ბელადები

როგორ დაიწყო საბჭოთა ატომური პროექტი

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:01 07.12

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია განსაკუთრებული ნიჭისა და შესაძლებლობის ადამიანი იყო. მას ისეთი ქარიზმა ჰქონდა, რაც ადამიანებს აიძულებდა, ბოლომდე დამორჩილებოდნენ მას და ეს არ იყო მხოლოდ შიში ყოვლისშემძლე უშიშროების შეფის მიმართ.

პროფესორი მაქსიმ სვეტლოვი: „ბერიას რომ განსაკუთრებული უნარები არ ჰქონოდა, სტალინი მას არც პროვინციიდან გადაიყვანდა მოსკოვში, მაღალ თანამდებობაზე და არც სასიცოცხლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას დაავალებდა. ლავრენტი ბერია არა მარტო გენიალური ორგანიზატორი და დიდი საქმეების შემსრულებელი იყო, არამედ ის დროთა განმავლობაში მაღალი დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ბერია სტალინის პოლიტბიუროში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც უფლება ჰქონდა, რჩევა მიეცა ბელადისთვის. ჩვეულებისამებრ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში სტალინი იღებდა. რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ საკითხებს ესეც მთლიანად ბელადის პრეროგატივა იყო. ეს ყველამ იცოდა და სტალინს ვერავინ უბედავდა საგარეო პოლიტიკაზე დაეძრა სიტყვა და მხოლოდ ბერია კადნიერდებოდა და სტალინს საგარეო-პოლიტიკურ რჩევებს აძლევდა ინფორმაციული კუთხით. სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ბერია დროდადრო თავად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ბელადისვე ნებართვით. სწორედ ბერიას რჩევა იყო ატომურ იარაღთან დაკავშირებული ამბები. ამაზე დიდი პოლიტიკა, გამჭრიახობა და წინასწარ განჭვრეტა კი წარმოუდგენელია.

ჩემ მიერ ზემოთქმულთან ერთი ისტორიაა დაკავშირებული: ბერია ახალი დანიშნული იყო „ენკავედეს“ ხელმძღვანელად. მასშტაბიანი რეფორმაც დაწყებული ჰქონდა. შექმნილი იყო მეცნიერ-კონსულტანტთა ჯგუფიც და სწორედ მათი მეშვეობით შეიტყო ბერიამ ატომური იარაღის შექმნისა და მისი გამანადგურებელი ძალის შესაძლებლობის შესახებ. ანუ ბერიას უთხრეს, რომ ატომის გაყოფის შედეგად წარმოიქმნებოდა უზარმაზარი ენერგია, რომ ეს ენერგია გამანადგურებელი ძალის იყო და რომ ამ ენერგიის გამოყენება შეიძლებოდა სამხედრო მიზნებით. ანუ შეიძლებოდა, ბომბის გაკეთება. ეს ინფორმაცია რომ გააანალიზა, ბერია მიხვდა, რომ ეს იარაღი საჭირო იქნებოდა გლობალურ პოლიტიკაში. შემდგომ ბერია დაინტერესდა რომელ ქვეყნებში და კონკრეტულად სად შეიძლებოდა, წარმოებულიყო შესაბამისი სამუშაოები. ბერიას მოახსენეს, რომ სავარაუდოდ, ეს სამუშაოები მიმდინარეობდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომ ასეთი სამუშაოების წარმოების პოტენციალი აქვთ საფრანგეთსა და იაპონიას. საკონსულტაციო ჯგუფმა დაასახელა იმ მეცნიერ-ფიზიკოსების სახელები, ვისაც ასეთი სამუშაოების წარმოება შეეძლო. აკადემიკოსმა იოფემ კი ბერიას უთხრა:

– ლავრენტი პავლოვიჩ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე მიმდინარეობს ეს სამუშაოები.

– რატომ ფიქრობთ ასე? – იკითხა ბერიამ.

– იმიტომ, რომ ჟურნალ „დისკავერში“ უკვე ორი თვეა, რაც ბირთვულ გამოკვლევებზე ერთი სტატიაც კი არ ყოფილა. ადრე ამ თემაზე იქ წერდნენ გერმანელი ვერნერ გეიზენბერგი, ამერიკაში გაქცეული ენრიკო ფერმი, ლეო სცილარდი, ასევე, ახალგაზრდა ამერიკელი ფიზიკოსი ბობ ოპენგეიმერი... აი, რატომ ვფიქრობ ასე.

– უძვირფასესი ინფორმაციაა. ალბათ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ამის შესახებ სიტყვა არავისთან დაძრათ, – თქვა ბერიამ და მეცნიერებთან საუბარი დაასრულა.

მთელი ეს გაანალიზებული ინფორმაცია ბერიამ სტალინს მიაწოდა მას შემდეგ, რაც თავისი გერმანული და ამერიკული რეზიდენტებიდან შეიტყო, რომ ბერლინში გეიზენბერგი და ჩიკაგოში ფერმი გამალებით მუშაობდნენ ატომურ საკითხებზე და ეს ყოველივე უაღრესად გასაიდუმლოებული იყო.

პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა:

– და რას აპირებ, ლავრენტი, – ჰკითხა სტალინმა ბერიას.

– ჯერჯერობით ორ რამეს, ამხანაგო სტალინ. პირველი – უნდა გავაძლიერო ჩვენი რეზიდენტურების მუშაობა ამ კუთხით გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მეორე – მოსკოვში ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას მოვიწვევთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კონფერენციაზე ოპენგეიმერიც იმყოფებოდა. ბერიამ ოპენგეიმერთან კავშირი დაამყარებინა თავის აგენტურას, შემდეგ კი ის ამერიკული ატომური ბომბის საიდუმლოებების გადმოცემაში გამოიყენეს.“

სწორედ ბერიას პოლიტიკური რჩევა იყო საბჭოთა ატომური პროექტის გაშლა და ეს მოხდა 1939 წელს, 1 წელიწადში კი საბჭოეთი უკვე ფლობდა ამ იარაღს.

ჩემი აზრით, სწორედ მაშინ მოიპოვა ბერიამ სტალინის ნდობა პოლიტიკურ საკითხებში და იღებდა კიდეც მისგან რჩევებს.

სტალინის გარდაცვალებისთანავე კი ბერია უკვე საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად ჩაება. თუმცა ამის გაკეთება არცერთი თანამდებობით არ ეკუთვნოდა მას. უბრალოდ, ბერიას ისეთი დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა, რომ იმ სფეროში საგანგებო გადაწყვეტილებებს იღებდა. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ 1953 წლის ივნისში ბერლინში მილიონიანი საპროტესტო აქცია ჩატარდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ და რომ არა ბერია, იქ ზღვა სისხლი დაიღვრებოდა. ბერიამ მშვიდობიანად დაშალა ეს დემონსტრაცია. გერმანელებს კი გაერთიანებასა და პირობების გაუმჯობესებას შეჰპირდა. თუმცა ამის განხორციელება მას არ აცადეს და მოკლეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი