ბელადები

როგორ დააფუძნა და განავითარა ბერიამ საქართველოში კურორტოლოგია

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 31.10, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას ინოვაციური ნიჭი ქართულ პატრიოტიზმზე იყო „დამყნობილი“ და რუსული შოვინიზმიდან გამომდინარე მას ტყუილად როდი დასდეს ბრალი ნაციონალიზმში, რაც საბჭოთა კავშირში მიუტევებელ ცოდვად მიიჩნეოდა. თუმცა, ბერიას ნაციონალისტობა ნამდვილად არ ყოფილა პარაზიტული და რასაც ის საქართველოში ექსპერიმენტის სახით ახორციელებდა, შემდგომ ეს მთელ ქვეყანაში (საბჭოთა კავშირში) ვრცელდებოდა. პროფესორი ზახარ ვაისმანი წერს: „ბერია ყველა თავის ინოვაციურ პროექტს, პირველ რიგში, საქართველოში ახორციელებდა და მას ექსპერიმენტს არქმევდა (მოგვიანებით ეს ეშმაკობა არაერთხელ გამოიყენა ედუარდ შევარდნაძემ). ფულს კი საკავშირო ბიუჯეტიდან იღებდა, რადგან კომუნისტებს უყვარდათ ექსპერიმენტები და საამისოდ თანხების გამოყოფა არ ენანებოდათ. ექსპერიმენტის არსი ისაა, რომ გამოიცადოს ესა თუ ის პროექტი, რომელიც ან გამოვა, ან არა... ბერიას „ექსპერიმენტები“ კი ყოველთვის წარმატებული იყო და ეს იმიტომ, რომ ლავრენტი პავლეს ძე უწვრილეს დეტალებამდე ჰქონდა ყველაფერი დამუშავებული. სტალინი, რა თქმა უნდა, ხვდებოდა ბერიას „ექსპერიმენტულ ეშმაკობას“ და მოსკოვში სამუშაოდ გადაყვანის წინ მისთვის უთქვამს – ლავრენტი, შენმა „ექსპერიმენტებმა“ საქართველო ააყვავა და იმედია, საქმეებს არც აქ ემუქრება გახმობაო. ბერიას მიერ საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სასარგებლო „ექსპერიმენტული“ პროექტი იყო სამკურნალო-საკურორტო მედიცინის ფართო განვითარება და იმ ბუნებრივი რესურსების ათვისება, რაც საქართველოს ჰქონდა. სხვათა შორის, რაც ბერიას მმართველობის პერიოდში ამ მიმართულებით შეიქმნა საქართველოში, შემდგომ წლებში მას ცოტა რამ თუ დაემატა და ერთი მხრივ, ეს ნიშანდობლივია, მეორე მხრივ კი – ძალიან სამწუხარო.

საქართველოში სამედიცინო კურორტოლოგიის დაფუძნება-განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ექიმ-ფიზიოთერაპევტ მიხეილ ზანდუკელთან. ეს ადამიანი კი წინა პლანზე, სწორედ, ლავრენტი ბერიამ გამოიყვანა. როგორც კი ბერია საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივნად დაინიშნა, მაშივე დაავალა შესაბამის სპეციალისტებს დაეწერათ დაწვრილებითი მოხსენებითი ბარათი საქართველოში არსებული ბუნებრივი სამკურნალო წყლებისა თუ სხვა საშუალებების შესახებ. ამ დოკუმენტის ავტორი, სწორედ, მიხეილ ზანდუკელი აღმოჩნდა. მას დეტალურად ჰქონდა შესწავლილი ეს სფერო, რამაც ბერიას აღფრთოვანება გამოიწვია. მან კაბინეტში მიიწვია ზანდუკელი და 6 საათის განმავლობაში ესაუბრა. შემდგომ კი უთხრა, რომ საქართველოს „საკურორტო პროექტი“ შევადგინე და მეთაურად სწორედ შენ დაგნიშნეო. როგორც კი ზანდუკელის დანიშვნა ოფიციალურად გაფორმდა, საქართველოს „ჩეკაში“ არაერთი ანონიმური წერილი შევიდა. მათში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მიხეილ ზანდუკელის ძმა, ნიკოლოზი „მენშევიკი“ იყო, „წითელ არმიას“ ებრძოდა და მიხეილი მას მხარს უჭერდაო. მიხეილ ზანდუკელის ძმა, ნიკოლოზ ზანდუკელი ქართველი პატრიოტი იყო და 1921 წელს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ყველა ანონიმური წერილი „ჩეკადან“ ბერიას მიუტანეს, რადგან ბერიას ამგვარად ჰქონდა დაყენებული საქმე. „ჩეკას“ უფროსობას „ანონიმშჩიკების“ პოვნა დაავალა. მიხეილ ზანდუკელი კი თავისთან დაიბარა, ამ საკითხზე ესაუბრა და უთხრა, რომ არაფრის შეშინებოდა და თავისუფლად ემუშავა. „ანონიმშჩიკები“ კი 13 აღმოჩნდა, მათ შორის 4 საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ვისაც ზანდუკელის ადგილის დაკავება სურდათ. ბერიამ ისინი თავისთან დაიბარა და მკაცრად გააფრთხილა, რომ „ჭკვიანად“ ყოფილიყვნენ და გაუშვა. დანარჩენი „ანონიმშჩიკი“ კი 3-3 თვით ჩასვეს ციხეში ცრუ ინფორმაციების მოწოდებისთვის და მათ 90 დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებს ასუფთავებინებდნენ. როდესაც პროექტი მზად იყო და მისი მთლიანი ღირებულება დაიანგარიშეს, აღმოჩნდა, რომ მისი განხორციელება 800 მილიონი მანეთი ჯდებოდა. ამიტომ ბერიამ კვლავ ეშმაკობას მიმართა და პროექტის განხორციელება ოთხ ეტაპად დაჰყო, რათა ეს 800 მილიონი, რაც იმ პერიოდში კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა თვალში საცემი არ ყოფილიყო. და როდესაც ბერიამ პროექტი მოსკოვში წარადგინა, პირველი ეტაპისთვის მას 200 მილიონი მანეთი გამოუყვეს. ბერიამ დანარჩენი 600 მილიონიც ასევე უპრობლემოდ მოიპოვა. ამგვარად, 1933–1938 წლებში საქართველოში აშენდა და განვითარდა თბილისისა და წყალტუბოს ბალნეოლოგიური და ახტალის ტალახით მკურნალობის კურორტები. ბორჯომ-ბაკურიანისა და აბასთუმნის კურორტები. ამასთან, იმ პერიოდისთვის თანამედროვედ კეთილმოეწყო და აღიჭურვა. დაიწყო აფხაზეთის მჟავე წყლების ათვისება და იქ რამდენიმე კურორტ-სანატორიუმი გაიხსნა. მალე ბერიამ სარეკლამოდ აბასთუმანში ჭლექით დაავადებული მაქსიმ გორკი ჩამოიყვანა. ორი კვირის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებულმა მწერალმა გაზეთ „პრავდაში“ დიდი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც ხოტბას ასხამდა საქართველოს კურორტებს. დიდი სამამულო ომის დამთავრებამდე საქართველოს კურორტებზე სამკურნალოდ საზღვარგარეთის მდიდარი მოქალაქეები ჩამოდიოდნენ. დანახარჯი 800 მილიონი, სულ რაღაც, 3 წელიწადში იქნა ამოღებული და ომის დაწყებამდე საქართველომ მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. ბერიას პროექტი მთელი დატვირთვით მუშაობდა. ომის დროს მუშაობა შენელდა, მაგრამ შემდგომ ახალი ძალით ამოქმედდა და რომ არა ბერიას ვერაგული მკვლელობა, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ გაქანებას შეიძენდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი