ბელადები

როგორ დაეუფლა, სტალინის წყალობით, საბჭოეთი გერმანიის სამხედრო ტექნოლოგიებს

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.12

სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი ძალიან დიდი პრაქტიკოსი იყო. თავისი პოლიტიკის განხორციელებისას საბჭოთა ბელადი ყოველთვის ცდილობდა, ქვეყნისთვის რეალური სარგებელი მიეღო და შესანიშნავადაც გამოსდიოდა ეს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიას აეკრძალა, 100 ათასზე მეტი მეომრით შედგენილი არმია ჰყოლოდა. მას მხოლოდ მსუბუქი იარაღის წარმოება ჰქონდა ნებადართული. ტანკების, თვითმფრინავებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გამოშვებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ამით გერმანიას, ფაქტობრივად, მოესპო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და გაუუქმდა სუვერენიტეტი. თუმცა, გერმანელებმა ეშმაკობა იხმარეს და მთელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი რუსეთში გადაიტანეს. ეს იმ პერიოდში განხორციელდა, როდესაც ლენინი ჯერ კიდევ ცოცხალი და საღ გონებაზე იყო. ეს გერმანელებმა შესთავაზეს, მაგრამ იდეა გერმანელებს საბჭოთა კავშირიდან მიაწოდეს და ამის უკან სტალინი იდგა. მომავალმა საბჭოთა ბელადმა თითქმის ოცი წლით ადრე ივარაუდა დიდი ომი და ამ ომში საბჭოთა კავშირისა და გერმანიის „დაჯახება“. ამიტომ სტალინმა მეოცე საკუნის ოციანი წლების დასაწყისშივე ისეთი ჩახლართული კომბინაციის განხორიელება დაიწყო, რასაც მის გარდა სხვა ვერავინ მოიფიქრებდა“.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სწორედ ამიტომაც იყო სტალინი უპირობო გენიოსი, რომ მსგავსი მოვლენების არა მარტო განჭვრეტა შეეძლო, არამედ მათში ჩართვა და ზეგავლენის მოხდენა. ზოგადად, ამქვეყნად არაერთი გენიოსი, ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანია და ისინი ჩვენში განცვიფრებას იწვევენ. თუმცა, სტალინისნაირი წინასწარ განმჭვრეტი ადამიანი მე სხვა არ ვიცი. თანაც, ისეთი, რომელთაც მოვლენებზე გლობალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სტალინი შესანიშნავად იცნობდა მსოფლიო ისტორიას. სანიმუშოდ შეეძლო მოვლენების გაანალიზება და შესაშურად ფლობდა პოლიტიკის ბერკეტებს. აქედან გამომდინარე, სტალინი მიხვდა, რომ თუკი უფლებააღკვეთილი გერმანიის წარმოება რუსეთში არ განლაგდებოდა, მაშინ გერმანელები ამ ყველაფერს მესამე ქვეყანაში უპოვიდნენ ადგილს. ამიტომ, იმდენი მოახერხა, რომ გერმანული სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურა, დაზგა-დანადგარები და უდიდესი საინჟინრო პოტენციალი რუსეთში, შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირში, გადავიდა. პირველ რიგში, ეს ომი იმიტომ იყო კარგი ახლადშექმნილი ქვეყნისთვის, რომ მან ამით დიდი ძალისხმევის გარეშე მიიღო მოწინავე ტექნოლოგიები. თანაც, ამ ტექნოლოგიების შემქმნელებმა კი საბჭოთა საინჟინრო კადრები გამოზარდეს. დასაქმდა ასეულ ათასობით საბჭოთა ადამიანი. სტალინმა იცოდა ისიც, რომ მსოფლიო იმპერიალიზმის მესვეურები აუცილებლად შეეცდებოდნენ ევროპის ორი უძლიერესი ქვეყნის, გერმანიისა და უკვე საბჭოთა კავშირის (რუსეთი) ერთმანეთთან დატაკებას. ანუ, სტალინმა იცოდა, რომ მეორე მსოფლიო ომი გარდაუვალი იყო. და ამ ომის ორი უმთავრესი აქტიორები გერმანია და საბჭოთა კავშირი იქნებოდნენ. განა, მართლაც საოცარი არაა, რომ ეს ყველაფერი სტალინმა უკვე 1921-1922 წლებში გააანალიზა, განჭვრიტა და გრძელვადიანი მზადებაც დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გენერალური მდივანიც არ იყო, ლენინი კი ცოცხალი და საღ გონებაზე იმყოფებოდა. ამასთან, სტალინის ირგვლივ, ტროცკის მეთაურობით, უძლიერესი ოპოზიცია იყო თავმოყრილი და სტალინს ყველაფერ ამის დაძლევა მოუწია. პარალელურად კი, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაც განახორციელა და უდიდეს გამარჯვებას მიაღწია“.

ბორის სოკოლოვი: „ეს ყველაფერი ახლა, თითქმის ასი წლის შემდეგ, ჩანს (თითქმის კი არა და მას მერე ას წელიწადზე მეტი გავიდა) ასეთი მარტივი. სინამდვილეში კი, რაც სტალინმა ივარაუდა და საამისოდ შესაბამისი მზადება დაიწყო, თანაც მრავალფრონტიანი ბრძოლის პარალელურად, საღ გონებაში ნამდვილად არ ჯდება. შეთქმულების თეორიის მოყვარულთაგან მსმენია ვერსია იმის თაობაზე, რომ თითქოს იოსებ სტალინი, ეგრეთ წოდებული, „რუსული ცენტრის“ ფავორიტი იყო და რომ სწორედ ამ სცენარის დამსახურებაა სტალინთან დაკავშირებული მთავარი ამბები – სტალინის მისვლა ძალაუფლებაში, ოპოზიციის დამარცხება, ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ომში გამარჯვება. ამ, ეგრეთ წოდებულ, „რუსულ ცენტრად“ შეთქმულების თეორიების მოყვარულები მოიაზრებენ მეფის რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (იგივე „გრუ“, მხოლოდ მეფის რუსეთისაა). მათი თქმით, ნორჩი რევოლუციონერი სტალინი „გრუმ“ აღმოაჩინა, აღზარდა და ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს კარიერულ წინსვლასა და გამარჯვებებშიო... ეს მხოლოდ სიტყვებია და ამის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს. თუმცა, ეს თეორიაც სტალინის სასარგებლოდ მეტყველებს. რადგან უნიჭოსა და უპერსპექტივოს არავინ მოჰკიდებდა ხელს აღსაზრდელად და ვერც თვითონ შეძლებდა. უნდა აღინიშნოს ის, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში „წითელ არმიაში“ არაერთი მეფის არმიის ოფიცერი მსახურობდა. მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ. მარტო მარშალი შაპოშნიკოვი რომ გავიხსენოთ „წითელი არმიის“ გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე, რომელიც სტალინის უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. სხვათა შორის, შაპოშნიკოვი იყო ერთადერთი იმ საბჭოთა ადამიანთაგანი, ვისაც უფლება ჰქონდა, ყოველგვარი ნებართვისა და თხოვნის გარეშე თამბაქო მოეწია სტალინის თანდასწრებით. შეთქმულების თეორიის მოყვარულთა მტკიცებით, სწორედ შაპოშნიკოვი იყო სტალინის კურატორი „მეფის რუსეთის“ „გრუდან“.

იაკობ კედმი: „მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისისთვის გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სრული დატვირთვით მუშაობდა. საბჭოთა ინჟინრებს კი უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული მოწინავე გერმანული ტექნოლოგიები. როგორც ცნოჰილია, ხელისუფლებაში მოსულმა ჰიტლერმა ვერსალის ხელშეკრულება დაარღვია. ჯარიც გაზარდა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიც აამუშავა და საწარმოები საბჭოთა კავშირიდან უკან დააბრუნა. და სწორედ ამ ბაზაზე დაიწყო მან სამხედრო ტექნიკის გამოშვება. თუმცა, საბჭოეთი უკვე კარგად ფლობდა გერმანულ სამხედრო ტექნოლოგიებს და ამ კუთხით ჰიტლერს მომზადებული დახვდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა