ბელადები

როგორ ჩაუფუშა სტალინმა ტრუმენს გეგმები

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.02

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

სტალინი უშიშარი, პრინციპული და უკომპრომისო პოლიტიკოსი იყო, თუმცა ეშმაკური მოქმედების უნარიც ჰქონდა და საჭიროებისამებრ იყენებდა კიდეც მას.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „რა თქმა უნდა, დიდი სამამულო ომი საბჭოთა ხალხმა სტალინის მეთაურობით მოიგო. ამასთანავე ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ამერიკულ დახმარებას „ლენდლიზის“ პროექტით. მაშინ ამ დახმარების რაოდენობა 11 მილიარდი დოლარი იყო (დღევანდელი კურსით – 70 მილიარდი). ეს იყო სესხი, რომელიც საბჭოთა კავშირს განუსაზღვრელ ვადაში უნდა დაებრუნებინა, რაც, ფაქტობრივად, ჩუქების ტოლფასი იყო. ასე იყვნენ შეთანხმებული პრეზიდენტი რუზველტი და სტალინი. მაგრამ რუზველტის გარდაცვალებამ, ტრუმენის გაპრეზიდენტებამ და „ცივმა ომმა“ შეთანხმება შეცვალა. ამერიკელებმა „ლენდლიზი“ პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენეს – ტრუმენმა სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა ამერიკული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამერიკის მარიონეტობის ტოლფასი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირს დაუყოვნებლივ უნდა გადაეხადა „ლენდლიზი“, ანუ მომენტალურად დაებრუნებინა 11 მილიარდი დოლარი. სტალინმა ორივე პირობაზე კატეგორიული უარი განაცხადა და რამაც ამ ორ ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.“

იდეოლოგიური თანამოაზრეების მიერ წაქეზებულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სტალინს კონგრესმენების დელეგაცია გაუგზავნა და უკვე კატეგორიულად მოსთხოვა 11 მილიარდი დოლარის გადახდა. შედარებით ზომიერი კოლეგების ფონზე განსაკუთრებით აქტიურობდა კონრესმენი მაკკარტი. მოლოტოვის თქმით, მაკკარტიმ სტალინს უთხრა: პრემიერო, რუსულ ანდაზას შეგახსენებთ – „თუ არ იცით, გასწავლით, არ მოინდომებ, გაიძულებო“. ვალს გადახდა უნდა და იძულებულს ნუ გაგვხდით, რომ თქვენი მშობლიური ერის წიაღში აღმოცენებულ დებულებას ხორცი შევასხაო.

სტალინს გაეცინა. ულვაშებზე გადაისვა ხელი და თავხედ ამერიკელ სტუმარს უთხრა:

– მეც ჩემი მშობელი ერის სიბრძნით გიპასუხებთ: „რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“.

ამ სიტყვების შემდეგ სტალინი ადგა და კონგრესმენებთან შეხვედრა უცერემონიოდ დატოვა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მაკკარტიმ ტრუმენს არა მარტო სტალინის დანაბარები გადასცა, არამედ დეტალურად აღუწერა საბჭოთა ბელადის კაბინეტში განვითარებული მოვლენები. ტრუმენი ამ ყველაფერმა გააცოფა. როგორც თავის მემუარებში ალენ დალესი წერდა (დალესი იმ დროს ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა და მაკკარტის მონათხრობს პრეზიდენტთან ერთად ისმენდა) ტრუმენი აქეთ-იქით აწყდებოდა. უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა სტალინს, ვერ მშვიდდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ტრუმენმა პრეზიდენტის საგანგებო განკარგულება გამოსცა საბჭოთა კავშირთან სახელმწიფოებრივ დონეზე სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. დალესისვე თქმით, ტრუმენს წამოუძახია: ვალუტა რომ არ შეუვათ რუსებს, გონზე მოვლენ და ან ჩვენს პირობებს დათანხმდებიან, ან თავიანთ ბელადს დაამხობენ და მისი შემცვლელი ჩვენთან ვაჭრობის აღსადგენად მუხლებზე ხოხვას დაიწყებსო.

რუსებს არც სტალინი დაუმხიათ და არც ამერიკელების მოთხოვნებს დათანხმებიან. სტალინმა, რომელიც ამერიკულ კანონებს შესანიშნავად იცნობდა, პირდაპირი კავშირი დაამყარა ამერიკელ მაგნატებთან და მათ შეღავათიანი ვაჭრობა შესთავაზა (ამ წლების ამერიკის შეერთებული შტატების კანონი ასეთ რამეს არ კრძალავდა). ბელადმა მოსკოვში საგანგებოდ მიიწვია როკფელერი, მორგანი, დიუპონი, ბუში და მათთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. ამით საბჭოთა კავშირმა 30 პროცენტით მეტი მოგება ნახა, ვიდრე სახელმწიფოსთან ვაჭრობისას იღებდა და ტრუმენის გეგმა ჩაიფუშა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული