როგორ გააშიშვლა სტალინმა დასავლეთი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.11
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის საბჭოთა მმართველი იყო, ვინც შეძლო დასავლეთის კოლექტიური ბოროტი ზრახვების განეიტრალება და რომ იტყვიან, მთელი დასავლური სამყაროს გაშიშვლება.
იაკობ კედმი: „ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა, ფაქტობრივად, „გააშიშვლა“ დასავლეთი, ანუ საბჭოთა ბელადმა მთელ მსოფლიოს უჩვენა დასავლეთის ნამდვილი სახე. უპირველესად, ეს „ნატოსთან“ დაკავშირებით გამოჩნდა. როგორც ცნობილია, „ნატო“ – ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაგანია „ცივი ომის“ პერიოდში ჩამოყალიბდა. ოფიციალური ვერსიით, „ნატო“ მშვიდობისა და უსაფრთხოების დამცველია. სინამდვილეში კი, ის შეიქმნა, როგორც ანტისაბჭოთა სამხედრო ალიანსი. სტალინს, აბა, ეს როგორ გამოეპარებოდა და სურვილი გამოთქვა, ამ ორგანიზაციაში საბჭოთა კავშირიც გაეერთიანებინათ, რათა ერთად დაეცვათ საერთაშორისო მშვიდობა. სტალინს, რა თქმა უნდა, ცივი უარი სტკიცეს. არგუმენტად კი იდეოლოგიური განსხვავება მოიყვანეს. სწორედ ეს იყო დასავლეთის ჭეშმარიტი ზრახვების გამომზეურება და მათი სრული გაშიშვლება სტალინის მიერ. ამ უარის შემდეგ, მეორე დღესვე გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტალინის მოწინავე სტატია. ამ სტატიის პათოსი იყო: რა შუაშია იდეოლოგია, როდესაც საქმე პლანეტარული მშვიდობის დაცვას ეხება და თუ „ნატო“ მართლა აქეთკენაა მოწოდებული, მაშინ რატომ ეუბნება უარს გაწევრიანებაზე ისეთ ძლიერ სამხედრო სახელმწიფოს, როგორიც საბჭოთა კავშირიაო. „ნატოს“ მესვეურ ამერიკის შეერთებულ შტატებს სტალინის სიტყვების წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ გააჩნდა. იმავე სტატიაში სტალინი წერდა, რომ საბჭოთა კავშირი და სოციალისტურ სახელმწიფოთა ხალხები იტოვებენ უფლებას, შექმნან ანალოგიური სამხედრო ბლოკი, რომელიც „ნატოსგან“ დაიცავს თავს, რამეთუ „ნატო“ ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური სამხედრო ალიანსიაო. მართალია, სტალინი ვეღარ მოესწრო, მაგრამ, სწორედ საბჭოთა ბელადმა ჩაუყარა საფუძველი ისეთ მძლავრ სამხედრო გაერთიანებას, როგორიც „ვარშავის ხელშეკრულება“ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული, სტალინს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე თანამედროვე იარაღით აღჭურვილი არმია ჰყავდა, ის არასდროს ისწრაფვოდა მსოფლიო ჟანდარმობისკენ, როგორც ამას ამერიკის შეერთებული შტატები დღემდე ახორციელებს. სტალინი ყოველთვის მშვიდობისმოყვარე აღმშენებლური გლობალური პროცესების მომხრე იყო. თუმცა, ამას არ აცდიდნენ და გამალებულ შეიარაღებაში ითრევდნენ. ასეთი იყო დასავლეთის გეგმები. „ცეერუს“ ლეგენდარული დოქტორი ალენ დალასი თავის მემუარებში წერდა: „ჩვენ კარგად გვქონდა შესწავლილი რუსეთი. განსაკუთრებულად სანიმუშოდ კი მეორე მსოფლიო ომსა და მისი დასრულების შემდეგ გავიცანით. აშკარა იყო, რომ რუსებს ძალიან სწრაფად შეეძლოთ თვითაღდგენა და მზარდი განგვითარება. ამიტომ მათთვის ჩვენ ამისი საშუალება არანაირად არ უნდა მიგვეცა. პრეზიდენტ ტრუმენთან ამის თაობაზე უსერიოზულესი საუბარი მქონდა ოვალურ კაბინეტში. მან მკითხა:
– მაინც რას მთავაზობ?
– რუსებს არ უნდა მივცეთ წელში გასწორების საშუალება, – ვუპასუხე პრეზიდენტს.
– როგორ? ეს ხომ ჰიტლერმაც ვერ შეძლო ომის იმ ფაზაში, როცა ისინი იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ ლამის მოსკოვი აიღეს?!
– აბსოლუტურად გეთანხმებით. ექსტრემალურ, უკიდურეს სიტუაციაში თუ მოახერხეს რუსებმა გაძლება და წინსვლა, თქვენ წარმოიდგინეთ, რა შედეგებს მიაღწევენ ისინი მშვიდობიან პერიოდში?
ტრუმენი ვერ მიხვდა ჩემი სიტყვების არსს და თქვა:
– თქვენ რა, დალეს, რუსებთან ახალ ომს მთავაზობთ? ეს ხომ აბსურდია? ხომ გახსოვთ, ეს ჩერჩილმაც დააპირა, მაგრამ მას ეს სტალინმა გადააფიქრებინა... და ახლა მე მთავაზობ ამ სისულელის ჩადენას?
– არა, ბატონო პრეზიდენტო. ომი სულაც არაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი დატაკება.
– აბა, რა?
– რა და, გამალებული შეიარაღების რბოლა უნდა დავიწყოთ. ეს რუსებს ეკონომიკურად დასცემს. ძალიან გაუჭირდებათ ერთდროულად ჩვენთან ჭიდილიც, სოციალისტური ბლოკის გამოკვებაც და თუკი ამ ორს მესამეც დაემატება და სადმე ომშიც ჩავითრევთ, არ იქნება ცუდი.
ტრუმენმა მოსაფიქრებელი დრო მოითხოვა. შემდგომ კი დამეთანხმა, თუმცა, ისეთ ეფექტს მაინც ვერ მივაღწიეთ, როგორსაც ვგეგმავდით. ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ლიდერის ფაქტორი. ანუ ის, რომ საქმე გვქონდა ისეთ მმართველთან, როგორიც იოსებ სტალინი იყო.“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინმა ისეთი სახელმწიფო, ისეთი მძლავრი სისტემა შექმნა, რომელსაც 40 წელიწადი ანგრევდნენ როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს. სტალინის მიერ შედუღაბებული ქვეყნის მემკვიდრე რუსეთი დღესდღეობით მრავალი წელი სტალინის მიერ შექმნილი სისტემით ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებითაც. გარდა თერმობირთვული სიძლიერისა სტალინმა რუსეთსა და რუს ხალხს დაუტოვა უძლეველობის რწმენა და გამორჩეული ისტორიული მაგალითი.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




