ბელადები

როგორ ჩაუყარა სტალინმა საფუძველი „მიუმხრობელთა მოძრაობას“

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.12, 2022 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი მრავალი პოლიტიკური ინიციატივის ავტორი იყო. მას არაერთი იდეა ჰქონდა მოფიქრებული და განხორციელებული საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ზოგიერთმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა დასავლეთის მხარდაჭერა და საბჭოთა ბელადის სიცოცხლეშივე განხორციელდა, ზოგიერთი კი სტალინის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა. იყო ისეთებიც, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა ბელადის გარდაცვალების მერე გამოიყენეს და საკუთარ იდეად გამოაცხადეს. მრავალი მათგანი კი სწორედ სტალინის ხელმძღვანელობით განხორციელდა და დღემდე ქმედითია. ერთ-ერთი ასეთი იდეა იყო „მიუმხრობელი ქვეყნების“ მოძრაობა.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1961 წელს საფუძველი ჩაეყარა „მიუმხრობელი ქვეყნების“ მოძრაობას. მისი დამფუძნებლები იყვნენ: ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლარ ნერუ, ინდონეზიის მმართველი სუკანო, იუგოსლავიის მმართველი ტიტო, ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი და განის პრემიერ-მინისტრი კვამე ნკრუმა. ეს აქტი რომ განხორციელდა, სტალინი უვე 8 წლის გარდაცვლილი იყო, მაგრამ სწორედ სტალინმა ჩაუყარა მას საფუძველი. იდეაში, ეს მოძრაობა ვითომ ნეიტრალური უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი უნდა შეესუსტებინა დასავლეთის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლა საბჭოთა კავშირის მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, „გაეროში“, სადაც მნიშვნელოვან დოკუმენტებს კენჭისყრით იღებდნენ და მათი ლომის წილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული. იმ პერიოდში შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ირგებდა საერთაშორისო ჟანდარმის როლს, თუმცა, ასე თუ ისე, ემორჩილებოდა „გაეროს“ მიერ კენჭისყრით მიღებულ აქციებს. და რომ იტყვიან, სტალინმა ამ მხრივ, სწორი ნაბიჯები გადადგა და მართალია, ეს მოძრაობა მისი გარდაცვალების მერე დაფუძნდა, მაგრამ მომავალი დამფუძნებლები და მომავალი წევრები „გაეროში“ შედიოდნენ. სტალინს კი უკვე გავლენა ჰქონდა მათზე და საბჭოეთისთვის სასარგებლო სვლებსაც აკეთებინებდა“.

ძალიან საინტერესო ისტორია არსებობს სტალინისა და კვამე ნკრუმას შეხვედრის თაობაზე. ეს უკანასკნელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი იყო. მან თავი ამ ქვეყნის მუდმივ პრეზიდენტად გამოაცხადა, ფელდმარშლის წოდებაც მიანიჭეს, თუმცა 1966 წელს დაამხეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თავისი მოღვაწეობით მან დადებითი როლი შეასრულა სტალინის მიერ მოფიქრებული გეგმის განხორციელებაში.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „კვამე ნკრუმა ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი იყო. თავისი აქტიური მოღვაწეობით გამოირჩეოდა და სწორედ ამით მიიპყრო სტალინის ყურადღება. 1951 წელს, სტალინის დავალებით, ნკრუმა ფარულად ჩამოიყვანეს მოსკოვში და სტალინს კრემლში შეახვედრეს. საუბარი 4 საათს გაგრძელდა. მას მე თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავის ქვეყანაში ჩამოყალიბებული სტალინისტი დაბრუნდა. საუბრის ძირითადი თემა იყო დასავლეთის მატყუარა პოლიტიკოსების მიუმხრობლობა. სამაგიეროდ, სტალინი განელებს ფარულ დახმარებას შეჰპირდა. უსრულებდა კიდეც და 1961 წელს სწორედ ამიტომ გახდა ნკრუმა ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი სხვა 4 მმართველთან ერთად“.

ტიტო, რომელიც სტალინთან ცუდ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა და ბელადის მოკავშირეობაზე უარი თქვა, მაინც შეუერთდა ამ მოძრაობის დამფუძნებლებს. ხოლო ინდონეზიის მმართველი სუკანო, ეგვიპტის ლიდერი ნასერი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნერუ კი, თავისი განელი კოლეგის მსგავსად, სტალინის მიმართ ლოიალურები იყვნენ და სწორედ რომ, „მიუმხრობლების“ სტატუსით უჭერდნენ მხარს სტალინურ საერთაშორისო პოლიტიკას. მართალია, ისინი დახმარებასაც იღებდნენ საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ მათ უარი თქვეს ამერიკის შეერთებული შტატების ორჯერ მეტ დახმარებაზე და ამით ყველაფერია ნათქვამი. სტალინს ეს ადამიანები ისე ჰყავდა „დამუშავებული“, რომ მათ, ერთი შეხედვით, მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. სინამდვილეში კი სწორი გამოდგა სტალინის მიერ შეთავაზებული გზით სიარული, რამაც ნამდვილად გაამართლა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ნერუს, სუკანოსა და ნასერს სტალინმა უთხრა, რომ ამერიკა მათ, დახმარების სანაცვლოდ, თავისუფლებას, სუვერენიტეტს შეულახავდა. ხოლო საბჭოეთი ამას არ გაკეთებდა და ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული. სუვერენიტეტის შეზღუდვას ამ ადამიანებმა თავისუფლება და მცირე დახმარება ამჯობინეს და მოიგეს კიდეც. მაგრამ უფრო მეტად მოვიგეთ ჩვენ, რადგან ამ ქვეყნების ფაქტობრივმა მხარდაჭერამ სული მოგვათქმევინა. ამერიკასთან ჭიდილში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

სტალინი მთელი თავისი მმართველობის პერიოდში მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საბჭოეთისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შეექმნა და ეს გეგმა მისი გარდაცვალების მერეც ეფექტურად მოქმედებდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი