როგორ გაანადგურა სტალინმა ოპოზიცია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.07
იოსებ სტალინი ჭკვიანი, უკომპრომისო მებრძოლი იყო. უშიშარი ადამიანი, რომელსაც გათავისებული ჰქონდა თავისი ისტორიული მისია და მან ეს ყველაფერი დიდი წარმატებით განახორციელა.
იაკობ კედმი: „სტალინის მთავარი ისტორიული მისია იყო დედამიწაზე თანასწორი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნა და მან ეს მისია შეასრულა. რომ არა სტალინი, ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს გამეფდებოდა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი კომუნისტურ იდეოლოგიას აღიარებდა, რაც კაპიტალისტურ იდეოლოგიას რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა, საბჭოთა ბელადი მშვიდობიანი თანაარსებობის მომხრე იყო და საამისოდ ყველაფერს აკეთებდა. სტალინი მზად იყო მოსალაპარაკებლად ყველაზე აშკარა მტრებთან, თუკი ეს ხელს შეუწყობდა მსოფლიოს მშვიდობას. თუმცა საბჭოთა ბელადი მისდევდა პრინციპს: თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვისო. და სტალინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ომობდა და ომისთვის ემზადებოდა.“
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ნამდვილი მეომარი იყო, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ასპარეზზე და ეს მეორე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფრონტის ხაზზე ყოფნა. ზოგიერთებისთვის (მათ შორის ჩემთვისაც) უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს ფაქტი, თუ როგორ მოახერხა სტალინმა ასეთი ბუმბერაზი ძალების დამარცხება და სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველობის ხელში ჩაგდება. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სტალინის ბოლშევიკი ოპონენტები მართლაც ბუმბერაზ ძალას წარმოადგენდნენ. სტალინი კი მათთან შედარებით, ერთი შეხედვით, უსუსურიც კი ჩანდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ერთპიროვნული მმართველობის გზაზე სტალინმა, უპირველესად, ტროცკი მოაშთო. ლევ ბრონშტეინი (ტროცკი) ყველაზე მრისხანე მეტოქე იყო, მაგრამ სტალინმა ის გროსმაისტერული ოსტატობით მოიშორა. შემდგომ კი უკვე დანარჩენებსაც მოუგრიხა კისრები“.
იაკობ კედმი: „რევოლუციაში გამარჯვება ყველამ სათავისოდ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ უკლებლივ ყველა რევოლუციონერ-ბოლშევიკი იდეური, თავდადებული იატაკქვეშელი გახლდათ და ნებისმიერი მათგანი მზად იყო, თავი გაეწირა საქმისთვის, 1917 წლის მერე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ამ ადამიანების 70-მა პროცენტმა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ტკბილი ცხოვრება მოინდომა. გაიწიეს სიმდიდრისა და კომფორტისკენ, მათ შორის, ტროცკიმ და მისმა მიმდევრებმაც. მხოლოდ სტალინი დარჩა ისეთივე ასკეტი, როგორიც მანამდე იყო. შეიძლება, ასევე ითქვას ლენინზეც, თუმცა ასკეტიზმითა და თვითშეზღუდვით ლენინი სტალინთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. და როდესაც სტალინმა თავისი ცხოვრების წესი არ შეიცვალა, თანაც, გალაშქრება დაიწყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ, უამრავი მტერი გაიჩინა, მათ შორის, უპირველესი, რა თქმა უნდა, ტროცკი იყო.“
არსენ მარტიროსიანი: „იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკების უმრავლესობა საკუთარი კომფორტული ცხოვრების მოწყობითა და ანტისტალინური ინტრიგნობით იყო დაკავებული, სტალინი, ერთი მხრივ, საქმეს აკეთებდა და საბჭოთა კავშირს აშენებდა, მეორე მხრივ კი, უტყუარ კომპრომატებს აგროვებდა საკუთარ მოწინააღმდეგეებზე, რათა გადამწყვეტი იერიში მიეტანა მათზე და ყველა გამოეაშკარავებინა. აქედან გამომდინარე, სტალინმა „ჩეკაში“ მომუშავე რამდენიმე ერთგული ადამიანი შეკრიბა, ძერჟინსკის მეთაურობით და მათ ორი ამოცანა დაუსახა: პირველი - შეექმნათ მძლავრი აგენტურული ქსელი პარტიულ თანამდებობებზე მყოფი პირების გასაკონტროლებლად; მეორე – მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ტექნიკური საშუალებები გამოეყენებინათ, ინფორმაციების მიღების მიზნით. „ჩეკას“ ამ სპეცჯგუფმა შესანიშნავად გაართვა თავი ორივე ამოცანას. თითოეულ არასაიმედო პირს მიჩენილი ჰყავდა კურატორი, რომელიც განუწყვეტლივ უთვალთვალებდა მათ. ასევე, ყველა ამ პირის სამსახურებრივი კაბინეტი და საცხოვრებელი ბინა ისმინებოდა და საბჭოთა ბელადი თითოეული მათი ზრახვის საქმის კურსში იყო.“
იაკობ კედმი: „ტოტალური კონტროლის სისტემა სტალინმა 20-იანი წლების შუა პერიოდიდან ააწყო. 1925 წლიდან საბჭოთა ბელადმა უკვე იცოდა, თუ ვინ რას ფიქრობდა და ვინ რით სუნთქავდა. ამიტომ, ისეთი მოქმედების გეგმა შეადგინა და ისე ფილიგრანულად შეასრულა კიდეც, რომ ბოლოს ერთპიროვნული მმართველი გახდა და თავისი მისია შეასრულა. სტალინის ფარული ჩანაწერების ფირების ხანგრძლივობა ათას საათს აჭარბებდა. ამ გეგმის პირველი სამართლიანი მსხვერპლი ტროცკი იყო და მის განეიტრალებას საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია მოჰყვა. დანარჩენი მსხვერპლები კი ანტისტალინური ფარული ოპოზიცია იყო – ბუხარინი, ენუქიძე, რიკოვი, კამენევი, ზინოვიევი... ისინი სტალინის გადაყენებას გეგმავდნენ და ამის გაკეთება ყრილობაზე უნდოდათ უბრალო კენჭისყრით. თუმცა, სტალინმა მათ კომპრომატები დაუდო. ამიტომ, მათი ყრილობაზე გამოსვლა არ შედგა და არც სტალინმა გააცნო ყრილობას ამ ადამიანების ამორალურობის შესახებ. სტალინი გადაურჩა მოხსნას. თუმცა, სტალინის რისხვას ისინი მაინც ვერ გადაურჩნენ და რამდენიმე წელიწადში, ეგრეთ წოდებული, ტროცკისტული ოპოზიცია საბოლოოდ განადგურდა საბჭოეთში.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან