როგორ გაანადგურებინა ბერიამ ფაშისტებს ბანდიტური დაჯგუფებები
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 13.07

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი უმყარესი ბურჯი იყო და თუკი სტალინი აბსოლუტური მმართველი იყო, ბერია ამ მმართველობის საყრდენს წარმოადგენდა. ეს საყრდენი კი საბჭოთა კავშირის უმძლავრესი სპეცსამსახურის მეშვეობით იყო შექმნილი და ბერია მის სახეს წარმოადგენდა.
ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერია კარგად აპრობირებული სქემით მოქმედებდა. პირველ რიგში, ბერია სრულად, ასი პროცენტით იყენებდა საბჭოთა უშიშროებას ყველა საქმის შესასრულებლად, როგორც შინა, ასევე გარე სიტუაციებში,. როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა ასპექტებში. ანუ ბერია თავისსავე შექმნილ უშიშროებას იყენებდა ინსტრუმენტად და ეს მხოლოდ ზეწოლის მექანიზმი არ ყოფილა. უშიშროება მრავალწახნაგოვანი ორგანიზაცია იყო. ბერიას მეთაურობით იქ თავმოყრილნი იყვნენ, როგორც შემსრულებელ-ძალოვნები, ასევე მოაზროვნე ინტელექტუალები. და ეს არცაა გასაკვირი. თავად ბერია იყო ინტელექტუალი, შემოქმედი, კრეატიულად მოაზროვნე და ამასთანავე მკაცრი და ზემწოლი პიროვნება. ბერიამ ამ ორი საპირისპირო პოლუსის სინთეზი წარმატებით განახორციელა და შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ბერიამ ცხვარსა და მგელს ერთად მოაძოვა და ყველაფერი პირადად დაიქვემდებარა. თავისი გამჭრიახობისა და ინტელექტის წყალობით კი, ყველა საქმეს სწორ მიმართულებას აძლევდა. სწორ ბრძანებებს გასცემდა და შესრულებაც ყოველთვის წარმატების მომტანი იყო. ანალიტიკური გონების წყალობით, ლავრენტი ბერია ყოველთვის სწორად აფასებდა სიტუაციებს და ისეთ ჩახლართულ, მრავალსვლიან კომბინაციებს ახორციელებდა, რომ თავად შემსრულებლებიც კი არ იყვნენ ბოლომდე საქმის კურსში. იყო შემთხვევები და არც თუ ისე მცირე რაოდენობით, რომ საქმის შემსრულებელი მტერი ყოფილა და ჯერ ის თავის სასიკეთოდ (ქვეყნის სასიკეთოდ) გამოუყენებია, ბოლოს კი გაუნადგურებია. ამის მაგალითად ერთი ეპიზოდიც კმარა, რომელიც „პოლონელ პარტიზანთა“ სახელწოდებით დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციაა.
1944 წლის ზამთარში, ომის მიწურულს, პოლონეთის ტყეებში ძალიან ცუდი ვითარება შეიქმნა. საქმე ის იყო, რომ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ცამეტამდე პარტიზანული რაზმი მოქმედებდა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი იყვნენ და უმეტეს მათგანს ორი რამ აერთიანებდა – იყვნენ კბილებამდე შეიარაღებულები და პარტიზანების სახელს ამოფარებულები ბანდიტურ საქმიანობას ახორციელებდნენ. ძარცვისა და შურისძიების მიზნით ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და თავს ესხმოდნენ მათ. არ ინდობდნენ სამხედრო, რეგულარულ შენაერთებს – „წითელ არმიასა“ და პროსაბჭოურ „ვოისკა პოლლსკას“. გადადიოდნენ ხოლმე ჯერ კიდევ ფაშისტურ ტერიტორიებზეც და მათაც ძარცვისა და ანგარების მიზნით ესხმოდნენ თავს. ერთი სიტყვით, ეს ბანდები სუფთა კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ და ეს უზარმაზარი ტყის რეგიონი საკუთარ სამფლობელოდ ჰქონდათ გადაქცეული. როდესაც მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, საქმეში ბერიას უწყება ჩაება, შეფის (ბერიას) მეთაურობით. დაიგეგმა და შესრულდა მრავალსვლიანი სპეცოპერაცია, რომელიც არა ორი, არამედ რამდენიმე კურდღლის ერთდროულად დაჭერას ისახავდა მიზნად.“
გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „მე და ჩემს დაქვემდებარებულ განყოფილებას საქმეები არასდროს დაგვკლებია, ყოველთვის თავზე საყრელად გვქონდა. 1945 წლის ზამთარშიც საკმაოდ დატვირთულები ვიყავით და სწორედ მაშინ დამიბარა ბერიამ და მითხრა:
– პაველ ანატოლიევიჩ, პოლონეთის ტყეებში შექმნილ ქაოსს ბოლო უნდა მოეღოს და გთავაზობთ გეგმის ჩონჩხს, რომელსაც ხორცი უნდა შეასხათ. აი, გაეცანით.
ბერიას გეგმას ყურადღებით გავეცანი და ვუთხარი:
– ამხანაგო ბერია, როგორც ვხვდები, გერმანული წარმოშობის საიმედო აგენტი დაგვჭირდება, რომელიც ამ ოპერაციას პირადად ჩაუდგება სათავეში.
– გყავთ ასეთი ადამიანი?
– დიახ. ვოლფგანგ შულცმანი.
– ეგ რომელი, ჯერ კიდევ ომის დასაწყისში რომ ვითომ დავატყვევეთ და ახლა ფაშისტ ტყვეთა ბანაკშია შეგზავნილი?
– დიახ.
– კარგი კანდიდატურაა. იმოქმედეთ! – მითხრა ბერიამ და ოპერაციაც დავიწყეთ.
რიაზანში დატყვევებული და ვითომ ჩვენს მხარეზე გადმოსული ფაშისტების ხუთასკაციანი დაჯგუფება გვყავდა დაკონსერვებული, რომლებსაც ჩვენი გამოცდილი კადრი ვოლფგანგ შულცმანი ედგა სათავეში. მისი მეშვეობით ამ კარგად მომზადებულ ჯგუფს დავაჯერეთ, რომ პოლონეთში ვითომ ფაშისტებთან საბრძოლველად ვგზავნიდით. იქ კი ისინი თავისიანების მხარეზე გადავიდოდნენ და „წითელ არმიასა“ და „ვოისკა პოლსკას“ შეუტევდნენ. ასეც მოხდა, ისინი პოლონეთის ტყეების მახლობლად გადავსხით. იქ კი ეგონათ, ჩვენ შემოგვიტრიალდნენ. სინამდვილეში კი პარტიზანულ ბანდიტურ რაზმებს შეუტიეს და ცხრავე პირწმინდად გაანადგურეს. ბოლოს კი მათ მიერ გაწმენდილ ტერიტორიას ალყა შემოარტყეს „ვოისკა პოლსკას“ ფორმირებებმა და დანებება შესთავაზეს. უარი მიიღეს და განადგურდნენ. მათი კოორდინატები კი შულცმანმა რაციით გადმოგვცა, რის მერეც იქაურობას მოშორდა და საღსალამათი დაგვიბრუნდა. „ვოისკა პოლსკას“ ხელით კი შეგნებულად განხორციელდა გერმანელების განადგურება და ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ისტორიას შემორჩენოდა ეს ფაქტი, რაც ბერიას გეგმაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული და მიზნად ისახავდა გერმანელებსა და პოლონელებს შორის დაპირისპირების შენარჩუნებას. რას იზამ, ზოგჯერ ასეთი კომბინაციებიც თამაშდება საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და ბერია ამის დიდოსტატი იყო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან