ბელადები

როგორ დახატა სალვადორ დალიმ სტალინის უცნაური პორტრეტი

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.12, 2022 წელი

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ძალიან განათლებული და ნაკითხი იყო. მიუხედავად იდეოლოგიური პოლიტიკისა, რაც საბჭოთა კავშირში სუფევდა, სტალინი ზოგჯერ ამას ძალიან ოსტატურად ფუთავდა და ისეთ გამონაკლისს დაუშვებდა ხოლმე, რაც წარმოუდგენელი იყო საბჭოთა კავშირისთვის...

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „უინსტონ ჩერჩილს არაერთი ციტატა აქვს სტალინზე ნათქვამი. ზოგი ობიექტური, ზოგიც ნაკლებად, მე კი ეს ციტატა მომწონს, სადაც ნათლადაა გამოხატული როგორც სტალინის როლი, ასევე მისი არსიც. ჩერჩილი ამბობს: მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი თავისუფალი ადამიანი სტალინი გახლდათ, რომელიც ერთადერთი თავისუფალი შემოქმედი და რეჟისორი იყო და არ არსებობდა მეორე, ვინც ამ რეჟისურაში არამც თუ ჩაერეოდა, არამედ მცირე კორექტირებასაც კი შეიტანდაო... ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სტალინი იმას აკეთებდა, რაც სურდა, არამედ ის თავისუფალი შემოქმედი იყო და მისი ქმედებები კორექტირებასაც კი არ საჭიროებდაო...“

ჩერჩილზე უკეთ ძნელად თუ ვინმე იტყვის რამეს სტალინზე, მით უმეტეს, ისინი ხომ წლების განმავლობაში მოკავშირეები, პარტნიორები და მოწინააღმდეგეები იყვნენ. ჩერჩილი თითქმის მუდმივად საყვედურობდა სტალინს იმის გამო, რომ საბჭოეთში, ფაქტობრივად, არ არსებობდა დემოკრატია და ხალხს ყულფი ჰქონდა ყელზე შემოხვეული... თუმცა რაც 1950 წელს მოხდა, აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს...

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „გასაგები მიზეზების გამო, საბჭოთა კავშირში თუ არ იდევნებოდა, არც ახალისებდნენ ხელოვნების ისეთ მიმდინარეობებს, როგორიცაა: კუბიზმი, იმპრესიონიზმი და მსგავსი „სიმახინჯეები“... 1950 წელს კი მოსკოვში ჩატარდა გრანდიოზული გამოფენა მანეჟის სივრცეში, სადაც ყველა დაგმობილი მიმდინარეობის 600 ნამუშევარი იყო გამოფენილი. მათ შორის სალვადორ დალის „ნაჯღაბნებიც“... ამ გამოფენის დირექტორი თვით პიკასო იყო. როგორც ცნობილია, პიკასო კომუნისტი გახლდათ და მთელი მარილიც ამაში მდგომარეობდა...“

ამ აქციით სტალინმა, ერთი მხრივ, დასავლეთის გულის მოგება სცადა გაგანია „ცივი ომის“ დროს და მათ აშკარად დაანახვა, რომ საბჭოეთში ხელოვნების სრული თავისუფლება სუფევდა; მეორეს მხრივ კი (უკვე შიდა მოხმარებისთვის), საბჭოთა ადამიანებს უჩვენა - კომუნისტები პიკასოს ამ უცნაურ, „მახინჯ“ ხელოვნებაშიც კი მოწინავენი არიანო... ნიშანდობლივია, რომ გამოფენა, რომელიც მოსკოვში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, უდიდესი ანშლაგით გამოირჩა და ყოველდღიურად ათეული ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამოფენა თავად სტალინმაც მოინახულა. ერთი კვირა მოსკოვში თვით დალიც იმყოფებოდა და მან მცირე ზომის ტილოც კი შექმნა სახელწოდებით „ბელადი“, ანუ დალიმ სტალინის პორტრეტი დახატა თავისი ინტერპრეტაციით და კრემლში შეხვედრის დროს აჩუქა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „დალი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ისეთი აღიარებული მხატვარი, როგორც ახლაა. მან სტალინის უცნაური პორტრეტი დახატა, რომელიც ჰგავდა სტალინს, თან არც ჰგავდა. თუმცა მას ძალიან ორიგინალური ეჩვენა, მოეწონა და კუნცევოში, თავის საძინებელში დაკიდა. სტალინისგან განსხვავებით, მე ეს ნამუშევარი არ მომწონდა...“

სხვათა შორის, დალის ეს პორტრეტი ძალიან აღიზიანებდა ხრუშჩოვს და მას მერე, რაც სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოიტანეს, კუნცევოს აგარაკიდან ხრუშჩოვმა ამ სურათის ჩამოხსნა და განადგურება ბრძანა... ნიკიტას მოახსენეს, რომ სურათი დაწვეს და შესაბამისი აქტიც იქნა შედგენილი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დალის ეს 40X60 ზომის სტალინის პორტრეტი ხელოვნებათმცოდნე ისააკ გალკინმა გადამალა და მის მაგივრად ამავე ზომის მულაჟი გაანადგურა...70-იანი წლების დასაწყისში კი გალკინი ისრაელში გაემგზავრა და ამ სურათის უცხოეთში გატანა მოახერხა. ის ერთ-ერთ კერძო კოლექციონერს სოლიდურ ფასად მიჰყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, სტალინს კიდევ 10 წელიწადი რომ ეცოცხლა, ქვეყანას უფრო მეტ თავისუფლებას მოუტანდა. მოგვიანებით, ეს ხრუშჩოვმა დაიბრალა. კი, ხრუშჩოვმა „დათბობის“ მსგავსი რამ შემოიტანა ქვეყანაში, მაგრამ ეს იყო მოუწესრიგებელი პროცესი. თანაც, ხრუშჩოვს ძალიან დაბალი ინტელექტი ჰქონდა და უწიგნური იყო“.

ასე იყო თუ ისე, პოსტსტალინური საბჭოეთი ქაოსურად, არათანამიმდევრულად განვითარდა (უფრო სწორად, უკან-უკან წავიდა) და ვითომ თავისუფლების ჰაერი ასე სწრაფად და უცებ გაქრა, ყველაფერი დაინგრა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი