ბელადები

როგორ დაამონტაჟა ბერიამ კავკასიაში უახლესი „პევეო“

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინის შემდეგ ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ადამიანი იყო უზარმაზარ საბჭოთა კავშირში. ალბათ, ამიტომ ებრძოდნენ ბერიას ფარულად და სწორედ კოლექტიურმა შიშმა შეიწირა ამ არაორდინარული ადამიანის სიცოცხლე.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერია რომ ასე ვერაგულად არ მოეკლათ, საბჭოთა კავშირის, როგორც ქვეყნის ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული და ამას ექსპერტებიც ადასტურებენ, საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა, არამედ დღესდღეობით ის იქნებოდა აყვავებული, უძლიერესი დემოკრატიული სახელმწიფო. ბერიას რეფორმატორული მოღვაწეობა, სულ რაღაც, 100 დღე გაგრძელდა. შემდგომ კი ეს კაცი ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს. თანაც, მოაწყვეს ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც ბერია არ იმყოფებოდა. ან კი როგორ დაესწრებოდა სასამართლოს, როდესაც ბერია უკვე კარგა ხნის მოკლული იყო. ამ ფარსზე ბერიას უამრავი აბსურდული ბრალდება წაუყენეს. ერთ-ერთი აბსურდული ბრალდება იყო მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის დატოვება ჰაერსაწინააღმდეგო („პევეო“) დაცვის გარეშე... ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 1953 წლის იანვარში შეიქმნა უახლესი, იმ პერიოდში მხოლოდ საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში არსებული სუპერთანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ეს სისტემა ბერიას პატრონაჟით შეიქმნა. როგორც მიღებული იყო, ყველა უახლესი თავდაცვითი სისტემა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მონტაჟდებოდა. პირველი გამოშვება ამ სისტემებისა ორ ეგზემპლარად დამზადდა. ერთი, რა თქმა უნდა, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს უნდა გადასცემოდა და საამისო განკარგულება გაცემული იყო და ხელმოწერილიც. მეორე სისტემა კი, ბერიას ძალისხმევით, კავკასიას გამოეყო. მონტაჟი ერთდროულად დაიწყო როგორც მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში, ასევე თბილისსა და მთელ კავკასიაში. კავკასიის მემონტაჟეებმა ამ სისტემის მონტაჟი მოსკოვის მემონტაჟეებზე ერთი კვირით ადრე დაასრულეს. ეს იყო და ეს. არანაირ „ჩეპეს“ არ ჰქონია ადგილი. თუმცა, ბერიას სასამართლო პროცესზე ბრალმდებლებმა ეს ამბავი მოსკოვის დაცვის გარეშე დატოვებად მონათლეს... ნიშანდობლივია რიგითობის ფაქტორიც. მოსკოვი რომ ყოველთვის პირველი იყო ყველაფერში, ეს დაუწერელი კანონიც იყო და შემდგომ დაწერილიც. მაგრამ არსად ეწერა, რომ თავდაცვის საკითხებში კავკასია მეორე ან ას მეორე უნდა ყოფილიყო. ნიშანდობლივი და ხრუშჩოვის მავნებლური, სუსტი გონების მანიშნებელია ის, რომ როგორც კი ბერია მოკლეს, თბილისსა და კავკასიას მოუხსნეს უახლესი „პევეოს“ სისტემა და სანამ ისევ ძველს დაამონტაჟებდნენ, ეს რეგიონი 4 თვე დაუცველი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში „ნატოს“ სადაზვერვო თვითმფრინავები ინტენსიურად სერავდნენ თბილისისა და კავკასიის ცას. ასეთი ქმედების გამო კანონით დამნაშავის სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული. თუმცა, საყვედურიც კი არავისთვის უთქვამთ. აბა, ხრუშჩოვს ხომ არ მოსთხოვდნენ პასუხს ხრუშჩოვისვე მმართველობისას?

შეიძლება ითქვას, რომ ბერიამ თავის მშობლიურ რეგიონს შეღავათი გაუკეთა და უახლესი თავდაცვითი სისტემა, ასე ვთქვათ, რიგგარეშე დაუმონტაჟა. მაგრამ ეს განა დანაშაული იყო? დანაშაული ხრუშჩოვმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს. თუმცა, მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. რაც მართალია, მართალია, ბერია ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველოსა და კავკასიაში ყოფილიყო უმაღლესი კატეგორიის მომარაგება, დაფინანსება და დაგეგმარება. განსაკუთრებული წინსვლა საქართველომ და კავკასიამ განიცადეს იმ პერიოდში, როდესაც ბერია იმ რეგიონის მმართველი იყო. პირველ რიგში, ბერიამ ეს რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო, განვითარებულ აგრარულ ადგილად აქცია. ხოლო მოსკოვში გადასვლის მერე ბერიამ საქართველოში ინდუსტრიული სექტორიც განავითარა. სხვათა შორის, იმ პერიოდშიც და შემდგომაც, ბერიას ამ ქმედებებს მოწინააღმდეგეები ჰყავდა. თუმცა, სანამ ბერია ცოცხალი იყო, ვერავინ ბედავდა მისი პროექტების ჩაშლას, საბოტირებას. ხოლო, როდესაც ბერია უკვე აღარ იყო ცოცხალი, დიდი სურვილისა და ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოახერხეს საქართველოს ინდუსტრიის მოშლა. ბერიას ისე მყარად ჰქონდა ეს ყოველივე ჩაბეტონებული, რომ მისი მოშლა საკავშირო ინდუსტრიის პარალიზებას გამოიწვევდა... ბერიას უზარმაზარი გეგმები ჰქონდა კავკასიასთან და კონკრეტულად, საქართველოსთან დაკავშირებით. მას უნდოდა, საქართველოს შავი ზღვისპირეთი გადაექცია მსოფლიო ტურიზმის ცენტრად და ამაზე მუშაობა, ბერიას მითითებით, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, 1952 წლის შემოდგომაზე დაიწყეს. ბერიას მკვლელობის მერე, როცა მისი საიდუმლო სეიფები გახსნეს, ერთ-ერთში აღმოაჩინეს საქართველოს შავი ზღვისპირეთის ტურისტული რუკა და ნიშანდობლივია, რომ ამ რუკაზე საქართველოს ტერიტორიად იყო მონიშნული სოჭი და ტუაფსე... ანუ, ბერია აპირებდა ამ მიწების შემატებას, უფრო სწორად კი ძირძველი ქართული ტერიტორიების დაბრუნებას და საქართველოს გადაჭიმვას ნიკოფსიამდე (ტუაფსემდე).“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა