ბელადები

როგორ დასაჯა სტალინმა მარშალი ჟუკოვი

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 14:46 30.11, 2020 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს არა მარტო მისი მოწინააღმდეგეები, არამედ ზოგიერთი მომხრეც კი ძალიან ეჭვიან (ზოგ შემთხვევაში პარანოიდულად ეჭვიან) ადამიანად მიიჩნევდნენ, ფაქტები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ საბჭოთა ბელადის ყველა ეჭვი საფუძვლიანი, არაერთგზის გადამოწმებული და დამტკიცებული იყო და ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები კი – სამართლიანი... ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი ვსევოლოდ ზორკინი წერს: „სტალინის ანტიპიარისტების ჩვეული ხერხი ამ ადამიანის „გაშავებისა“ არის მისი დადანაშაულება პარანოიზმამდე მისულ უკიდურეს ეჭვიანობაში. არადა, სტალინი არასოდეს იღებდა გადაწყვეტილებებს მხოლოდ ეჭვების საფუძველზე, ყოველ მათგანს ჯერ საფუძვლიანად, არაერთგზის ამოწმებდა და მხოლოდ მაშინ გასცემდა ბრძანებას. უნდა ითქვას, რომ ძალიან იშვიათად არ გამართლებულა საბჭოთა ბელადის ეჭვები და სტალინი, ფაქტობრივად, არასდროს ცდებოდა ადამიანებისა და მოვლენების ამოცნობაში. ჯერ კიდევ ძველი ქართველი ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე ამბობდა: „კობა“ (სტალინი) ისე ღრმად ჭვრეტდა ადამიანებს, რომ არასოდეს ცდებოდა და მისმა ამ ოქროს თვისებამ იატაკქვეშა მოღვაწეობის ჟამს ბოლშევიკები არაერთხელ გვიხსნაო. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინს, ისევე როგორც საბჭოთა სახელმწიფოს, უამრავი მტერი ჰყავდა. ისინი იყვნენ მისი ახლო გარემოცვაშიც და სტალინი მათ, რა თქმა უნდა, შესაბამისად ექცეოდა. თუმცა, სტალინი არასოდეს ჰყვებოდა ემოციას, ბოროტმოშურნე ენებს და ამ საკითხში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებდა. 1946 წლის 17 მაისს, სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა, ვიქტორ აბაკუმოვმა სტალინს აუდიოჩანაწერების ამონაბეჭდები მიუტანა, სადაც ჟუკოვი და სხვა გენერლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ზოგიერთი მათი კოლეგა გენერლის დაპატიმრების გამო. აბაკუმოვი სასტიკად ვერ იტანდა მარშალ ჟუკოვს და სტალინს ისე მიაწოდა ეს ინფორმაცია, რომ თითქოს ჟუკოვი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. სტალინმა (მე ეს პირადად სტალინის მონაყოლიდან ვიცი) ახლად დანიშნულ აბაკუმოვს უთხრა:

– შენ ამბობ, რომ ჟუკოვი მე გადაყენებას მიპირებს და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს? აბაკუმოვ, სულ რაღაც ათი დღის დანიშნული ხარ თანამდებობაზე და უკვე ინტრიგებს ხლართავ. ჩემი დარწმუნება გინდა, რომ ჟუკოვი ბონაპარტისტული ზრახვებითაა შეპყრობილი და დამხობას მიპირებს. ძალიან მაღლა ხომ არ გაიქაჩე, გენერალო?
– არა. რას ბრძანებთ, ამხანაგო სტალინ. ამაზე ეს საუბრები მეტყველებს, – მიუგო აბაკუმოვმა, მაგრამ სტალინმა შეაწყვეტინა:
– გეყოფა, გენერალო, გეყოფა. ჟუკოვის სიძულვილი სისულელეს გალაპარაკებს. ჟუკოვს რომ ჩემი დამხობა ნდომოდა, ის ზუსტად ერთი წლის წინ იჯდებოდა კრემლში. შარშან ამ დროს ჟუკოვს ყველაზე დიდი არმია ჰყავდა მსოფლიოში. ყველა გენერალი მას შესცქეროდა და ყველა მის ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებდნენ. საკმარისი იყო ერთი სიტყვა და ჟუკოვი მოსკოვისკენ შემოაბრუნებდა ჯარს და აქედან გამიშვებდა. ეს – მაშინ. ახლა კი მას ასეთი ძალა არ გააჩნია. სურვილი კი არც მაშინ ჰქონდა და მით უმეტეს, არც ახლა აქვს და ამიტომ ტყუილს მოეშვი.
სტალინმა აბაკუმოვი კუდამოძუებული გაუშვა. თუმცა, ერთი თვის მერე ჟუკოვი სახმელეთო ჯარების მთავარსარდლობიდან მაინც გაათავისუფლა და ის ოდესის სამხედრო ოლქის უფროსად გაამწესა“.
ჟუკოვის ამ დაქვეითებას წონიანი მიზეზი ჰქონდა. ჯერ კიდევ აბაკუმოვის მინისტრად დანიშვნამდე, უშიშროების სამინისტროში, ეგრეთ წოდებული, „ალაფის საქმის“ გამოძიება მიმდინარეობდა. იკვლევდნენ ფაქტებს გერმანიიდან უზარმაზარი ქონების გამოზიდვის თაობაზე. როგორც ცნობილია, საბჭოთა სამხედრო სარდლებმა, ჟუკოვის მეთაურობით, გერმანიიდან უზარმაზარი ძვირფასი ქონება, მათ შორის, ხელოვნების ნიმუშები გამოზიდეს. გაძარცვული იქნა დრეზდენის გალერეაც და იქიდან უნიკალური არტეფაქტები დაიკარგა. რა თქმა უნდა, აშკარა იყო, რომ ეს დანაშაული საბჭოთა გენერალიტეტმა ჩაიდინა, მაგრამ ისინი ამას უარყოფდნენ და ამიტომ სტალინმა ფარული გამოძიების დაწყება ბრძანა. ბოლო წვეთი მოთმინების ფიალაში, ეგრეთ წოდებული, „ოდინის თვალი“ იყო. ეს არტეფაქტი დრეზდენში ინახებოდა და გერმანელები მას დიდ ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამ 30 მილიმეტრის ვერცხლისფერ მედალიონს გერმანელები მთელ მსოფლიოში ეძებდნენ, სინამდვილეში კი ჟუკოვის აგარაკზე, ყავის სერვიზის ფაიფურის ჭიქაში აღმოჩნდა. მისმა მფლობელმა მარშალმა კი არც კი იცოდა, თუ რა იდო ჭიქაში. „ოდინის თვალი“ შემთხვევით აღმოაჩინა ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, უნგრული წარმოშობის ივან (იანო) მაცამ. ის ჟუკოვთან აგარაკზე იყო მიწვეული და მის ნივთებს ათვალიარებდნენ. მაცამ ეს ამბავი სტალინს მიუტანა. სტალინმა კი ჟუკოვი ამ მედალიონიანად დაიბარა კრემლში და ეს ძვირფასი არტეფაქტი და სხვა ნაძარცვი ქონება გერმანიაში გააგზავნინა. თავად „გამარჯვების მარშალი“ კი ოდესაში გაამწესა...
სტალინს, რა თქმა უნდა, ჟუკოვის ბევრად უფრო მკაცრად დასჯაც შეეძლო, მაგრამ მას მხოლოდ დაქვეითება აკმარა, რადგან იცოდა, რომ მისგან (ჟუკოვისგან) ბონაპარტი არ გამოვიდა და მარშალი მხოლოდ მოროდიორად მიიჩნია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი