ბელადები

როგორ ეხმარებოდა ბერია ნერუს საბრძოლო ჯგუფებს

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.03

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ადამიანი იყო და მისი მოღვაწეობის სფერო, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ არეალს მოიცავდა. მას ერთდროულად შეეძლო, ემუშავა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და განეხორციელებინა ჩახლართული სპეცოპერაციები, ამასთან, ეს ყოველივე დიდი წარმატებით შეესრულებინა.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „სტალინმა ბერია იმიტომ დააწინაურა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, რომ მასში დიდი შემსრულებელი დაინახა. საბჭოთა ბელადმა შეამჩნია, რომ ბერიას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, ნებისმიერი მინდობილი საქმე სრულყოფილად შეესრულებინა. შესაძლოა ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში ჩართული სტალინი სხვა ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს ეხმარებოდა და ამ საქმის სათავეში, რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერია ჩააყენა. მე ვგულისხმობ ინდოეთს, რომელიც ბრიტანეთის იმპერიას ებრძოდა და სტალინმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, შეძლებისდაგვარად ყოველთვის დახმარებოდა მათ.“

ბერია ჭკვიანი ადამიანი იყო და სტალინის მსგავსად შორსმიმავალი პოლიტიკური ხედვა ჰქონდა. ამ თვისებას ბელადი დიდად აფასებდა და ბერიას აღზევებაც პოლიტიკურ ოლიმპოზე დიდწილად ამითაც იყო გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ბერია სტალინის პოლიტიკური მრჩევლის როლსაც ითავსებდა. სწორედ ბერიამ ურჩია სტალინს, რომ ნერუს საბრძოლო ჯგუფებს დახმარებოდა და ეს იდეა ბელადს არგუმენტირებულადაც წარუდგინა...

იაკობ კედმი: „ჰიტლერის დამარცხების საკითხი, პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილი იყო. საბჭოთა კავშირმა გარდატეხა მოახდინა ომის მსვლელობაში და ის შეუქცევადი იყო. სიტუაცია კი შეიძლებოდა, ისე განვითარებულიყო, რომ მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის მტრებად გადაქცეულიყვნენ. ამ ქვეყნებმა სერიოზული ნაბიჯიც კი გადადგეს საამისოდ და დაინახეს რა, რომ „წითელი არმია“ ძალიან სწრაფად მიიწევდა ბერლინისკენ, ევროპაში შესამჩნევად გაზარდეს თავიანთი სამხედრო ძალები. ბერიამ კი სტალინს შესთავაზა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ერთგვარი მეორე ფრონტი გაეხსნათ ინდოეთში. ასე გაჩნდა ნერუსა და მისი საბრძოლო ჯგუფების დახმარების იდეა. ბერიამ ისიც იცოდა, რომ სტალინი სწორედ მას დაავალებდა ამ საქმეს და ბელადს უკვე გამზადებული სამოქმედო სქემა შესთავაზა. საბჭოთა კავშირი ნერუს ფარულად აწვდიდა იარაღს, მათ მებრძოლებს სამხედრო მომზადებას უტარებდნენ გამოცდილი, ბრძოლებში გამობრძმედილი ინსტრუქტორები. ასევე, აწვიდიდნენ დაზვერვის ინფორმაციებს ბრიტანეთის გეგმების შესახებ ინდოეთთან მიმართებაში. ბერია ჩვეული ენერგიულობითა და ორგანიზებულობით ჩაერთო ამ საქმეში. წარმატებამაც არ დააყოვნა და რამდენიმე წელიწადში ინდოელებმა კუდით ქვა ასროლინეს კოლონიზატორებს“.

სხვათა შორის, სწორედ ბერიას მიერ შემუშავებული პოლიტიკური ტაქტიკით განვითარდა ომისშემდგომი პოლიტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ომი (მეორე მსოფლიო ომი) დასრულდა, კოლონიზატორი ქვეყნები არ აპირებდნენ კოლონიების დათმობას, რადგან ამ ქვეყნებიდან, ფაქტობრივად, მუქთად გაჰქონდათ რესურსები, ნედლეული, ბუნებრივი სიმდიდრეები. ამიტომ, საბჭოეთმა ამ სურათის რადიკალურად შეცვლა დაიწყო და ამ მიმართულებით პოლიტიკურ წარმატებასაც კი მიაღწია.“

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მართალია, ბერიას მიერ იყო შემუშავებული მსგავსი ტაქტიკა და ფაქტობრივად, ომები მიმდინარეობდა. მაგრამ ამ ყოველივეს მეორე მხარეც ჰქონდა. მან შესანიშნავად უწყოდა, რომ ნებისმიერი, დიდი თუ მცირე კონფლიქტი ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდებოდა. ამიტომ ლავრენტი ბერიას თავის გეგმებში დიპლომატიური მხარეც სანიმუშოდ ჰქონდა დამუშავებული და მზად იყო, ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ მხარეს დალაპარაკებოდა. სხვათა შორის, შეთქმულებმა სწორედ ვერაგულად მოკლული ლავრენტი ბერიას სეიფში აღმოაჩინეს შემდგომი მოქმედების საფუძვლიანად დამუშავებული და გაწერილი გეგმა. თუმცა თავიანთი უგუნურების გამო ამ გეგმის გამოყენებაზე უარი თქვეს და ქვეყანა დაღუპვისკენ წაიყვანეს.“

ბერია, რა თქმა უნდა, მარტო პრაქტიკოსი არ ყოფილა, მის მიერ თეორიულად დამუშავებული გეგმები პოსტსტალინისტურ პერიოდში ძალიან სასარგებლო და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნებოდა. ბერიას სეიფში აღმოჩენილი ეს გეგმა, ფაქტობრივად, მეცნიერული ნაშრომი იყო, სერიოზული გათველებითა და ანალიზით. ამ გეგმის სამუშაო სახელწოდება იყო: „საბჭოთა კავშირის განვითარება სტალინის გარდაცვალების შემდეგ“. საგულისხმოა, რომ ეს ნაშრომი 1951 წელს დაიწერა. ანუ, ბელადის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე და იმაზე მიუთითებს, რომ ბერია მზად იყო ნებისმიერი პოლიტიკური გამოწვევებისთვის სტალინის გარდაცვალებისთანავე და ფაქტობრივად, უმტკივნეულოდაც ჩაიბარა ქვეყანა. თუმცა, ვერ შეძლო იმის გათვალისწინება (უბრალოდ, ბერიამ ამას ყურადღება არ მიაქცია), რასაც ვერაგული ღალატი ჰქვია. ისტორიული გადასახედიდან, რასაც გამომზეურებული საიდუმლო საბუთები ადასტურებენ, აშკარაა, რომ ბერია სტალინის შემდგომ არანაირ რეპრესიებს არ გეგმავდა, მხოლოდ სწრაფ და ეფექტურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე იყო ორიენტირებული და ამაში სხვა ქვეყნების პრაქტიკის გამოყენებასაც გულისხმობდა. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული