ბელადები

როგორ გააწბილა სტალინმა ამერიკელები

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.11

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძალიან ეშმაკი პოლიტიკოსი იყო და მას ოსტატური ლავირების უნარი ჰქონდა. ამასთან, საბჭოთა ბელადი ყოველთვის თავის ურყევ პრინციპებს მიჰყვებოდა და არასოდეს არღვევდა მათ...

ბორის სოკოლოვი: „ჯერ კიდევ ლენინი ამბობდა სტალინზე – მოლავირეა მოლავირეებს შორის და მას ამაში ვერავინ აჯობებსო. ამიტომ ლენინი სტალინს ყოველთვის ურთულეს მოლაპარაკებებზე აგზავნიდა და სტალინიც ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. მართალია, მავანნი საბჭოთა ბელადს გაიძვერასა და სიტყვის დამრღვევ ადამიანს უწოდებენ, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ლავირებასა და ტყუილს შორის დიდი განსხვავებაა. დასავლელი პუბლიცისტები წერენ, რომ თითქოს სტალინმა ამერიკელები და დანარჩენი მსოფლიო მოატყუა იმით, რომ ბრეტენ-ვუდსის ხელშეკრულების მხარი არ დაუჭირაო. პირდაპირი გაგებით ეს ტყუილია. როგორც ცნობილია, კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ამერიკის საკურორტო ქალაქ ბრეტენ-ვუდსში, დოლარს მიება მსოფლიო ეკონომიკა და ამერიკული დოლარი მსოფლიო ვალუტა გახდა. საქმე ისაა, რომ როდესაც ამერიკელებმა სტალინს სთხოვეს, მხარი დაეჭირა ამ ხელშეკრულებისთვის, საბჭოთა ბელადმა მას მხარი დაუჭირა და მისმა წარმომადგენელმა ხელიც მოაწერა წინასწარ შეთანხმებას. ხოლო ეს ხელმოწერა რომ ძალაში შესულიყო, საჭირო იყო მისი რატიფიკაცია საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში მომხდარიყო. ეს კი არ მოხდა. უმაღლესი საბჭოს წევრებს მხარი არ დაუჭირეს და რატიფიკაცია არ მოხდა. ასე რომ, დოლარი საბჭოთა კავშირისთვის წამყვანი ვალუტა არ გახდა, ამით კი მნიშვნელოვნად დაზარალდა შეერთებული შტატები, რადგან მათ არანაირი კონტროლი არ გააჩნდათ საბჭოთა კავშირზე, არ შეეძლოთ ეკონომიკური ზეწოლა განეხორციელებინათ და სხვა გზა რომ ვერ გამონახეს, ეგრეთ წოდებულ, სანქციების გზას მიმართეს. თუმცა, თავადვე დაზარალდნენ... რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოზე ზეგალენის მოხდენა თავისუფლად შეეძლო სტალინს. მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ რატიფიცირება მომხდარიყო, მაგრამ სტალინი პირდაპირ არ ჩარეულა ამ საკითხში. როცა რატიფიკაციის განხილვა დაიწყო, ბელადი სიტყვით გამოვიდა და თქვა: ამხანაგებო, თქვენ დარიგებული გაქვთ განსახილველი ტექსტი. თითოეულმა თქვენგანმა ყურადღებით შეისწავლეთ ის და შემდგომ გადაწყვიტეთ, თუ როგორ მოიქცეთო. ტექსტის შინაარსიდან კი აშკარა იყო, რომ თუკი საბჭოთა კავშირი ამას დათანხმდებოდა, სხვა ქვეყნებთან ერთად საბჭოთა კავშირიც შეერთებული შტატების კაბალის ქვეშ ექცეოდა. ამიტომ, ამის რატიფიკაცია არ მომხდარა და როგორც კი შედეგები პრესასა და რადიოში გამოქვეყნდა, ამერიკელები გაცოფდნენ და ესეც იყო იმის მთავარი მიზეზი, რომ ჩერჩილის პირით დასავლეთმა „ცივი ომი“ გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. ეს მოვლენა - („ცივი ომი“, რა თქმა უნდა, მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მომენტია და სანამ სტალინი ცოცხალი იყო, საბჭოთა კავშირმა არა მარტო გაუძლო მას, არამედ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, განვითარდა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჰეგემონია საგრძნობლად შეზღუდა...“

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბრეტენ-ვუდსთან დაკავშირებით, ფორმალურად, სტალინი, რა თქმა უნდა, მართალი იყო. მისცა რა პიროვნულად პირობა ამერიკელებს, რომ ამ ხელშეკრულებას ეთანხმებოდა, არც დაურღვევია ეს და არსად გამოსულა ამის წინააღმდეგ. ამერიკელებს კი, რადგან სტალინის ნებართვა მიიღეს, იმედი ჰქონდათ, რომ ბელადის სიტყვას საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოშიც დაუჭერდნენ მხარს. მაგრამ, მოხდა სრულიად საპირისპირო. რატიფიცირება არ შედგა და დასავლეთმა სტალინს სიტყვის გატეხვაში დასდო ბრალი. თუმცა, ვიმეორებ, ფორმალურად სტალინს სიტყვა არ გაუტეხავს. იმ პერიოდში სტალინმა წამყვანი ამერიკული გაზეთის კორესპონდენტს იტერვიუ მისცა კრემლში. ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა: „ბრეტენ-ვუდსის ხელშეკრულების რატიფიცირება საბჭოთა კავშირმა ჩააგდო. თქვენ სიტყვა გქონდათ მოცემული, თანხმობის სიტყვა და ეს სიტყვა რატომ გატეხეთ?“

სტალინს გაეღიმა და უპასუხა: „მე თანახმა ვიყავი ამ ხელშეკრულების ტექსტზე, თუმცა არანაირი სიტყვა არ მომიცია, მით უმეტეს, პირობაც არ დამიდვია, რომ ტექსტის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდებოდა ან არ მოხდებოდა. ვისაც ამის პრეროგატივა ჰქონდა, მათ უარი თქვეს ამის გაკეთებაზე. რადგან მიიჩნიეს, რომ ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგებოდა. ხმის მიმცემთა შორის მთავარი ხალხია და კომპეტენტური კი უმაღლესი საბჭო, რომლებსაც შესანიშნავად ესმით ეს საკითხი და მათში ეჭვს ვერ შევიტან. მით უმეტეს, ვერ ჩავერევი კენჭის ყრაში და ვერანაირად ვერ შევზღუდავ მათ უფლებებს. თქვენ – დასავლეთის პრესა და თქვენი ქვეყნის მთავრობები ყოველდღიურად გვადანაშაულებთ ჩვენ და პირადად მე ანტიდემოკრატიულ ქმედებებში. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. და ამის დასტურია ის, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მე წინააღმდეგი არ ვიყავი. ყველაფერი სწორედ ხმათა უმრავლესობით, აბსოლუტურად დემოკრატიულად განხორციელდა.“

ორი აზრიც კი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ სტალინთან შეუთანხმებლად ამ ხელშეკრულების დეზავიურება არ მოხდებოდა. ხოლო სტალინმა წინასწარი თანხმობა იმიტომ განუცხადა ამერიკელებს, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ქვეყანას ამერიკელების დახმარება სჭირდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, იმ შემთხვევაში სტალინი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და ფორმალურად მართალი იყო. მას არც სიტყვა გაუტეხავს და არც პირველს დაუწყია კონფრონტაცია. თუმცა, მშვენივრად იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა ამას და წინასწარ იყო მომზადებული მომავალი დიდი ბრძოლისთვის.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა