ბელადები

როგორ გაათავისუფლებინა სტალინმა ტროცკი პოლიტბიუროს სამხედრო მინისტრობიდან

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 30.11, 2023 წელი

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი შორსმხედველი, ეშმაკი პოლიტიკოსი იყო და თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით, ავანტიურაზე არასდროს მიდიოდა, მისი ყოველი ნაბიჯი კარგად გათვლილი და ორგანიზებული იყო. ამიტომ, მის ოპონენტებს სხვა არაფერი რჩებოდათ, გარდა თავიანთი დამარცხების აღიარებისა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი იმ პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნებოდა, ვინც უკანმოუხედავად და სპონტანურად არ ებმებოდა ბრძოლაში. თვით ლენინიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ტროცკიზე, ავანტურიზმის დიდი დოზით გამოირჩეოდა. სტალინი კი ბრძოლაში ჩაბმამდე ჯერ ასჯერ გაზომავდა და მხოლოდ ერთხელ გაჭრიდა. ბრძოლისას კი სტალინი ხერხების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რომლებიც ერთობლიობაში გადაულახავ ზღუდეს წარმოადგენდა. მაგალითად, როდესაც სტალინის ინიციატივით, ლევ ტროცკი სამხედრო მინისტრის (სახალხო კომისრის) პოსტიდან მოხსნეს, პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა დაინიშნა. ასეთ თავყრილობებზე გადაწყვეტილებები დემოკრატიულად, უბრალო უმრავლესობით მიიღებოდა. ერთი ზედმეტი ხმაც იყო საკმარისი, რომ გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო. იმ სხდომაზე კი ტროცკის, მინიმუმ, ორი ხმა ჰქონდა ზედმეტი. მას, ეგრეთ წოდებული, ებრაული დაჯგუფება უჭერდა მხარს. სტალინს კი – კავკასიური. თუმცა, კავკასიური დაჯგუფებიდან ანასტას მიქოიანი მერყეობდა. ფაქტობრივად, მიქოიანი სტალინს ხმას უკარგავდა, რადგან თავის შეკავებას აპირებდა. ტროცკი, როგორც მას სჩვეოდა, უკვე წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას. მას გათვლილი ჰქონდა ხმების განაწილება და პოლიტბიუროს ეს სხდომა ფორმალობად მიაჩნდა. ის დარწმუნებული იყო, რომ „წითელი არმიის“ ხელმძღვანელ პოსტს შეინარჩუნებდა. შემდგომ კი უკვე მთელი ძალით შეუტევდა სტალინს და თავად მას განდევნიდა პოლიტბიუროდან თავის კავკასიურ ბანდასთან (ასე უწოდებდა ტროცკი სტალინის მომხრეებს) ერთად. მერე კი სტალინს ციხეში ჩასვამდა და სიკვდილითაც დასჯიდა. თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სტალინმა იმ დღეს დიდოსტატური მანევრი ჩაატარა და ტროცკი „ბეჭებზე გააკრა“.

ბრონშტეინის (ტროცკის ნამდვილი გვარი) „წითელი არმიის“ ხელმძღვანელობიდან ჩამოცილებამ მისი კარიერის კატასტროფული დაღმასვლა განაპირობა. როგორც შემდგომ თვითმხილველები ჰყვებოდნენ და წერდნენ: იმ სხდომიდან ტროცკი განადგურებული წავიდაო.

ზინაიდა ორჯონიკიძე (სერგო ორჯონიკიძის ქვრივი) თავის დღიურებში წერდა: „ჩემი მეუღლე და სტალინი თანამებრძოლები და ახლო მეგობრები იყვნენ. სერგო ყველაფერში მხარს უჭერდა სტალინს. ასე იყო იმ სხდომაზეც და სწორედ ჩემი მეუღლისგან ვიცი ამ სხდომის პერიპეტიები. ტროცკის პოსტიდან გათავისუფლების საკითხი სხდომის მეორე ნაწილში უნდა განხილულიყო. გამოცხადდა შესვენება და მთავარი ამბები სწორედ შესვენების დროს განვითარდა. სტალინსა და ჩემს მეუღლეს შესვენებისთანავე კამენევი და ზინოვიევი მიუწვევიათ სტალინის კაბინეტში. მიქოიანისთვის კი უთვქამთ, მისაღებში მოიცადეო. სერგო თურმე, მშვიდად იჯდა და ისმენდა, სტალინს კი მაგნიტოფონის ჩანაწერი ჩაურთავს ზინოვიევისთვის და კამენევისთვის, რომელიც „ჩეკას“ უფროსის, ძერჟინსკის მიერ იყო მოპოვებული. ეს ორი განუყრელი მეგობარი იმ ჩანაწერში საუბრობდა, თუ როგორ უნდა მოეშორებინათ ტროცკი პოლიტბიუროდან, როგორც კი სტალინს მოიშორებდნენ. ამ ჩანაწერმა შოკში ჩააგდო ორივე და სტალინს აღუთქვეს, რომ ხმას მისცემდნენ ტროცკის გათავისუფლებას, რაც შეასრულეს კიდეც. შემდგომ, მიქოიანის ჯერი დადგა და სტალინს პირდაპირ, ქართულ ენაზე (მიქოიანმა ქართული კარგად იცოდა) უთქვამს: ბაქოს კომისრები რომ შენ გაყიდე და დაახოცვინე, მერე კი გამოიპარე, ეს ამბავი უმალვე გახმაურდებაო. მიქოიანი შეევედრა სტალინს, რომ ეს არ ექნა და მიქოიანმაც ტროცკის წინააღმდეგ მისცა ხმა. ტროცკი რომ სამხედრო საქმეს ჩამოაშორეს და ყველა პოსტი დაატოვებინეს, მათ შორის პოლიტბიუროს წევრობაც, სტალინმა უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა და ამაში სერგოს დიდი წვლილი მიუძღვის.“

მართალია, ორჯონიკიძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ზინოვიევი და კამენევი კი დახვრიტეს, მაგრამ მიქოიანი სტალინმა დაინდო. პოლიტბიუროშიც დატოვა და მნიშვნელოვან პოსტებზეც ნიშნავდა. ერთი სიტყვით, ეს ადამიანი მაქსიმალურად გამოიყენა და მიქოიანიც მორჩილად ასრულებდა ბელადის მითითებებს. სწორედ მიქოიანმა გაასწორა მიწასთან სომხეთის მთელი მთავრობა, როდესაც ერევანში ინსპექტირებაზე ჩასულმა მათ (სომხეთის მთავრობას) ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში დასდო ბრალი და შემდგომში მათი უმრავლესობა დახვრიტეს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს არ ეშლებოდა არც კადრების შერჩევა და არც მათი დამორჩილება. ზინოვიევი, კამენევი და სხვები იმიტომ დაისაჯნენ, რომ ბელადმა იცოდა მათი ამბიციები და ის, რომ ყველანი კვლავ ღალატის გზას დაადგებოდნენ. მიქოიანს კი მართალია, ბოლომდე არ ენდობოდა, მაგრამ საქმეები გააკეთებინა და მშვენივრად უწყოდა, რომ ის მეორედ ვეღარ გაბედავდა სტალინის წინააღმდეგ წასვლას, რადგან მიქოიანი ყოველთვის ძლიერის მხარეზე იდგა და სტალინმა საბოლოოდ დაანახვა მას თავისი ძლევამოსილება. ასევე მოიქცა მიქოიანი, როცა ხრუშჩოვს ამხობდნენ და ბრეჟნევს მიემხრო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა