როგორ დაიცვა ლავრენტი ბერიამ კავკასია
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.12
ლავრენტი პავლეს ძე ბერია რომ საბჭოთა კავშირში გრანდიოზული პროექტების ბრწყინვალე შემსრულებელი იყო, საქვეყნოდ ცნობილია. მის უდიდეს მიღწევად საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა სახელდება, თუმცა არანაკლები მიღწევაა კავკასიის დაცვა, რომელიც უშუალოდ ბერიას ხელმძღვანელობით განხორციელდა და რომ არა ეს ზედმიწევნით სწორად შესრულებული ოპერაცია, არ იქნებოდა არც „ატომური“ თუ სხვა პროექტები და 40-იანი წლების შუაში საბჭოეთსაც წერტილი დაესმებოდა.
გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „1942 წლის 21 აგვისტოს გერმანელმა ფაშისტებმა ელბრუსის (იალბუზი) მწვერვალზე ფაშისტური დროშა აღმართეს. ჰიტლერულმა პროპაგანდამ, გებელსის მეთაურობით, გრანდიოზული ხმაური ატეხა და საბჭოთა კავშირი ლამის დამარცხებულად გამოაცხადეს. მდგომარეობა კავკასიის ფრონტზე თითქმის კატასტროფული იყო და როგორც ყოველთვის, სტალინმა მდგომარეობის გამოსწორება ბერიას დაავალა. 1942 წლის 27 აგვისტოს მოსკოვიდან თბილისში 18-კაციანი შემადგენლობა ჩაფრინდა, რომელსაც კავკასიის დაცვისთვის უნდა ეხელმძღვანელა და მათი მეთაური კი ლავრენტი ბერია იყო“.
საგულისხმო ფაქტია, რომ თვრამეტკაციან ჯგუფში გენერალ ბოდინის გარდა, ყველა ქართველი იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ დელეგაციის წევრი იყო სრულიად ნორჩი სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ერთადერთი ვაჟი), რომელსაც 18 წელი 24 ნოემბერს უსრულდებოდა. ჩამოსულებს აეროდრომზე დახვდნენ ამიერკავკასიის ჯარების სარდალი ტიულენევი, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი და მისი სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები – არუთინოვი და ბაგიროვი. ბერიამ აეროდრომზევე შერისხა ტიულენევი იმის გამო, რომ ფაშისტებმა კავკასიაში შემოდგეს ფეხი და ელბრუსზე დროშა აღმართეს. აეროდრომიდან ბერია ქალაქის დასათვალიერებლად გაემართა. მთელი ქალაქი შემოიარა და მანქანა რუსთაველის გამზირზე რომ გააჩერებინა, ახლა კანდიდ ჩარკვიანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქალაქში არ მუშაობდა ტრამვაი, შეწყვეტილი იყო წყლის მიწოდება და რაც მთავარია, ქუჩაში ადამიანები არ დადიოდნენ, ქალაქი, ფაქტობრივად, დაცლილი იყო – ვისაც სოფელი ჰქონდა, ყველა იქ გადაბარგებულიყო.
სერგო ბერია: „მამამ იმავე საღამოს ჩაატარა საგანგებო თათბირი ცეკას შენობაში, შედეგად კი მეორე დღესვე ამუშავდა ტრამვაი, განახლდა წყლის მიწოდება, გახსნეს კინოთეატრები და იქ მხატვრულ ფილმებსა და სამხედრო ქრონიკებს უჩვენებდნენ. ხოლო 30 აგვისტოს, კვირა დღეს, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა „დინამოს“ ორ შემადგენლობას შორის, რომელიც ფრედ 3-3 დასრულდა. დიდ ფეხბურთსა და სიხარულს მონატრებულმა ადამიანებმა „დინამოს“ სტადიონის ტრიბუნები გაავსეს.“
ქუჩებში მოსახლეობა გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად იცავდნენ სამხედრო მდგომარეობის წესებს, საქართველოს დედაქალაქში სიცოცხლე აღდგა.
ქალაქისა და მისი მოსახლეობის გამოცოცხლება პირველი ეტაპი იყო ბერიას „კავკასიურ საქმიანობაში“. შემდგომ ბერია უკვე უშუალოდ სამხედრო საქმეზე გადაერთო და ყველა საჭირო რესურსის მობილიზება განახორციელა. ის პირადად გადიოდა ფრონტის წინა ხაზზე და პირადად ეცნობოდა ოპერატიულ მდგომარეობას ფრონტზე. ბერიამ დააწინაურა კონსტანტინე ლესელიძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კავკასიაში ფაშისტების დამარცხებაში. ნიშანდობლივი და ძალიან საგულისხმო მომენტია ის, რომ ბერიას ინიციატივით შეიქმნა სვანური ბატალიონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფაშისტების განადგურებაში. სერგო ბერია: „მამის ინიციატივით შეიქმნა სვანების ბატალიონი და მამა მას „სვანურ არმიას“ უწოდებდა. სპეციალური ბრძანებით, „სვანურ არმიას“ სრული სამხედრო ეკიპირება და საბრძოლო ტექნიკა გადასცეს. მამაჩემის ამ ინიციატივამ გაამართლა და სვანებმა დიდი როლი ითამაშეს კავკასიაში მათი დამარცხების საქმეში“.
ბერიას თაოსნობით, არაერთ სვან მეომარს გადაეცა სახელმწიფო ჯილდო, ხოლო მოსკოვში დაბრუნებულ ბერიას კი კავკასიის გათავისუფლებისთვის პირადად სტალინმა გამოუცხადა მადლობა და ლენინის ორდენით დააჯილდოვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



