ბელადები

როგორ გაამგზავრა ბერიამ საბჭოთა ნაკრები ჰელსინკის ოლიმპიადაზე

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 07.11, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას სრულიად სამართლიანად უწოდებდნენ „დიდ მენეჯერს“ და ამ არაორდინარული ადამიანის ეს თვისებები, ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროში დიდი წარმატებით ვლინდებოდა... სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) იხსენებდა: „ამ სიტყვებით არამც და არამც არ ვაკნინებ სტალინის გენიას. უბრალოდ, ვამბობ, რომ სტალინს ერთობ ორთოდოქსული ხედვა ჰქონდა და მისი დევიზი იყო – საბჭოთა ქვეყნის პირველობა ყველაფერში, ანუ საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ყველა სფეროში პირველი უნდა ყოფილიყო, მათ შორის სპორტშიც. ასეთი მიდგომა კი ხშირად ზიანის მომტანი იყო. ზიანი იმაში გამოიხატებოდა, რომ წარუმატებლობით შეშინებული სპორტული ჩინოვნიკები უარს ამბობდნენ საბჭოთა სპორტსმენების გაგზავნაზე საზღვარგარეთ. ამით კი სპორტსმენებთან ერთად ქვეყნის პრესტიჟიც ზარალდებოდა. აქედან გამომდინარე თქვეს უარი 1950 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე, რომელიც ბრაზილიაში იმართებოდა. არა და იმ პერიოდში საბჭოთა ფეხბურთი საკმაოდ მაღალი დონის იყო და წარმატებით მიღწევის დიდი შანსი ჰქონდა. ამის დასტური კი ის იყო, რომ 1946 წელს საბჭოთა საკლუბო ფეხბურთმა დიდ ბრიტანეთში ფურორი მოახდინა და ის ტურნე მამაჩემის დამსახურებით შედგა. მაშინ მამამ, ფაქტობრივად, სტალინთან შეუთანხმებლად გაამგზავრა მოსკოვის „დინამო“ ინგლისში და როდესაც ისინი წარმატებული ტურნედან დაბრუნდნენ, მხოლოდ მაშინ წარუდგინა სტალინს. შედეგად კი თითქმის ყველამ სახელმწიფო ჯილდო მიიღო. თუმცა, 1950 წელს მამამ ვერ გარისკა ასეთი ერთპიროვნული მოქმედება. რაც არ უნდა ყოფილიყო, საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხებოდა და წარუმატებლობის შემთხვევაში სტალინი პასუხს მამას მოსთხოვდა. სრულიად რადიკალურად საწინააღმდეგოდ მოიქცა მამა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის წინ. ის მარტის თვეში სტალინს კუნცევოს აგარაკზე ეახლა და სთხოვა, საბჭოთა ოლიმპიური ნაკრებისთვის ნება დაერთო ჰელსინკში გამგზავრებულიყო. მამაჩემი ჰყვებოდა:

„როდესაც სტალინს მოვახსენე, თუ რაზე ვიყავი მისული, მან პირდაპირ მითხრა:

– გარანტიას იძლევი, რომ ჩვენები იქ არ ჩაფლავდებიან?

მე ფეხზე წამოვდექი და საკმაოდ სარისკო პასუხი გავეცი:

– ამხანაგო სტალინ, თავს ვდებ, რომ ჩვენები თავს არ შეირცხვენენ და ჰელსინკში სამეულში შევლენ.

სტალინმა გაოცებით შემომხედა. შემდეგ ჩიბუხი დინჯად დატენა და მითხრა:

– ლავრენტი, საკმაო რისკზე მიდიხარ. ეს ხომ სპორტია და რა გარანტია გაქვს, რომ მოწინააღმდეგეს აჯობებ? ეს ხომ ატომური ბომბის დამზადება არაა, როდესაც ხელთ გაქვს უტყუარი ცნობები და გაანგარიშებები?

სტალინმა, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გამაოცა თავისი შემდგომი ფრაზით და მან ისეთი რამ მითხრა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი.

– ლავრენტი, ორი წლის წინ (1950 წელს) ბრაზილიაში რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა, მასპინძლებს ურუგვაისთან ფრეც ჰყოფნიდა. პირველი ტაიმი ბრაზილიელებმა მოიგეს და მთელი ბრაზილია წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას. თუმცა, ურუგვაიმ მათ ცივი წყალი გადაასხა. მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, იმ დღეს ტრიბუნებზე 200 ადამიანს ნერვიულობისგან გული გაუსკდა.

მე ენა ჩამივარდა. ენა კი სტალინის ამ კონკრეტულმა ინფორმირებულობამ ჩამიგდო, რადგან ვიცოდი, რომ მას ფეხბურთი არ იტაცებდა. ჩემი ეს მდგომარეობა მას არ გამოჰპარვია და დასძინა:

– ასე რომ, ლავრენტი, მგონი, გინდა გულები გაგვიხეთქო საბჭოთა ადამიანებს. იქნებ ჰელსინკში ფიასკო მოგვივიდეს?

მე მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე და სტალინს ვუთხარი:

– ამხანაგო სტალინ, ჰელსინკში ჩვენ სამეულში შევალთ და ამით გარანტიას გაძლევთ. მე ზუსტად ვიცი, რომ საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები უმაღლესი კატეგორიის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.

– კარგი, ვნახოთ, – მითხრა სტალინმა.

ერთი კვირის შემდეგ სტალინს დახურული ჩვენება მოუწყო მამამ და საბჭოთა სპორტსმენების რეზულტატები დაუფიქსირა, რის მერეც სტალინმა ოლიმპიადაზე გამგზავრების ვიზა გასცა...

საგულისხმო ფაქტია, რომ ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში 14 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. 3 მათგანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ოთხი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ერთი სიტყვით, ბერიას მიერ სტალინისთვის მიცემულმა სიტყვა გამართლდა. საბჭოთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს მცირედით ჩამორჩა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. სტალინი კმაყოფილი დარჩა.

ოლიმპიური ჩემპიონი დავით ციმაკურიძე იხსენებდა: „ლავრენტი ბერია პირადად დაგვხვდა რკინიგზის სადგურზე და საბჭოთა ნაკრების ყველა წევრს პერსონალური მადლობა გადაგვიხადა. ის განსაკუთრებით ხარობდა თანამემამულეთა წარმატებით და ყველა ჩვენგანი მეფურად დაგვაჯილდოვა...“

საგულისხმო ფაქტია ის, რომ სანამ ბერიას წყალობით, ნაკრები თავის პირველ ოლიმპიადაზე გაემგზავრებოდა, საბჭოთა სპორტსმენები, უშუალოდ ბერიას მეთვალყურეობით, ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ოლიმპიადისთვის და მეორე გუნდური ადგილიც ბერიას დიდი დამსახურება იყო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი