როგორ დაიბრუნა სტალინმა რუსეთის მიწები
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.09

სტალინი მიზანსწრაფული პოლიტიკოსი იყო და თავის მიზნებს ყოველთვის აღწევდა. მას ჰქონდა ყველა ის რესურსი, რაც საშუალებას აძლევდა, მიეღწია წარმატებისთვის და ეს რესურსი იყო ულევი.
იაკობ კედმი: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა საბჭოთა კავშირი 30 წელიწადი მართა და ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს და უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია, რომელსაც მთელი მსოფლიოს ქვეყნები ანგარიშს უწევდნენ და ეშინოდათ კიდეც მისი.
საბჭოთა კავშირი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიშვა. ეს სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაზე იყო დამყარებული და რუსეთს კი ყოველთვის დიდი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები ჰყავდა. დასავლეთს რუსეთი ყოველთვის უშრეტი რესურსების წყაროდ მიაჩნდა და ისე იქცეოდა, რომ რუსეთი არასდროს ყოფილიყო სერიოზული ძალა მსოფლიო პოლიტიკაში, თუმცა, ეს ყოველთვის როდი გამოსდიოდა. რუსეთს ომებში ითრევდნენ, აომებდნენ და უმეტეს შემთხვევაში ის გამარჯვებული გამოდიოდა და ტერიტორიებს იმატებდა. თუმცა, პირველმა მსოფლიო ომმა რუსეთი ძალიან დააზარალა და მან დიდი და ძალიან მდიდარი ტერიტორიები დაკარგა. დაკნინებული იყო გერმანიაც. დასავლეთი ყოველთვის რუსეთის დაქუცმაცებისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩასაგდებად იღვწოდა. ეს შესანიშნავად იცოდა სტალინმა. იცოდა ისიც, რომ სწორედ მას მოუწევდა ამ გამოცდის გავლა და საგულდაგულოდ ემზადებოდა ამისთვის.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ჯერ კიდევ ოციან წლებში მეუბნებოდა სტალინი – დასავლეთი გერმანიას დაგვაჯახებს და ამისთვის აქედანვე დავიწყოთ მომზადებაო. სტალინი საუცხოოდ ერკვეოდა მსოფლიო გეოპოლიტიკაში და მისი მოტყუება შეუძლებელი იყო. სტალინი უკიდურესად უკმაყოფილო იყო პირველი მსოფლიო ომის შედეგებით და ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს დანაკარგი დროებითი იყო და რუსეთს ტერიტორიები აუცილებლად დაუბრუნდებოდა, თანაც მატებით.“
მოლოტოვი შესაძლოა, ბევრ რამეს მალავს სტალინთან საუბრებიდან, დუმს დიდი ბელადის აზრებზე ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ დამტკიცებული ფაქტია, რომ სტალინი სამხედრო ძალით აპირებდა ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა დააკარგვინა რუსეთს და მეორე მსოფლიო ომი რომ არ დახმარებოდა ამაში, სტალინი აუცილებლად თავად შეიჭრებოდა ამ ტერიტორიებზე.
1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე გეოპოლიტიკური საკითხები წყდებოდა. საქმე ეხებოდა ევროპის გათავისუფლებული ქვეყნების საკითხს. მართალია, ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული და ბერლინი აღებული, მაგრამ ყველაფერი ნათელი იყო. განსაკუთრებით ჭირვეულობდა ბრიტანელი პრემიერი. უინსტონ ჩერჩილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ წითელ არმიას დაეტოვებინა გათავისუფლებული ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიები და იქ ადგილობრივი არმიები ჩამდგარიყვნენ, რაც გამორიცხული იყო. მთავარი საკითხი, რამაც დიდი განხეთქილება გამოიწვია, პოლონეთის საკითხი იყო. შუა კონფერენციის მსვლელობისას სტალინმა დარბაზში შუქი ჩააქრობინა და ჭერზე მიმაგრებული ორი ეკრანი ჩამოაშვებინა. შემდგომ ორივე ეკრანზე ფერადი დიაგრამები, რუკები გამოისახა. ეს იყო ევროპის რუკები. ერთზე ნახევრად გაწითლებული ევროპა იყო გამოსახული. პროსაბჭოთა სახელმწიფოები წითელ ფერში იყო მოხაზული. მეორე რუკაზე კი უკვე მთელი ევროპა წითლად იყო გაფერადებული, დიდი ბრიტანეთი კი – ალყაში მოქცეული სამხედრო ბაზებით იყო გამოსახული. ამან ჩერჩილზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. დიაგრამაზე გამოსახული იყო დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. ჩანდა, რომ მისი ქვეყნის საერთო სიძლიერე ვერც კი უტოლდებოდა წითელი არმიისას, რომელიც ომში ისე გამოიბრძმედა, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ჩვენება რომ დასრულდა და დარბაზში შუქი აანთეს, სტალინმა მშვიდად გააბოლა ჩიბუხი და ირგვლივ მყოფების გასაგონად თქვა: წითელ არმიას დღესდღეობით ისეთი ამოცანების გადაწყვეტა ძალუძს, რაც არ შეუძლია ანგლო-ამერიკელების ერთობლივ ძალებს, ფაშისტურ არმიებთან ერთად. ამიტომ, ვფიქრობ, სადავო არ უნდა იყოს ის გავლენის სფერო, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ მოგვიწიოს ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტაო.
სტალინის სიტყვა ერთგვარი დამატება იყო ამ „კინოჩვენების“. რა თქმა უნდა, დასავლეთს არ სურდა მთელი ევროპის გაწითლება. მით უმეტეს, ომით. ამიტომ ეს პრობლემა გადაწყდა და საკითხი ისე მოგვარდა, როგორც ამას სტალინი მოითხოვდა. საბჭოთა ბელადმა თავისი სიტყვა შეასრულა და რუსეთის იმპერია მანამდე არნახულ საზღვრებამდე გააფართოვა და ისეთი ძლევამოსილი გახადა, როგორიც არც მანამდე ყოფილა და არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
სტალინმა შესანიშნავად იცოდა დასავლეთის ყველა აზრი და მისწრაფება რუსეთის მიმართ. იცოდა, რომ რუსეთი მათ სჭირდებოდათ, როგორც რესურსების უშრეტი წყარო და არა როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი. და სტალინმა დასავლეთის ეს ცრუ წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა და რუსეთი არა მარტო პარტნიორად, არამედ ნომერ პირველ პოლიტიკურ მოთამაშედ ცნეს და ანგარიშს უწევდნენ ყველგან და ყველაფერში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სტალინი ცოცხალი იყო. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სტალინს რუსეთისთვის იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე რუსეთის ყველა მმართველს ერთად აღებულს. უინსტონ ჩერჩილი წერდა: „სტალინის მიერ შექმნილი სახელმწიფოთი ერთდროულად აღფრთოვანებულიც ვარ და შეშინებულიც“. ეს სიტყვები ეხებოდა როგორც თავად სახელმწიფოს, ასევე მის შემქმნელს, იოსებ სტალინსაც. იმავე ჩერჩილმა ტყუილად როდი თქვა: სტალინმა სახნისიანი ქვეყანა ჩაიბარა და თერმობირთვული სახელმწიფო დატოვაო.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან