ბელადები

როგორ დამყარდა წესრიგი მსოფლიოში სტალინის წყალობით

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.08

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძლევამოსილი და კაცობრიობის ისტორიაში მართლაც გამორჩეული მმართველი იყო. ამ ადამიანმა ყველაზე სრულყოფილი სახელმწიფო შექმნა, რაც კი მანამდე არსებობდა.

ბორის სოკოლოვი: „საბჭოთა კავშირისნაირი სახელმწიფო არც ამ ქვეყნის დაშლის შემდეგ შექმნილა და საეჭვოა, რომ ოდესმე შეიქმნას. რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილი ქვეყნის დამაარსებლად ლენინი მიიჩნევა. ფორმალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვაა ქაღალდზე არსებული ქვეყნის დამფუძნებელი იყო და სულ სხვა – ნამდვილი ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნა, ფეხზე დაყენება და მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.“

იაკობ კედმი: „ლენინი მხოლოდ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირს, ხშირ შემთხვევაში ეს ხელმძღვანელობა ერთობ წარუმატებელი იყო. ილიჩი (ლენინი) უფრო შეცდომებს უშვებდა მმართველობაში, ვიდრე წარმატებას აღწევდა. მისი ყველაზე დიდი დანაშაული კი, ეგრეთ წოდებული, „წითელი ტერორი“ იყო. ლენინის უშუალო ბრძანებით, რუსეთში მილიონზე მეტი ადამიანი გამოასახლეს სიცოცხლეს. განადგურდა ეკლესია. კულტურა და ქვეყანა ბოროტმოქმედებისა და უზნეობის ჭაობში ჩაეფლო. შემდგომ სწორედ სტალინს მოუწია ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება, რასაც მან დიდი წარმატებით გაართვა თავი.:“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „რომ არა სტალინი, საბჭოთა კავშირი კი არა, რუსეთიც კი აღარ იარსებებდა. ლენინის მიერ შექმნილი სახელმწიფო 5-6 წელიწადში გაცამტვერდებოდა და მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე სრულად განაგურდებოდა. ლენინისა და ტროცკის მისწრაფებები მსოფლიო რევოლუციისკენ რუსეთს დაანგრევდა. როგორც ტროცკი ამბობდა, რუსეთი მსოფლიო რევოლუციის კოცონში ჩაიფერფლებოდა. სტალინმა კი ეს არ დაუშვა“.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ქართველი სტალინი, იოსებ ჯუღაშვილი, ისევე, როგორც სომეხი ანასტას მიქოიანი, ებრაელი ლაზარ კაგანოვიჩი და ასეულობით თვალსაჩინო ბოლშევიკი ადგილობრივი რევოლუციონერები იყვნენ. არასდროს ყოფილან ემიგრაციაში, არასდროს მოწყვეტილან მშობლიურ ფესვებს და შესანიშნავად ჰქონდათ გათვითცნობიერებული ხალხის გასაჭირი. ლენინი, ზინოვიევი და კამენევი კი მრავალი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ რუსეთს. ტროცკი, ხომ, საერთოდ, ოკეანის გაღმა მეფესავით მდიდრულ და კომფორტულ ცხოვრებას ეწეოდა. მათ არც ხალხის გასაჭირი იცოდნენ და არც აინტერესებდათ. ამ ადამიანებს მხოლოდ ძალაუფლება სურდათ. უმეტესი მათგანი კი თავიანთი პატრონების შეკვეთას ასრულებდნენ. თუნდაც ლენინი, განსაკუთრებით, ტროცკი. სტალინი კი მიუხვდა მათ ჩანაფიქრს. რუსეთი მსოფლიო რევოლუციის კოცონში არ შეაგდებინა. სწორედ რომ, სტალინის დამსახურებაა ეს ყველაფერი და სტალინის გუნდის, რომელიც ბელადმა შექმნა და ქვეყნის სასიკეთოთდ აამუშავა.“

ვიაჩესლავ მოლტოვი: „სტალინი უძლიერესი მმართველი იყო. ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე, მებრძოლი. ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია მან მოღალატე ოპოზიციასთან ბრძოლის ფონზე განახორციელა. საბჭოთა კავშირს სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკა შესძინა. ჩაატარა აღწერა და განახრციელა პასპორტიზაცია, შექმნა მსოფლიო დონის სახელმწიფო სტანდარტები ყველა სფეროში. ეს ყოველივე საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცია. დარღვევა კი უმკაცრესად ისჯებოდა. ოქტომბრის რევოლუციის 20 წლის თავზე, ანუ 1937 წლისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნების ხუთეულში შედიოდა და ამის მთავარი შემოქმედი სტალინი გახლდათ.“

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „1939 წელს ამერიკაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში შეკრებილ კოლეგებს უთხრა: „რუსებს (საბჭოთა კავშირს) დღეს ისეთი სახელმწიფო აქვთ, როგორიც არასოდეს ჰქონიათ და ეს, პირველ რიგში, მათი ლიდერის, სტალინის დამსახურებაა. ვფიქრობ, დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც მათ მოერევა, თვით ჰიტლერიც კი“... ჩემი აზრით, რუზვველტმა უკვე იცოდა, რომ ჰიტლერი სტალინს უნდა დასჯახებოდა და გამორიცხული არაა, ნანობდა კიდეც, რომ რუსებს (საბჭოთა კავშირს) ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში დაეხმარა. უფრო სწორად კი, ამერიკამ რომ საბჭოეთს სხვადასხვა ტექნოლოგიები მიჰყიდა. მსოფლიო პოლიტიკური ელიტა მწარედ შეცდა სტალინთან დაკავშირებით. თავდაპირველად სტალინი მათ, მაქსიმუმ, საშუალო დონის პოლიტიკოსი ეგონათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მას თავის ჭკუაზე დაატრიალებდნენ, შეაშინებდნენ, მოატყუებდნენ. თუმცა, თავადვე დარჩნენ შეშინებულებიც, მოტყუებულებიც და ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ გენიალურ პიროვნებასთან ჰქონდათ საქმე. თავის მემუარებში ჩერჩილი წერდა: კონფერენციების დროს, როცა სამივე ლიდერი ვიკრიბებოდით, სტალინი მე ორჯერ მატყუებდა ხოლმე, რუზველტს კი – ექვსჯერო. ბრიტანელი პრემიერი ამით ხაზს უსვამდა სტალინის ინტელექტს, ჭკუას, ნებისყოფასა და პოლიტიკურ გენიალობას. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ სწორედ სტალინის პოლიტიკური გენიის წყალობით დამყარდა დედამიწაზე მშვიდობა და წესრიგი ათწლეულების განმავლობაში.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა