როგორ გააჩაღა სტალინმა დიდი ბრიტანეთის მსოფლიო კომპრომეტაცია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.02

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის იღვწოდა და შესაბამის პოლიტიკას ატარებდა. საბჭოთა ბელადი ყველა ოპონენტს არგუმენტირებულ პასუხს სცემდა და პაექრობაში ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.
იაკობ კედმი: „სტალინი მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო. მართალია, მას არასრული სემინარიული განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ თავისი ერუდიციითა და ინტელექტით ნებისმიერი აკადემიური განათლების მფლობელს ასი თავით სჯობდა. საბჭოთა ბელადს თანაბრად მაღალ დონეზე ესმოდა როგორც იურისპრუდენცია, ასევე, ლიტერატურა. ხოლო თუკი რაიმე საკითხში ვერ ერკვეოდა და მას აუხსნიდნენ, ღრმად სწვდებოდა თითოეულ ნიუანსს და შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციურ წარმომადგენელს თანასწორად ესაუბრებოდა. სტალინს განსაკუთრებული და გამორჩეული ლოგიკა ჰქონდა, რომ იტყვიან, რკინის ლოგიკა და ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, ზოგ შემთხვევაში ამ თვისებით გაჰქონდა თავისი აზრი.“
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „30-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთის მთავრობა სტალინს თავისი ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩარევაში სდებდა ბრალს და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მოსკოვში გამართულ „ინტერნაციონალის“ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის კომუნისტებიც მიიწვია. ეს ხალხი ძალიან იდეურები იყვნენ და თავიანთ ქვეყანაში რომ დაბრუნდნენ, კომუნისტურ პროპაგანდას მიჰყვეს ხელი. უამრავი მომხრე გაიჩინეს და სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. იმ პერიოდში ჯერ არც კომუნისტური პარტია იყო აკრძალული და არც კომუნისტური პროპაგანდა. ამიტომ მოსკოვიდან დაბრუნებულებს არამც თუ ვერ იჭერდნენ, მათ კანონიერ შენიშვნასაც კი ვერ აძლევდნენ ადმინისტრაციული კუთხით. სამაგიეროდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამის საბჭოთა ორგანოს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, რომელშიც საბჭოთა მთავრობას ბრალს სდებდნენ დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იყო. მან ეს წერილი სტალინს მიუტანა... თავად მოლოტოვი ასე იხსენებდა ამ მომენტს: „სტალინს ფორინ-ოფისის (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საპროტესტო წერილი მივუტანე. მან ყურადღებით წაიკითხა, გაეცინა და მითხრა:
– ესენი რომ ამას დაგვაბრალებენ, სასაცილო არაა? მთელი ისტორიის განმავლობაში სწორედ დიდი ბრიტანეთი ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუნდაც რევოლუციამდელი პერიოდი გავიხსენოთ. თუკი რაიმე სერიოზული შეკრება გაგვიმართავს იატაკქვეშა მარქსისტებს თუ ბოლშევიკებს, ყველა ლონდონში ტარდებოდა. ილიჩს განსაკუთრებით უყვარდა ეს ქვეყანა და ლონდონი. ამბობდა: ცარიზმის დამხობა და რევოლუცია ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მწიფდებაო. ოხრანკა გაგიჟებული იყო და დიდი ბრიტანეთის მითავრობას კატეგორიულად სთხოვდა, ეს შეკრებები აღკვეთეთო. ისინი კი, პირიქით, არაფერში გვზღუდავდნენ. იმიტომ, რომ მათ ეს სჭირდებოდათ. დიდ ბრიტანეთს რუსეთი ყოველთვის გეოპოლიპტიკურ მტრად მიაჩნდა და ნებისმიერი მისი დასუსტება მათთვის მისაღები იყო. იმანაც კი არ გაჭრა, როდესაც იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჯორჯს, თავის ბიძაშვილს, წერილი მისწერა და სთხოვა, ჩვენთვის სივრცე არ მოეცათ. იმან კი უპასუხა: ვერაფერს გავაწყობ. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ბოლშევიკები კანონს არ არღვევენო.
– მახსოვს, – ვუპასუხე სტალინს; – დიდი ბრიტანეთი დიდად დაგვეხმარა ჩვენს საქმიანობაში და ახლა ჩვენი საქციელი არ მოსწონს.
– და, ნუ მოსწონთ. ერთი აზრი მომივიდა, აუცილებლად უნდა განვახორციელო და მათ მოვაკეტინო, – მიპასუხა სტალინმა“.
მოლოტოვი გულისხმობდა სტალინის ქმედებას, გრიგორი რასპუტინის მკვლელობასთან დაკავშირებით. დიდ ბრიტანეთს გრიგორი რასპუტინი მტრად მიაჩნდა და მისი მკვლელობის ორგანიზება მოახდინა. ოხრანკამ გამოძიება დაიწყო. რაღაც-რაღაცები გამოიკვეთა კიდეც. თუმცა, ბოლოს ეს საქმე დახურეს და არქივს ჩააბარეს. სტალინმა კი თითქმის 20 წლის შემდეგ ეს საქმე არქივიდან ამოაღებინა. კომპეტენტურ გამომძიებლებს გამოაძიებინა და სრულად დამტკიცდა, რომ ეს მკვლელობა დიდი ბრიტანეთის ელჩისა და მისი დაზვერვის რეზიდენტის, რეილის მიერ იყო ორგანიზებული. შემდგომ ეს საქმე ინგლისურად თარგმნეს. შესაბამისი მტკიცებულებებიც დაურთეს და ფორინ-ოფისს გაუგზავნეს. პარალელურად კი, რეილისა და ამ დანაშაულის სხვა მონაწილეების გადმოცემას მოითხოვდნენ, რომლებიც იმ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ. ამ აქტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობა დადუმდა. სამაგიეროდ, სტალინის ბრძანებით, ეს საქმე, დეტალებითურთ, მთელი მსოფლიოს მოწინავე პრესაში დაიბეჭდა და დიდი ბრიტანეთის კომპრომატაციაც აქტიურად გაჩაღდა.“
იაკობ კედმი: „1945 წლის თებერვალში იალტაში სამი ქვეყნის მეთაურთა კონფერენცია გაიმართა. ერთ-ერთ სხდომაზე უინსტონ ჩერჩილმა სტალინს ბრალი დასდო, რომ საბჭოთა კავშირი უხეშად ერევა დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეებშიო. სტალინმა ეს ბრალდება უარყო და რასპუტინის მკვლელობის ისტორია გაახსენა. იმავე საღამოს კი კონფერენციის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი საქმის მასალები დაურიგეს. ასევე, სტალინმა მას უთხრა: სწორედ თქვენმა ქვეყანამ არ მიიღო გადამდგარი რუსი იმპერატორი, არადა, თქვენი მეფე მისი ბიძაშვილი იყო და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენო. ჩერჩილი ისე გამწარდა, რომ სიტყვაც არ უთქვამს, სხდომა მაშინვე დატოვა“.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან