროს დარბაზი და ფულიც უკვე სრულად იყო გადახდილი. ამ შეკრების საორგანიზაციო საკითხები იაკობ მიხეილის ძე სვერდლოვის მიერ იყო მოგვარებული. უცხოური ვალუტა კი, გერმანული მარკების სახით, სვერდლოვს სტალინმა მისცა – სულ 25 ათასი მარკა, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო. ეს ფული სტალინმა ცნობილ ბაქოელ ნავთობმეწარმეს, ბაბაევს გამოართვა. ბაბაევს შვეიცარიის ბანკში ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ჟენევაში ის კამენევს შეხვდა, ფული გადასცა. მან კი სტალინს თბილისში ჩაუტანა. სტალინმა სვერდლოვს გაატანა მიუნხენში და პრობლემაც მოგვარდა. 25 ათასი მარკიდან სვერდლოვმა ათასი მარკა საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენა. მიუნხენში ის ერთი კვირით ადრე ჩავიდა და დრო ადგილობრივ ლამაზმანებთან გაატარა. კოლეგის ამ საქციელის შესახებ სტალინმა მაშინვე შეიტყო. თუმცა, ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი იცოდა. მხოლოდ 1918 წლის იანვარში შეახსენა სტალინმა სვერდლოვს ამის შესახებ და სვერდლოვი, რომ იტყვიან, ყურებით დაიჭრა.

მიუნხენის შეკრებაზე 60 ბოლშევიკი უნდა ჩასულიყო. მათ შორის, ლენინიც, რომელიც იმ პერიოდში რამდენიმე დღით მოსკოვში არალეგალურად იყო ჩასული და ასევე, არალეგალურად უნდა გამგზავრებულიყო გერმანიაში. შეკრებამდე ორი დღით ადრე შენიღბული ლენინი (მას წვერ-ულვაში გაპარსული ჰქონდა და გრძელთმიანი პარიკი ეკეთა) და ანასტას მიქოიანი, შესაბამისად, ვარლამოვისა და ვაშაკიძის პასპორტებით, მატარებლით მიუნხენში გაემგზავრნენ. ისინი საერთაშორისო ვაგონით მგზავრობდნენ და მატარებელი ვარშავაში გაჩერდა. ადგილობრივმა მესაზღვრეებმა ლენინის პასპორტი შეამოწმეს თუ არა, მაშინვე სთხოვეს, უკან გაჰყოლოდა. იგივე ბედი ეწია ანასტას მიქოიანსაც. მოგვიანებით, მიქოიანი რომ ამ ისტორიას ყვებოდა, ამბობდა – აშკარა იყო, რომ პოლონელი მესაზღვრეები მე და ილიჩს გველოდნენ. მათთვის ვიღაცას ჩვენზე ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არც დაგვაკავებდნენ, რადგან პასპორტები უზადოდ იყო დამზადებულიო. ერთი სიტყვით, პოლონელმა მესაზღვრეებმა ლენინი და მიქოიანი სადგურის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. საკანში გამოამწყვდიეს და რადგან ლენინს პოლონეთში შესვლის უფლება არ ჰქნდა, როგორც რევოლუციონერს და „ოხრანკის“ მიერ ძებნილს, ეს ინფორმაცია სანკტ-პეტერბურგში გააგზავნეს. კანონის მიხედვით, ვარშავაში რუსეთიდან სპეციალური წარმომადგენლები უნდა ჩასულიყვნენ და დაკავებული ლენინი უკან უნდა წაეყვანათ. იქ კი ოქტომბრის რევოლუციის მომავალ ბელადს ხანგრძლივი პატიმრობა ელოდებოდა. ხოლო, რაც შეეხება მიქოიანს, პოლონეთის პოლიციამ მას პასპორტი დაუბრუნა და გზის გაგრძელების საშუალება მისცა. თუმცა, მიქოიანი ვარშავის მახლობელ სადგურზე ჩამოვიდა და პოლონეთის დედაქალაქში დაბრუნდა. ანასტას ივანეს ძე მიქოიანმა სასტუმრო „პოლონიას“ მიაშურა. იქ ფელიქს ძერჟინსკი და სტალინი იმყოფებოდნენ, რომლებიც საღამოს მიუნხენში უნდა გამგზავრებულიყვნენ. მათ მომავალი შეკრებისთვის მომზადებული საბუთები ჰქონდათ, რომლებიც ვარშავის არალეგალურ სტამბაში დამზადდა. ამიტომ სტალინი და ძერჟინსკი ერთი დღით შეყოვნდნენ პოლონეთის დედაქალაქში. სწორედ რომ, ბედზე მოუსწრო მათ მიქოიანმა და ყველაფერი მოუყვა. დრო არ ითმენდა. ოხრანკის თანამშრომლებს რომ ლენინი წაეყვანათ, მთელი რევოლუციური მოძრაობა დიდი საფრთხის ქვეშ დადგებოდა. ამიტომ, სტალინმა საკმაოდ ავანტიურული გეგმა მოიფიქრა. ძერჟინსკიმ თავისი ვარშაველი იატაკქვეშა თანამემამულეების მეშვეობით პოლონური პოლიციის ფორმები იშოვა. თავად ოფიცრის მუნდირი ჩაიცვა, სტალინმა და სამმა პოლონელმა კი – პოლიციის რიგითების ფორმები. არალეგალურ სტამბაში საგანგებო ბრძანების დოკუმენტი შეადგინეს ლენინის მთავარ სამმართველოში გადაყვანის შესახებ და სადგურის პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. ლენინი „ჩაიბარეს“ და ვითომ, სამმართველოში წაიყვანეს. სინამდვილეში კი ლენინი, სტალინი, ძერჟინსკი და მიქოიანი მიუნხენში არალეგალურად გაემგზავრნენ. ამ ავანტურას რომ არ ემუშავა, ასევე სტალინის გეგმით, უკვე ძალიან სახიფათო, სათადარიგო გეგმა უნდა განხორციელებულიყო – ლენინი უკვე იარაღის მუქარით უნდა გაეტაცათ და არავინ უწყოდა, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა