ბელადები

როგორ დააბრუნებინა სტალინმა ძველ ბოლშევიკებს შვეიცარიის ბანკებში შენახული კაპიტალი

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.11, 2023 წელი

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა, ერთადერთმა ბოლშევიკმა მოახერხა ის, რასაც მთელი ბოლშევიკური ძველი გვარდია ვერ შეძლებდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გაუძლებდა იმ უდიდეს ცდუნებას, რის წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ და სტალინმა ეს ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენა.

სტალინის მაგინებელი საბჭოთა კავშირიდან გაქცეული, ყოფილი ფუნქციონერი აბდურაჰმან ავტორახმანოვი წერდა: იოსებ სტალინმა ლენინური გვარდიის წევრებს უზარმაზარი ფინანსები „დააყრევინა“ და ეს თანხები ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას მოახმარაო.

დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. მას მერე, რაც ძალაუფლება აიღეს ხელში, ბოლშევიკებმა მსოფლიო რევოლუციაზე ლაპარაკი არა მარტო გაააქტიურეს, არამედ ფაქტობრივ მოქმედებაზე გადავიდნენ. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აგიტაცია-პროპაგანდა ჰქონდათ გაჩაღებული, უცხოელ თანამოაზრეებს ეკონომიკურ დახმარებასაც უწევდნენ. ისინი (ბოლშევიკური მთავრობის ბირთვი) შვეიცარიის ბანკებში ასტრონომიულ თანხებს ინახავდნენ, ეგრეთ წოდებული, მსოფლიო რევოლუციის საჭიროებისთვის. მართალია, ეს თანხები, პარტიული „ობშიაკი“ (საერთო) იყო, მაგრამ კერძო პირების პირად ანგარიშებზე ირიცხებოდა. ასე რომ, ნებისმიერ პირს, ვის ანგარიშზეც ეს თანხები იდებოდა, სრულიად თავისუფლად შეეძლო ამ ფულით ესარგებლა. გამოეტანა და საკუთარი საჭიროებისთვის მოეხმარა. ეს კერძო პირები, ანუ ბოლშევიკები, საშუალო ფენის პარტიულები იყვნენ და ლენინის გვარდიის წევრებად მიიჩნეოდნენ. უმეტესი მათგანი ტროცკის ფრთას ეკუთვნოდა და აქედან გამომდინარე, მათ მფლობელობაში უდიდესი კაპიტალი იყო თავმოყრილი. ლენინის სიკვდილის შემდეგ, 20-იანი წლების მიწურულს ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, ქვეყანას ძალიან დიდი თანხები სჭირდებოდა და სტალინმა სწორედ ამ კაპიტალის უკან დაბრუნებასა და საქმეში ჩადებას მიჰყო ხელი“.

სტალინს მსოფლიო რევოლუციის გაჩაღება სისულელედ მიაჩნდა, მით უმეტეს, რუსეთის გამოყენება ფიჩხად მსოფლიო რევოლუციის ხანძარში (ტროცკის ლოზუნგი). სტალინს სულ სხვა გეგმები ჰქონდა და მან „ცალკეულად აღებულ ქვეყანაში“ (სტალინის სიტყვები) დაიწყო სოციალიზმის მშენებლობა. ამ დიდ საქმეს კი კოლოსალური თანხები სჭირდებოდა და მომავალმა ბელადმა მისი მოძიება დაიწყო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი მიზანდასახული კაცი იყო და თავისი გეგმის განხორციელებას მიზანმიმართულად, თანამიმდევრულად შეუდგა. სტალინმა დაიწყო დიდი კაპიტალის მოზიდვა და ამ მხრივ, მან ორი მიმართულებით გააჩაღა საქმიანობა: ერთი მხრივ, დიდი ფული ჩაადებინა როკფელერებსა და სხვა ამერიკელ ოლიგარქებს და ამით მათი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ გადაარჩინა ისინი. საქმე ის იყო, რომ იმ წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ეკონომიური კრიზისი იყო და ფულს ვერსად დებდნენ, რადგან დიდი ბრიტანეთი და ევროპის მოწინავე ქვეყნები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ, თავიანთ ბაზრებზე არ შეუშვეს. სტალინმა კი ისინიც ასარგებლა და თავადაც ხეირი ნახა. მეორე მხრივ, სტალინმა მოიკითხა, ეგრეთ წოდებული, მსოფლიო რევოლუციის გასაჩაღებლად გადადებული, უზარმაზარი თანხები, რომლებიც შვეიცარიის ბანკში იყო შენახული. „ჩეკას“ ჯერ კიდევ ძერჟინსკის სიცოცხლეში შედგენილი სიები ამოაღებინა, სადაც შვეიცარიის ბანკის მეანაბრე ბოლშევიკების სახელები იყო აღნიშნული და ისინი სათითაოდ დაიბარა კრემლში“.

ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ისაა, რომ ეგრეთ წოდებული, „ლენინური გვარდიის“ წევრები, რომლებსაც „მსოფლიო რევოლუციის“ ფული ანდეს, ანუ მეანაბრეების ნაწილი, საბჭოეთში არ აღმოჩნდა. ზოგიერთი მივლინებაში იმყოფებოდა, ზოგი – დასასვენებლად. ამიტომ, სტალინის ბრძანებით, მათი გამოძახება დაიწყეს. ხოლო, ვინც ჩამოსვლა არ ისურვა, სტალინმა ყველა მათგანი „ჩეკას“ ჩამოაყვანინა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. „მეანაბრეებისგან“ ბანკში შენახული ფულის ანგარიშების დასახელებას მოითხოვდნენ და მას მერე, რაც ანგარიშის ნომერს იგებდნენ, „ჩეკას“ კურიერებს გზავნიდნენ შვეიცარიაში. ასე ჩამოდიოდა ფული საბჭოეთში. „მეანაბრეთა“ ძირითადი ნაწილი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ნებაყოფლობით ასახელებდა ანგარიშს და ფულს ფული ემატებოდა. „მსოფლიო რევოლუციისთვის“ გადადებული და უკლებლივ უკან დაბრუნებული თანხის რაოდენობა მილიარდ 500 მილიონი იყო. ამდენივე რაოდენობა ჩადეს საბჭოთა აღმშენებლობაში ამერიკელმა მაგნატებმაც და სტალინმა თითოეული კაპიკი, უკლებლივ მოახმარა ინდუსტრიალიზაციას. ფულის დაბრუნების პერიოდში „ჩეკას“ მიერ იყო გადამეტებებიც, რასაც ზოგიერთი ძველი ბოლშევიკის სიცოცხლეც კი შეეწირა და ეს ყოველივე სტალინის მოწინააღმდეგეებმა სტალინის მხრიდან „ლენინური გვარდიის“ გაწყვეტად მონათლეს.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა