ბელადები

როგორ დაამარცხა სტალინმა ტროცკი პირველობისთვის ბრძოლაში

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.09

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვისაც ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, როგორც შინ, ასევე გარეთ. თუმცა საბჭოთა ბელადის ყველაზე დიდი მტერი შინაც და გარეთაც ლევ ბრონშტეინი იყო, რომელიც ისტორიაში ტროცკის სახელით შევიდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ტროცკი სტალინზე 55 დღით ადრე დაიბადა, ანუ ისინი ტოლები იყვნენ. თუმცა, მათი პიროვნული სიდიდე სხვა კრიტერიუმით რომ გავზომოთ, ტროცკი სტალინთან შედარებით ჯუჯა იყო. თუმცა, თავად ტროცკის ეს პირიქით მიაჩნდა. ამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა 24 წლის განმავლობაში ჰქონდათ და ეს ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული, ბრძოლებით სავსე იყო. ისინი ერმანეთს პირველად 1906 წლის 22 აპრილს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში შეხვდნენ. იქ 23 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეექვსე ყრილობა გაიმართა. ანასტას მიქოიანი ასე აღწერს ამ შეხვედრას: მე და „კობა“ (სტალინის იატაკქვეშა ფსევდონიმი) სტოკჰოლმში, ყრილობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩავედით. ჩვენ პარტიის თბილისის ორგანიზაციას წარმოვადგენდით. ილიჩს პირადად არ ვიცნობდი. სტალინი კი უკვე მაშინ ლენინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. სტალინმა მითხრა: ილიჩი უნდა გაგაცნოო და ლენინის ბინაში პირდაპირ სადგურიდან გავემართეთ. დავაკაკუნეთ. კარი ნადეჟდა კრუპსკაიამ გაგვიღო. შეგვიპატიჟა. ლენინმა რომ სტალინი დაინახა, სავარძლიდან მკვირცხლად წამოდგა. სტალინთან მივიდა, მაგრად ჩამოართვა ხელი და მე შემომხედა.

– ეს ანასტას მიქოიანია, ვლადიმირ ილიჩ, – უთხრა სტალინმა ლენინს. ამ უკანასკნელმა გამიღიმა. ხელი ჩამომართვა და ფანჯარასთან მდგომ უცნობ მამაკაცს (ის ტროცკი იყო) უთხრა:

– ლევ დავიდოვიჩ, აი, ჩვენი კავკასიელებიც ჩამოვიდნენ. უკვე სრული შემადგენლობით ვართ და შეგვიძლია, ბრძოლაში უშიშრად ჩავებათ. ბრძოლა კი ყრილობაზე სისხლისმღვრელი იქნება. გაიცანი (ლენინმა სტალინს მხარზე დაადო ხელი), ეს „კობაა“, ჩვენი ცეცხლოვანი კავკასიელი. ეს კი – ამხანაგი მიქოიანი.

ტროცკი არც კი განძრეულა. ის ელოდა, რომ ჩვენ ვეახლებოდით. მაგრამ სტალინი მაგიდასთან მივიდა, წყალი დაისხა, დალია და მკითხა, შენც ხომ არ გინდაო? რაზეც უარი ვუთხარი. ტროცკის ვაკვირდებოდი. მას „კობას“ საქციელი არ მოეწონა და ლენინს ფრანგულად რაღაც უთხრა. ილიჩმა კი ირონიით შეხედა ტროცკის და პასუხი მყისიერად დაუბრუნა. ფრანგული არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ტროცკიმ ჩვენზე რაღაც ცუდი თქვა, ლენინმა კი – კარგი. იქიდან რომ წამოვედით, სტალინმა მკითხა:

– ფრანგული არ იცი, ხომ?

– არა, – თავი გავაქნიე მე.

– ტროცკის რომ არ ვეახლე, მან ლენინს უთხრა: ეს კავკასიელები მზარეულებს უფრო ჰგვანან, ვიდრე რევოლუციონერებსო. მერე ჩემზე თქვა, – ამას რომ „კალპაკი“ დაახურო და წინსაფარი გაუკეთო, ნამდვილი მემწვადე მზარეულიაო. ლენინმა კი უპასუხა: ეს მზარეული ძალიან ცხარე კერძებს ამზადებს და მისი გაკეთებული კერძი შეიძლება, ვერც კი მოინელო. გაფრთხილდი და ნუ დაუპირისპირდები, ეს ჩვენს მოძრაობას ავნებსო.

შემდგომში ვინ რა ჭამა და მოინელა, საყოველთაოდაა ცნობილი“.

ანასტას მიქოიანის მონათხრობი უძვირფასესი ისტორიული ფაქტია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ტროცკის ამპარტავნობას, არც ისე გამჭრიახ გონებას, არაკოლეგიალურობასა და ინტრიგნობას. საბოლოო ჯამში, სწორედ ზემოჩამოთვლილმა თვისებებმა დაღუპა ლევ დავიდოვიჩი... სტოკჰოლმში ის არცერთი რევოლუციური ორგანიზაციის სახელით არ იყო ჩამოსული და საკუთარ თავს წარმოადგენდა. ამით ტროცკის იმის ხაზგასმა სურდა, რომ ერთადერთი, სხვებზე უკეთესი პიროვნება იყო და ბელადობის პრეტენზია მეექვსე ყრილობაზევე წაუყენა დელეგატებს. თუმცა, მას არავინ დაუჭირა მხარი. სტალინი კი პირიქით მოიქცა. სრულად დაუჭირა მხარი ლენინს. და როდესაც პარტია მენშევიკებად და ბოლშევიკებად გაიყო, ბოლშევიკთა რიგებში დარჩა. იმავე მიქოიანის თქმით, სტალინი ტროცკისთან პირველივე შეხვედრისთანავე მიხვდა, რომ მომავალში სწორედ ეს ადამიანი იქნებოდა მისი მთავარი მეტოქე. ამიტომ, სტალინი ტროცკის ყველა მოქმედებას აანალიზებდა, ფურცელზე გადაჰქონდა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ერთი სიტყვით, სტალინმა ტროცკის ზუსტი ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინა და დაპირისპირებისას სუსტ წერტილებში ურტყამდა. იცოდა, რომ ტროცკი მშიშარა იყო და როდესაც პეტროგრადის დაცვაზე მიდგა საქმე და ტროცკიმ ლენინს უკანდახევისკენ მოუწოდა, სტალინმა საკუთარ თავზე აიღო ეს საქმე და გაიმარჯვა კიდეც. ასეთივე გამარჯვება მოიპოვა სტალინმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიღებისას, როდესაც მასზე ტროცკის მოაწერინეს ხელი. ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებითაც სტალინმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ბოლოს კი, როდესაც ტროცკი ყველა პოსტიდან გაათავისუფლეს და ის ოთახიდან კისრისტეხით გარბოდა, სტალინმა ფრანგულად მიაძახა: ამხანაგო ბრონშტეინ, ვერ მოინელე ცხარე კერძი, ლენინმა ხომ გაგაფრთხილაო?

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...