როგორ დაიცვა ბერიამ კავკასია
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.12
ლავრენტი ბერია ნიჭიერი ორგანიზატორი იყო. იმავდროულად, ძალიან ეშმაკი და გამჭრიახი კაცი. კარგად ერკვეოდა ადამიანების ფსიქოლოგიაში და იცოდა, ვის და როგორ მოიქცეოდა, რომ მათ საქმე გაეკეთებინათ.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია სტალინის საგანგებო დავალების საგანგებო შემსრულებელი იყო, აბსოლუტურად ყველა სფეროში და ერთი ჩავარდნაც კი არ ჰქონია. ბერია რამდენიმე საკითხს ერთდროულად იყო შეჭიდებული და ყველას სანიმუშოდ ასრულებდა. ერთი სიტყვით, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, ბერიაც სწორედ იქ იმყოფებოდა და საკითხი ოპერატიულად წყდებოდა და საქმე მაქსიმალურად სწრაფად კეთდებოდა ხოლმე. ამისი ნათელი მაგალითია კავკასიის დაცვა, რაც სტალინმა ბერიას ჩააბარა და ამ უკანასკნელმა კი ეს პრობლემა დიდი წარმატებით გადაჭრა.“
როგორც ცნობილია, დიდი სამამულო ომის პირველ ორ წელიწადს მდგომარეობა ურთულესი, ზოგან კი კატასტროფულიც კი იყო. ასეთივე სიტუაციაში იმყოფებოდა კავკასიაც. ფაშისტები გააფთრებულები უტევდნენ ამ რეგიონს. 1942 წლის ზაფხულში დიდი საშიშროება იყო, რომ იქ ჰიტლერელები შესულიყვნენ და სრულად დაეპყროთ. აქედან გამომდინარე, სტალინმა სწორედ ბერიას დაავალა კავკასიის დაცვა და თათბირზე ამ საქმის ხელმძღვანელადაც ის დანიშნა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი რომ კავკასიის ფრონტზე შექმნილ ვითარებას გაეცნო, ბერიას მიუბრუნდა და რუსულ ენაზე, ჩვენს გასაგონად უთხრა:
– შენს სამშობლოს დღე დღეზე აიღებს ჰიტლერი, წადი, გაეცანი მდგომარეობას და დაიცავი. მიხედე იმ დოყლაპიებს, ვინც ამას ვერ ახერხებს.
– გასაგებია, ამხანაგო სტალინ! – უპასუხა ბერიამ.
ბერია თბილისში 1942 წლის 18 აგვისტოს სპეციალური თვითმფრინავით ჩავიდა და მას თვრამეტკაციან მაღალჩინოსანთა დელეგაციასთან ერთად თავისი პატარა ვაჟი, სერგოც თან ახლდა. აეროდრომზე მას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კომპარტიის პირველი მდივნები – ჩარკვიანი, ბაგიროვი და არუთინოვი დახვდნენ. ფრონტზე არსებული უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა მათგანს დაღვრემილი სახე ჰქონდა. პირველი იერიში ბერიამ სწორედ მათზე მიიტანა და უთხრა: რა სახეები ჩამოგტირით, თქვენი შემხედვარე, კაცი იფიქრებს, რომ კავკასია უკვე მტრის ხელშიაო. განსაკუთრებით მწვავედ შეუტია ბერიამ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, ტიულენევს და მას პოგონების ჩამოხევითა და დახვრეტით დაემუქრა, თუკი მტრის წინსვლას ვერ შეაჩერებდა. იმავე ღამეს გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გადაუდებელ ღონისძიებათა ოპერატიული გეგმა შეიმუშავეს. ამ დროს კი პატარა სერგო შენობის დერეფანში მიდი-მოდიოდა. პატარა ისე დაიღალა, რომ ტახტზე ჩაეძინა. როგორც კი გათენდა, ბერია ქალაქის დასათვალიერებლად გავიდა. ცხელი დღე იყო. ირგვლივ ხეებისა და მცენარეების სასიამოვნო არომატი იდგა, მაგრამ ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ თბილისში არც წყალმომარაგება მუშაობდა და არც ერთადერთი ტრანსპორტი – ტრამვაი. ადამიანები კი ქალაქს ტოვებდნენ და სოფლებში იხიზნებონენ. ბერია ჩარკვიანს მიუბრუნდა და უთხრა: სასწრაფოდ აღადგინეთ ქალაქის ნორმალური ცხოვრების რიტმი და ხალხს დაანახვეთ, რომ არ დავცემულვართ“.
და, მართლაც, სამ დღეში წყალმომარაგებაც აღდგა. ტრამვაიც ამოძრავდა და კინოთეატრებიც კი ამუშავდა. ხოლო რაც მთავარია, ქუჩები ადამიანებით აივსო და ვერავინ იფიქრებდა, რომ ვერაგი მტერი კავკასიის კარიბჭესთან იდგა და ერთი მიწოლაღა უნდოდა, რომ ეს რეგიონი ხელში ჩაეგდო.
კანდიდ ჩარკვიანი იხსენებდა: „საგანგებო დავალებები რომ მივიღეთ, ბერია ოთხი დღით გაუჩინარდა და არავინ იცოდა, სად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ ბერია მონადირის სამოსში გამოწყობილი სამიოდე ადიუტანტთან და სერგო ბერიასთან ერთად სვანეთში იყო ასული და იქაურ მოსახლეობას ხვდებოდა. ბერიამ მთელი სვანეთის მოსახლეობის მობილიზება განახორციელა. შექმნა სვანური ბატალიონები. შეაიარაღა ისინი და საჭირო პროდუქტებითაც კი მოამარაგა. აგრეთვე, დააწესა ფულადი ჯილდოები ფაშისტების განადგურებისთვის და სვანებმა ღირსეულად დაიცვეს თავისი სამშობლო. იალბუზის წვერიდან კი ფაშისტური დროშა ჩამოგლიჯეს და წითელი აღმართეს. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ფრონტის წინა ხაზზე ბერიას სერგოც თან ახლდა. ამას ყველა ხედავდა. ბერიას ეს საქციელი აღაფრთოვანებდა მათ და საბრძოლო შემართებას უმაღლებდა. ეს ძალიან სწორი ფსიქოლოგიური სვლა იყო.
კავკასიის დაცვაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი მე-18 არმიის სარდლად კონსტანტინე ლესელიძის დანიშვნამ შეასრულა, რაც ასევე, ბერიას დამსახურება იყო.“
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ბერიას უთხრეს: სვანებს არ ენდო. მათ იარაღი არ მიაწოდო, თორემ ეს იარაღი ჩვენ შემოგვიბრუნდება და ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდებენო. ამის მთქმელს კი ბერიამ ლამის სამხრეები დაახია და საწინააღმდეგოდ მოიქცა. ამ ნაბიჯმა გაამართლა და სვანები სიმღერით მიდიოდნენ წინა ხაზზე. ფაშისტებს ჟლეტდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კავკასიის დაცვაში. ბერია მხოლოდ მაშინ დაბრუნდა მოსკოვში, როდესაც კავკასიაში საფრთხე სრულად იყო განეიტრალებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან